სარითმო წყვილი “ნიგარი” – “ჯიგარი” ისე თავისუფლად და ძალდაუტანებლად მოჰყვება ლექსის აზრობრივ-ევფონიურ დინებას და ასევე აზრობრივ-ემოციურად იმდენად ზუსტია, რომ მკითხველი არამარტო იჯერებს ამ ქალის სატრფიალო აღტკინებას, არამედ ერთიანად იხიბლება. სიტყვადქმნადობის ასეთი თავბრუდამხვევი მორევები გასდევს “ქოროღლის” ზეზვასეულ ქართულ თარგმანს.

ამ თხზულების პროზაული ნაწილიც მსგავსი ექსპრესიულობით და დინამიზმით არის აღბეჭდილი. აი,არაბ რეიჰანისა და ქოროღლის შერკინების სცენა: “არაბ რეიჰანმა ცხენს ნავარდი აქნევინა და ქოროღლისკენ გაექანა. ორთაბრძოლა დაიწყო. Yყველა სამოცდაჩვიდმეტი ფანდი სცადეს, მაგრამ ერთმანეთს ვერა დააკლეს-რა. გაბრაზდა ქოროღლი და ცხენიდან ჩამოხდა. შეეჭიდნენ ერთმანეთს. მიწას ხან იმისი მუხლები ხნავდა გუთანივით, ხან ამისი. ქოროღლიმ ნახა, რომ: არა, ძმაო! ეს არაბ რეიჰანიც ნაკლები ნადირი არ არის. გაბრაზდა და ისეთი კიჟინა დასცა, მთა-ბარმა ხმა მისცა. არაბ რეიჰანის ხალხი შიშისაგან ქორდაცემულ წიწილებივით დაიფანტა”.

ქოროღლი მსოფლიო ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი შედევრია. ეს ეპოსი გავრცელების თვალსაზრისით უზარმაზარ გეოგრაფიულ არეალს შემოწერს. კავკასიასა, მცირე აზიასა და შუა აზიაში “ქოროღლის” სხვადასხვა ვერსიებია შემონახული. არსებობს ამ ეპოსის თურქული, არაბული, თურქმენული, ტაჯიკური, უზბეკური, ყაზახური, სომხური, აზერბაიჯანული ვარიანტები. ყოველი ვერსია იმ ეთნოსის მხატვრული და და ცხოვრებისეული რეალიებით არის გაჯერებული, რომლის წიაღშიც იძენდა ახალ სიცოცხლეს. არსებობს ამ ეპოსის ქართული ვერსიაც. ზეზვა მედულაშვილს, ცხადია, ყველა ვერსია დედანშივე ჰქონდა გაცნობილი და ამათგან სათარგმნელად ყველაზე სრული და ძირძველი – აზერბაიჯანული – შეარჩია. ვრცელი ტექსტის მეცნიერულად დამუშავების შემდეგ მან ხელი მიჰყო ეპოსის გადმოქართულებას. მას თურმე ჯერ პოეტური ჩანართები უთარგმნია, მერე პროზაულ ნაწილს შესდგომია. ზეზვა ოცდაათი წლის ახალგაზრდა კაცი იყო, როცა ამ ურთულეს საქმეს შეეჭიდა. რამდენიმე წელიწადში გაასრულა კიდეც. ის ამ დროს უკვე ოჯახს იყო მოკიდებული და ორი ვაჟიშვილის მამა გახლდათ. როგორც მისი მეუღლე, ქალბატონი კამილა გადმოგვცემს, ამ ეპოსს ზეზვა თარგმნიდა დიდი შთაგონებით, ყოველ პოეტურ ჩანართს და პროზაულ პასაჟს ხმამაღლა კითხულობდა, აჭაშნიკებდა და აგემოვნებდა, როგორც ჩანს, თავისი შემოქმედებითი ენერგია და ლაღი დამოკიდებულება თვითონვე ასხამდა ფრთას. ეს კონგენიალური თარგმანი, სხვათა და სხვათა მიზეზთა გამო მრავალი წლის მანძილზე იყო თაროზე შემოდებული და მხოლოდ 2003 წელს ეღირსა დღის სინათლე. წიგნი გამოსცა “კავკასიური სახლის” გამომცემლობამ.

