ისრაელის პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ოფისის დახურვას ითხოვს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ოფისის დახურვას ითხოვს

ისრაელის მთავრობის მეთაური, ბენიამინ ნეთანიაჰუ ტელეკომპნია „ალ ჯაზირას“ ოფისის დახურვას ითხოვს. პრემიერ-მინისტრი უკმაყოფილოა, თუ როგორ აშუქებდნენ აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტები ალ აქსას მეჩეთის და ტაძრის მთის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

„ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“ განაგრძობს ძალადობისკენ მოწოდებას. მე უკვე რამდენჯერმე ვთხოვე სამართალდამცველებს, დაეხურათ „ალ ჯაზირას“ ოფისი იერუსალიმში. თუ ეს არ მოხდება იურიდიულ საფუძველზე, მაშინ მე ვიმუშავებ კანონების მისაღებად, რათა „ალ ჯაზირა“ ისრაელიდან მოვაშორო“, – წერს „ფეისბუქის“ გვერდზე ისრაელის მთავრობის მეთაური.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნეთანიაჰუს „ალ ჯაზირას“ დახურვა სურს, ჯერ კიდევ ივნისში გავრცელდა. ისრაელის მედიის ცნობით, მან ამ საკითხის შესწავლა მთავრობის წევრებს დაავალა.

ყატარული ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ოფისები მანამდე დაიხურა იორდანიასა და საუდის არაბეთშიც. ამის მიზეზი არაბულ ქვეყნებსა და ყატარს შორის არსებული უთანხმოება იყო. არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი და ეგვიპტე ყატარს ტერორისტების დაფინანებასა და მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.