არაერთხელ ვახსენეთ 2010 წელს გამოცემული წიგნი “ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათი”. აქაც როგორც ხაიამისა თუ ჰაფეზის, “ქოროღლისა” თუ საიათნოვას, ვაგიფისა თუ მახთუმყულის პოეზიაში, კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ზეზვა მედულაშვილის ვირტუოზულმა სიტყვადქმნადობამ და ოსტატობამ. შეიძლება ითქვას, რომ ზეზვა ვერ ეტეოდა ქართულ ენაში. ენასთან შეხება მის არსებაში უჩვეულო ენერგიას აღძრავდა. ქართული ენა მისთვის ის სუბსტრატი იყო, რომელიც უეჭველად პოეზიად ქცევას ესწრაფვოდა. ჩვეულებრივი მეტყველება ზეზვასთვის არ იყო ბუნებრივი რამ, რადგან ენა თვითონ იყო მისთვის სტიქია და თავის ნამდვილ არსებას სტიქიური მძვინვარების ჟამს გამოხატავდა. სტიქიურობა კი ზეზვასთვის რიტმულ მეტყველებასთან ერთად სიტყვადქმნადობის ნიშნით იყო აღბეჭდილი. ეს გამომჟღავნდა ბაიათებშიც.

ტრიალ ველზე თივა ვთიბე,
ტვინი ვძგიბე, სიტყვა ვკიბე,
ტურფას სახლი ავუშენე,
ზედ მივადგი ოქროს კიბე.
ან კიდევ:
რო რჩეული ხარ ათასში,
მერწმუნე ცოტა-მატაში:
არ უღალატო სიმართლეს,
არ გაეხვიო ხათაში.
ან კიდევ:
ქვეყანა შემოვიარე,
გულს დარდი მწვავდა მღვიარე,
ძუნძულით მდევდა სიკვდილი,
ჩემს კვალზე ნადგომიარე.

წინამდებარე წიგნში, რომელსაც თვითონ ზეზვამ ადრევე უწოდა “აღმოსავლური მზეჭრელი”, თავმოყრილია აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნების პოეტური ნიმუშები. ამ ნიმუშებზე მე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე. ცხადია, ეს ნიმუშები სხვადასხვა დროის და ვითარების კარნახით შეიქმნა და მხოლოდ ახლაღა შეიკრიბა ერთად გამოსაცემად. ზემონახსენები საიათნოვა და აზერბაიჯანული ბაიათები ცალკე წიგნებად ადრევე გამოიცა, მაგრამ ამ კრებულშიც პოვა თავისი კუთვნილი ადგილი. მათ გარეშე “აღმოსავლური მზეჭრელი” ფერნაკლული იქნებოდა. ამ წიგნში თავმოყრილი ნიმუშებიდან ბევრი რამ გამოქვეყნებული გახლავთ, მაგრამ წიგნად კი არ იყო აკინძული. წიგნის სტრუქტურა არაერთი აკადემიური გამოცემის მსგავსია, სხვადასხვა ქვეყნების პოეზია ერთად არის თავმოყრილი და შესატყვისი მცირე წინასიტყვაც აქვს წამძღვარებული. ვფიქრობ, რომ “აღმოსავლურ მზეჭრელს” ქართულ ენაზე გამოცემულ სხვა კრებულთაგან გამოარჩევს მრავალმხრიობა, ფართო თვალსაწიერი, მხატვრული შესრულების მაღალი ხარისხი და, რა თქმა უნდა, უშუალო შეხება დედნისეულ ტექსტთან. ყოველივე ეს ერთად თავმოყრილი და ერთ მთლიანობად ქმნილი ამ წიგნის უნიკალურობის წარმომჩენია. ამავე მთლიანობას ზეზვა მედულაშვილის პიროვნება ქმნიდა, მისი ცხოვრების წესი, მისი ცოდნა და რწმენა, მისი სილაღე და სიუხვე, სიტყვადქმნადობის და უხვად გამცემლობის ნიჭი. ზეზვა მთლიანი პიროვნება იყო, სრული კაცი იყო და ეს პიროვნული განუყოფლობა აღიბეჭდა მის მდიდარ მთარგმნელობით შემოქმედებაში. წიგნს ამშვენებს საადის ზეზვასეული ერთი თარგმანი, რომელიც ასე ჟღერს:

გულო, უწყოდე მეგობარი სამი ჯურისა:
ერთი სულისა, ერთი – ენის, ერთი – პურისა,
პურის მეგობარს პურმარილით ეცი პატივი,
ენისას – ენით გაუქარვე დარდი გულისა,
ხოლო მიეცი სული შენი – სულის სანაცვლოდ,
თუკი ოდესმე მეგობარი ჰპოვო სულისა.

