ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი არ ჩატარდება
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი არ ჩატარდება

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი აცხადებს, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი არ ჩატარდება.

„გავეცი განკარგულება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნოს სარჩელი კატალონიის მთავრობის სეპარატისტული გადაწყვეტილებების გაუქმების შესახებ”, – აცხადებს პრემიერი.

რახოის თქმით, კატალონიის მეთაურს, კარლეს პუდჩემონს არასდროს სურდა პრობლემის მოგავრებაზე საუბარი და ის მხოლოდ რეფერნდუმის გზას განიხილავს.

გუშინ კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისთვის აუცილებელი კანონი დაამტკიცა. მას მხარი ესპანეთის რეგიონის პარლამენტში უმრავლესობაში მყოფმა სეპარატისტულმა პარტიებმა ერთხმად დაუჭირეს.

კანონის მიხედვით, კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის საკითხზე საყოველთაო გამოკითხვა პირველ ოქტომბერს უნდა გაიმართოს. დოკუმენტი ასევე ადგენს იმ ლეგალურ ჩარჩოს, რომელშიც კატალონია იმ შემთხვევაში მოექცევა თუ პლებისციტში დამოუკიდებლობის მომხრეები გაიმარჯვებენ.

თუ კატალონიაში რეფერენდუმი შედგება და მასში ესპანეთისგან გამოყოფის მომხრეები გაიმარჯვებენ, ადგილობრივი მთავრობა პირობას დებს, რომ კატალონია 48 საათში დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდება.