კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი - დაავადების სიმპტომები ხარებას, საღამოს დამეწყო
კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა გიორგი პაპავა აცხადებს, რომ განმეორებით ანალიზს ელოდება.
საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო ინტერვიუში მან გაიხსენა, თუ როგორ აღმოუჩინეს მას ახალი კორონავირუსი.
„სიმპტომატიკა დამეწყო ხარებას საღამოს. ხარება საღამოს სიცხემ ამიწია. დაახლოებით 38 -მდე მქონდა და მეორე დღეს უფრო მეტი – 39, მერყეობდა ყოველდღე. ხარების დღეს წირვა ჩავატარე, მაგრამ დისტანციურად ვართ და მაქსიმალურად კონტაქტი არ მქონია, შორს ვიდექით ყველა, მარტო მე კი არა, ყველა დისტანციურადაა. ვიცავდით, ერთმანეთს არ შევხებოდით. ხარების დღესასწაულზე მე არ მიზიარებია მრევლი. საერთოდ არ გავსულვარ არსად. ვიყავი შიგნით, როგორც კი დასრულდა მსახურება, მე წავედი.
მე არავისთან არ მქონდა კონტაქტი, საერთოდ არც აღსარებაზე გავდივარ, რაც დღის წესრიგში ეს საკითხი დადგა.
უწმინდესმა გვაკურთხა, რომ აღსარებაზე შეიზღუდეთო და მეც ესე ვცდილობდი. მხოლოდ წერილობით ვინმე რომ გადმომცემდა სტიქაროსნის მეშვეობით, ამას ვკითხულობდი ისიც იშვიათად. მეტი უშუალო კონტაქტი არ მქონია. ბოლოს ტაძარში ხარება დღეს ხომ ვიყავი, ოთხშაბათს არის ჩემი დღე მსახურების, რუსული მსახურება უწევდა იმ დღეს და იმ დღეს ვიმსახურე მე. მაგრამ ტაძარში ერთადერთი ადამიანი იდგა, ისიც ბოლოში. მონაწილეობა მსახურებაში არ მიუღია, კონტაქტი ან ვინმესთან არანაირი არ მქონია საერთოდ. მსახურება როგორც კი მორჩა, ტაძარი დავხურე წავედი. ბზობაზე ტაძარში არ ვყოფილვარ. შვიდი რიცხვის მერე გარეთ არ გავსულვარ. ზიარებით ოთხშაბათს არავინ მიზიარებია, ერთი კაცი იყო იქ“, – განაცხადა სასულიერო პირმა.
მისივე თქმით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა იქამდეც აღენიშნებოდა.
„მე საერთოდ პრობლემა მაქვს ბრონქების. ადრე გავცივდი, წლების წინ. იმის მერე სულ ბრონქები მაწუხებს. ექვს რიცხვში, ორშაბათი დღე უწევდა, ჩემი და არის ექთანი ერთერთ საავადმყოფოში. მითხრა, გადაგიღებ ბრონქებსო. ჩემმა დამ წამიყვანა, თავის საავადმყოფოში მივედით, გადამიღეს რენტგენი და ვფიქრობ, რომ იქ ხალხი დადიოდა, დერეფანში ვიჯექი, არ ვიცი, შეიძლება იქ დავინფიცირდი. ექვსში ხომ ეს მოხდა, გადავიღე რენტგენი, აღმოჩნდა რომ სუფთა მაქვს, არაფერი არ მჭირდა საერთოდ. ანალიზები კარგი იყო, არანაირი ანთების წყარო არ იყო. წამოვედი ტაძარში იმის მერე საღამოს ლოცვაზე, ხარებას დავესწარი და საღამოს უკვე ცუდად გავხდი. ვარაუდით ესე ვფიქრობ. ეს თბილისში მდებარე საავადმყოფო „თიმია“, სადაც მე ვიყავი. ხმა მომესმა, თითქოს დაინფიცირებული იყო ვიღაც და სასწრაფოდ ცხელ ხაზზე დარეკეს. მერე თითქოს თქვეს, არ დაუდასტურდაო და არ ვიცი, დადასტურდა თუ არ დადასტურდა. ჩემს დასთან მქონდა ოჯახის წევრიდან მხოლოდ კონტაქტი, ჩემები აქ არ მყავს თვეზე მეტია, სოფელში არიან.
ყველასთან ვარ შორს, არავის არ ვეკარებოდი. ტაძარში ვართ ექვსი მამაო. მე მგონი, ეს ექვსი მამაო არის თვითიზოლაციაში. როგორც კი სიცხეები მქონდა, დავრეკე, რომ ვერ მივდიოდი. ყველა გაფრთხილებული მყავდა. ჩემი და ახლა საავადმყოფოშია, დაუდასტურდა მაგასაც „კოვიდ-19“. ლუგარის ლაბორატორიაში ალბათ დამიდასტურდა, რომ მაქვს კორონავირუსი, ჩემთვის არ უთქვამთ, საიდან. მაგრამ ალბათ ლუგარიდან. ტესტი რომ გამიკეთეს, სახლში ვიყავი ნაცხი ამიღეს და წავიდნენ. მერე ღამე დამირეკეს და მითხრეს, გაქვსო. მომიყვანეს აქ, ცუდად არ ვგრძნობ თავს. ერთადერთი სიმპტომი, რაც იყო, სიცხეები მქონდა“, – აღნიშნა მან.
ამასთან, მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ გააჩნდეს ე.წ. ეკლესიის კლასტერი.
„რეალურად კონტაქტი არ მქონია. ყოველთვის შორს ვიდექი, ერთმანეთს არ ვეკარებოდით“, – აღნიშნა ინფიცირებულმა სასულიერო პირმა საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო ინტერვიუში.