​სულხან სალაძე - „სამართლიანი არჩევნების“ შემთხვევაში მთავარი საკითხი იყო, რომ დაითვალა ბათილი ბიულეტენები, ხოლო ჩვენი კანონმდებლობით ამ ბიულეტენების დათვლა არ ხდება
​სულხან სალაძე - „სამართლიანი არჩევნების“ შემთხვევაში მთავარი საკითხი იყო, რომ დაითვალა ბათილი ბიულეტენები, ხოლო ჩვენი კანონმდებლობით ამ ბიულეტენების დათვლა არ ხდება

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი სულხან სალაძე აცხადებს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ შემთხვევაში მთავარი საკითხი იყო, რომ დაითვალა ბათილი ბიულეტენები, ხოლო ჩვენი კანონმდებლობით ამ ბიულეტენების დათვლა არ ხდება.

როგორც სულხან სალაძემ აღნიშნა, აქ შეცდომა იყო თავად ალგორითმის ნაწილში, როდესაც ხდებოდა ისეთი ფორმულირება, რასაც შემდგომში უნდა დაეთვალა PTV-ის შედეგები.

„ღიად ითქვა, რომ იყო ადამიანური ფაქტორი და არანაირი ზეწოლა, ჩარევა რაიმე ფორმით. მე არც მექანიზმი მაქვს და არც საშუალება, რომ ეს გადავამოწმო და ამის იქით ვერ წავალ, თუმცა მეც მჯერა ნამდვილად, რომ ყველაზე დიდი შანსია, რომ ეს იყო ადამიანური ფაქტორი. როგორც ელენე ნიჟარაძე ამბობს, ზოგადად საუბრები, რომ ვინმე ვინმეს უსმენდა ან მიყურადებას ახორციელებდა, ამის მტკიცებულება არავის არ გააჩნია. მოცემულობა, რის გამოც ეს ითქვა, იყო ის შეცდომა, რაც მოხდა ამ PTV-ის დროს. დანარჩენი ნაწილი, რაზეც საუბრობს ოპოზიცია და მმართველი პარტია, ეს არის მათი შეფასებები. მინდა ვთქვა, PTV დღის წესრიგიდან და PTV-ის ეს ხარვეზი დღის წესრიგიდან არ ხსნის იმ უამრავ პრობლემას, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს თან ახლდა“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

მისივე თქმით, არც ოპოზიციას და არც მმართველ პარტიას არც საზეიმოდ არ აქვს საქმე და არაფრის მტკიცება არ არის დამატებით საჭირო.

„დამატებით საუბარი, რომ ახლა ვინმემ შეიძლება, გამოძიება დაიწყოს და რაღაც ბნელ ოთახში კატა ეძებოს, მით უმეტეს, როცა კატა არ არის ამ ბნელ ოთახში, არის აბსოლუტურად არასერიოზული, ისივე როგორც ოპოზიციის მხრიდან ცალსახად მტკიცება, რომ ეს შესაძლოა, ფარული მიყურადების შედეგი იყო, რომ მმართველმა პარტიამ უფრო ადრე იცოდა ხარვეზის შესახებ. ალბათ, მმართველმა პარტიამ თავად უნდა თქვას, საიდან და როგორ იცოდა ამის შესახებ“, – განაცხადა სალაძემ.

„სამართლიანმა არჩევნების“ წარმომადგენელმა დღეს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.

როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც.

ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.

დატოვე კომენტარი