ზეზვა მედულაშვილს თავის ცხოვრების მანძილზე ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია გარჯა. ის კრებდა, ეძებდა, ქმნიდა უკვე თარგმნილი ნაწარმოებების ახალ ვარიანტებს. უამრავი აღმოსავლელი, ჩრდილო კავკასიელი პოეტი თარგმნა და კიდევ უამრავის თარგმნას ეპირებოდა. მას, როგორც ნამდვილ ფილანტროპს და ჰუმანისტს სწამდა, რომ უძველესი ფოლკლორის და სიტყვაკაზმული მწერლობის მქონე აღმოსავლელ ხალხებს შორის ცოცხალი კონტაქტები მნიშვნელოვანწილად შეუწყობდა ხელს საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ სუბიექტად ქცევას… მაგრამ ყველაფერთან ერთად ზეზვას უპირველესი საზრუნავი მისი თვითმყოფადი ხელნაწერით აღბეჭდილი თარგმანების მაღალმხატვრულობა იყო. რომელი ერთი ვთქვა, რომელ ერთს გადავწვდე, უპირველეს ყოვლისა, არ შემიძლია წინამდებარე წიგნში, “აღმოსავლურ მზეჭრელში” პირველად წარმოჩენილ გენიალური ომარ ხაიამის ზეზვასეულ თარგმანებს თუნდაც გაკვრით არ შევეხო. ოთხბწკარედში ჩატეული ხაიამისეული სიბრძნე ზეზვასთან ლაღად და ძალდაუტანებლად სუნთქავს!

წავედი, მოვრჩი, ამ ქვეყნისას ვისტუმრებ ვალებს,
ქარივით ჩავლილ ამ ცხოვრების ცოდვებს და ბრალებს,
ჩემი სიკვდილი გაუხარდეს მავანს და მავანს,
ვინც ფიქრობს, თავად გადურჩება სიკვდილის ბრჭყალებს.

ამ რობაის მხატვრულობას ერთი აზრის ენერგიული მოქნევა, თავისუფლად მოსროლილი სიტყვები და ფრაზები ქმნის. ასეთია “ცოდვებს და ბრალებს”, “მავანს და მავანს” და ასეთივეა მოკლედ მოჭრილი ფრაზის დაბოლოება: “სიკვდილის ბრჭყალებს”. არცერთი ლექსიკური ერთეული არ აფერხებს აზრის მუსიკალურ განვრცობას.

ხაიამის ზოგიერთი რობაია სიტყვათა თანამაშზე და აზრის მიმოხრაზეა აგებული. აქ პოეტი თითქოს იღიმის, თამაშ-თამაშით გვატყობინებს სიტყვებში მიმოფანტულ სიბრძნეს და მერე მოულოდნელად აბრკოლებს; ასეთ რობაიას თუ არ დაშორდი, შენს ენაში არ შემობრუნდი და მსგავს თამაშის წესებს არ მიაკვლიე, ისე ვერ თარგმნი. ზეზვა აქ ნამდვილად თავის სტიქიაში იყო და ბოლომდე ებრძოდა ენობრივ ფანტაზიას:

მძაფრი წყურვილით ხელადისა დავტუჩე ტუჩი,
რადგან ნიადაგ ნეტარება მქონოდა ყუჩი,
ხელადაც ჩამიტუჩიტუჩდა და ჩამჩურჩულა:
– ერთხელ მოსულხარ, სვი, საწუთრო არიო ფუჭი !

