​EPP-ის ფრაქციის თავმჯდომარე - ევროპას ხალხს დავუბრუნებ
​EPP-ის ფრაქციის თავმჯდომარე - ევროპას ხალხს დავუბრუნებ

ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ფრაქციის თავმჯდომარეს ევროკომისიის პრეზიდენტობა სურს. ამის შესახებ განცხადება მანფრედ ვებერმა ევროკომისიაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც თავად ამბობს, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, „ევროპაში ახალი ეპოქა“ დაიწყება.

„ხალხს სურს უკეთესი ევროპა, უფრო ამბიციური ევროპა. ამისთვის კი, პირველ რიგში, აუცილებელია ევროპის ერთიანობის შენარჩუნება. არ უნდა დავუშვათ, რომ ევროკავშირის შიგნით ამდენი უთანხმოება არსებობდეს. არ არსებობს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპა, არ არსებობს მდიდრებისა და ღარიბების ევროპა, არ არსებობს დიდი და პატარა ქვეყნების ევროპა, არსებობს მხოლოდ ერთიანი ევროკავშირი. დღეს ევროკავშირი გამოიყურება, როგორც ბიუროკრატიული და ელიტური სტრუქტურა. მსურს, ევროპა ხალხს დავუბრუნო“, – განაცხადა ვებერმა.

მანფრედ ვებერი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე კანდიდატურას ოფიციალურად 7-8 ნოემბერს, ჰელსინკიში დაგეგმილ „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე წარადგენს.

ვებერი 2014 წლიდან ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციას ხელმძღვანელობს. ის პირველია, ვინც ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებაზე პრეტენზია გამოთქვა. „ევროპის სახალხო პარტიიდან“ მის კონკურენტებს შორის განიხილებიან ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ სტუბი და „ბრექსიტის“ საკითხებზე ევროკავშირის ყოფილი მომლაპარაკებელი მიშელ ბარნიე.

დატოვე კომენტარი