​პარლამენტის წევრებს პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ოთხშაბათის ნაცვლად, სამშაბათს მოუწევთ
​პარლამენტის წევრებს პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ოთხშაბათის ნაცვლად, სამშაბათს მოუწევთ

საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ განცხადებებს დრო ოთხშაბათის პლენარული სხდომის ნაცვლად, სამშაბათს დაეთმობა.

აღნიშნულ სიახლეს პარლამენტის რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიცირება პირველი არხის ინფორმაციით, დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით, რიგგარეშე სხდომების გარდა, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის 20 წევრიდან თითოეულს განცხადებებისთვის სამი წუთი დაეთმობა.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრები განცხადებებისთვის პლენარული სხდომის დღეს, დღის წესრიგის დამტკიცებამდე, პირადად ან ელექტრონულად ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელიც სხდომის სამდივნოში დგება და სხდომის თავმჯდომარეს წარედგინება.

ცვლილებებით, პარლამენტის წევრს უფლება ექნება, განცხადებების მიმდინარეობისას განმცხადებელთა სიაში პირადად, ან ელექტრონულად ჩაეწეროს, გამომსვლელთა თანამიმდევრობა კი, განმცხადებელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით განისაზღვრება.

პარლამენტის დღეს მოქმედი რეგლამენტით, დეპუტატებს პოლიტიკური განცხადებებისთვის დრო პლენარული სხდომების ოთხშაბათს აქვთ.

პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოყოფილია 30 წუთი, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, დამატებით 30 წუთის გამოყოფა.

დატოვე კომენტარი