ამ ლექსში საუბარია იმის შესახებ, რომ ცხოვრების გზაზე ადამიანს სხვადასხვა ჯურის მეგობრები გადაეყრებიან ხოლმე. ერთნი პურის მეგობრები არიან, ანუ თანამეინახენი, რომელთაგან პურ-მარილი უნდა მიიღო და რომელთაც პურ-მარილითვე უნდა გაუმასპინძლდე. მეორენი ენის მეგობრები არიან, ანუ სიტყვის ოსტატნი, რომლებთანაც ენის ფლობა აკავშირებს კაცს, ხოლო მესამენი კი სულით მონათესავე ადამიანები გახლავთ. მათი პოვნა სიმცირის გამო ძალზე ძნელია, ამიტომაც თუკი როდისმე იპოვი, პურით კი არ უნდა უმასპინძლო, ან სიტყვა კი არ უნდა შეაგებო, საკუთარი გული უნდა უწილადო. ამით განუქარვებ მას მარტოობას და როცა შენც დაგეუფლება მარტოობა, თავის მხრივ, ის გიწილადებს თავის სულის ნაწილს. როგორც ჩანს, ზეზვას გულზე მოხვდა ეს ლექსი და ამიტომაც თარგმნა. პურის და ენის მეგობრები მასაც უხვად ჰყავდა, მონათესავე სულის ადამიანი კი როგორც ყველა ნიჭიერ შემოქმედს, მასაც აკლდა და მუდმივად გულგახსნილი იყო ასეთი ადამიანის მისაღებად.

კრებულში შესულ პოეტთაგან გამორჩეულია მეთვრამეტე საუკუნის თურქმენი პოეტის ნახთუმყულის ნაწარმოებები. მას აქვს სიბრძნის მქადაგებელი და პატრიოტულ-ჰეროიკული ლექსები. ეს ლექსები ფერადოვანია და მეტაფორული ენით აღბეჭდილი. იგრძნობა დიდი პოეტური შთაგონების ძალა, რომელიც წარმართავს ვრცელ ლირიკულ სურათებს:

ვაჟკაცად შობილა მტერთა მტევარი,
ქოროღლის თოხუმი, თავგამწევარი,
ვერსად მოიხელთებს ცოცხლად მდევარი,
ვაჟნი ჰყავთ ლომ-ვეფხვის დარი თურქმენთა.

სხვათა შორის, მახთუმყული და სხვა შუააზიელი პოეტები რუსულ ენაზე თარგმნა ბრწყინვალე რუსმა პოეტმა არსენი ტარკოვსკიმ. ის ჩინებულად თარგმნიდა ქართულ პოეზიასაც. თვითონ მისი ლექსები არაჩვეულებრივად გაჟღერდა მისივე ვაჟიშვილის, დიდი კინორეჟისორის ანდრეი ტარკოვსკის ცნობილ ფილმში “სარკე”. მახთუმყულის აღიარებულ ტარკოვსკისეულ თარგმანს ტოლს არ უდებს ზეზვა მედულაშვილისეული თარგმანი და ერთი უმთავრესი უპირატესობა გააჩნია მის წინაშე – ზეზვა მახთუმყულის უშუალოდ დედნიდან თარგმნის და არა პწკარედული ტექსტიდან. ამავე დროს ისიც უნდა ითქვას, რომ ზეზვა ოსტატურად იყენებს აღმოსავლური პოეზიის ქართულ ტექსტებში დამკვიდრებულ პოეტურ რეცეფციას.

გვრძნობ, სიტყვა გამიგრძელდა და აღარ მინდა თავი შევაწყინო მკითხველს. “აღმოსავლური მზეჭრელი” თითოეულმა კაცმა თვითონვე უნდა წაიკითხოს და თავადვე განსაჯოს მისი ავ-კარგი. მე მსურდა, ჩემი აზრი გამომეთქვა ამ წიგნზე და მსურს კიდევ ერთხელ მოვუბრუნდე ქართულ ენაზე ამ წიგნის შემქმნელის, ზეზვა მედულაშვილის პიროვნებას, რომლის ფასიც მისი წასვლის შემდეგ განსაკუთრებით მწვავედ შევიგრძენით.

ზეზვა მედულაშვილი როგორც ყველა ნიჭიერი შემოქმედი განწყობილების კაცი იყო. თავის დაგროვილ გამოცდილებას და შთაგონებით აღბეჭდილ განათებებს, როგორც უკვე ვთქვით, მაშინ ანდობდა და უზიარებდა კოლეგებსა თუ ამხანაგებს, როცა საამისო განწყობა ჰქონდა. ამის შესახებ უკვე ვილაპარაკე, მაგრამ მინდა ეს აზრი გავაღრმავო. ამ საუბრებში ზეზვა წარმოჩნდებოდა როგორც თავისებური ზეპირსიტყვიერი ლექსიკოგრაფი, ის ცალკეულ სიტყვებს ჩხრეკდა, მას ზეპირ, იმპროვიზაციულ საუბარში თანდათან ედებოდა შთაგონების ცეცხლი, ქართულ მდიდარ ლექსიკოგრაფიასაც გადასწვდებოდა – სულხან-საბას “სიტყვის კონას”, გოგლა ლეონიძის დიდძალ ლექსიკოგრაფიულ მასალას თუ გიორგი შატბერაშვილის “თვალადურ ჭაშნიკს”. თვითონ არასოდეს გაუწევია ლექსიკოგრაფიული თუ ლექსიკოლოგიური შრომა და ერთად არ მოუყრია თავი ხანგრძლივი ძიებით მიგნებული სიტყვებისათვის, მაგრამ მის თარგმანებში გაბნეული აურაცხელი ფრაზა თუ სიტყვა მისი მადლმოსილი ხელით არის გაჩალხული და გამოძერწილი. ეს სიტყვები ანათებენ და უკვე სამუდამოდ გაანათებენ ქართულ პოეტურ მეტყველებას. ყოველივე ამის დასტურია ეს უნიკალური წიგნიც – “აღმოსავლური მზეჭრელი”.

 

 

1 2 3