საბავშვო ევროვიზია 2023-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი მეათე ნომრად გამოვიდნენ.
ანასტასია ვასაძემ, „რანინას“ მონაწილეებთან ერთად, სიმღერა Over The Sky შეასრულა.
რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზია საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 26 ნოემბერს გაიმართა.
ანასტასიასთან, ნიკოლოზთან და ოთოსთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე, ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვიდნენ.
მხატვრული ტანმოვარჯიშე ნიტა ჯამაგიძე (12 წლის) ვარჯიშობს Grand Rhythmic-ში, ლალი დოლიძის სპორტ კლუბში. არის ეროვნული ნაკრების წევრი, მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი. ასევე, 2023 წელს საქართველოს ჩემპიონი ცალკეულ საგნებში.
ბარბარე ქაჯაია (13 წლის) ნელი სალაძის აკადემიის მხატვრული ტანმოვარჯიშეა. ასევე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, საქართველოს ფედერაციის და ქალაქის მრავალგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი.
სასცენო დადგმაზე რეჟისორ ზაზა ორაშვილთან ერთად, ქორეოგრაფი გიორგი ტორიაშვილი მუშაობდა.
საკონკურსო სიმღერის Over The Sky პრემიერა პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ შედგა.