ოთხმოციან წლებში მაღალნიჭიერ სომეხ მწერალს ჰრანტ მათევოსიანს ერთი ანტისაბჭოთა მოთხრობის გამო ევროპაში სახელი გაუვარდა, რუსულად უკვე თარგმნილი და გამოცემული იყო და ევროპულ ენებზეც ითარგმნა. ეს ფაქტი ზეზვას, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია, მას უკვე თარგმნილი და გამოცემული ჰქონდა ამ შესანიშნავი მწერლის მოთხრობები (ჰრანტ მათევოსიანი “აგვისტო”, მოთხრობები, თბ. “საბჭოთა საქართველო” 1977) და ხელახლა მოუბრუნდა მას. მისივე სხვა თხზულებანი თარგმნა, ძველი გამოცემა შეავსო და ახლა უკვე სქელტანიანი წიგნი გამოსცა (ჰრ. მათევოსიანი, მწვანე მინდორი, თბ. “ნაკადული” 1979წ.). ამ წიგნის გამოსვლა ნამდვილი მოვლენა იყო. მე თვითონ ვიყავი უშუალო მოწმე იმისა, თუ როგორ დაურეკა თარგმანის კოლეგიიდან სომხეთში ზეზვამ ჰრანტ მათევოსიანს და მისი წიგნის ქართული გამოცემის გამო როგორ ესაუბრა. შუამავალი ენა არ დასჭირვებია, ეს თხემით ტერფამდე ქართველი კაცი ისეთი სომხურით ესაუბრებოდა იმ ქვეყნის უპირველეს მწერალს, რომ თვითონ სომეხსაც შეშურდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზეზვა მედულაშვილი უაღრესად თავმდაბალი კაცი იყო და არასოდეს უბრძოლია რაიმე გამორჩენისათვის, პირადი კეთილდღეობისა და რეგალიებისათვის, მას მაინც მრავალი პრემია ჰქონდა მიღებული. 2004 წელს მაშინ ახლად დაარსებული “საბას” პრემიაც მიიღო. ეს პრემია იმით გახდა ცნობილი, რომ უკვე ასაკოვან, ყველაზე გამოჩენილ ქართველ მწერლებს და, ზოგადად, სიტყვის ოსტატებს ებოძათ. მათ შორის იყვნენ აღმოსავლური ენებიდან მთარგმნელები – ვახუშტი კოტეტიშვილი და ზეზვა მედულაშვილი.

ივანე მაჩაბლის პრემიასთან ერთად ზეზვას ჰქონდა ერთი უაღრესად საპატიო სიგელი, რომელსაც ერქვა “ქართული კულტურის დესპანი”. არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში ეს მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი პრემია იყო და ამ მნიშვნელობას ზეზვა მთელი არსებით გრძნობდა. მთავარი კი ის გახლდათ, რომ ის მართლაც დესპანი იყო თავისი ერისა და კულტურისა, ვინაიდან ისეთი წრფელი გულით მასპინძლობდა და ამავე დროს სტუმრობდა კიდევ ჩრდილო-კავკასიელ, ამიერკავკასიელ, შუააზიელ, პეტერბურგელ თუ მოსკოველ მწერლებს, რომ სამუდამოდ ამახსოვრებდა მათ თავს.

უპირველესი პატივისცემა იმით იყო განპირობებული, რომ მათ ენებზე თავისუფლად საუბრობდა. ამ ენების ფლობით ზეზვა არაერთი ადამიანის გაკვირვებასაც იწვევდა. მახსენდება ერთი შემთხვევა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ზეზვას ახლადგამოცემული შესანიშნავი წიგნის: “ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათის” პრეზენტაცია ეწყობოდა. აზერბაიჯანელ მწერალთა და მეცნიერთა დელეგაცია პრეზიდიუმში განთავსდა. თვითონ ზეზვა კი, – ამ წიგნის მთარგმნელი – ჯერ არსად ჩანდა. ცოტა ხანში ისიც გამოჩნდა. ეს დინჯი კაცი პრეზიდიუმისკენ მიიჩქაროდა. ეტყობოდა, რომ სიჩქარე როგორღაც უცხო იყო მისთვის, ოფიციალური შეხვედრების დიდი მოყვარული არასოდეს ყოფილა. პრეზენტაციას აკადემიის პრეზიდენტი უძღვებოდა. აზებაიჯანელები თავიანთ ენაზე გაესაუბრნენ მთარგმნელს და მოპასუხემაც მხარი აუბა შემკითხველებს. პრეზიდენტი გაკვირვებული ადევნებდა თვალს ნაუცბათევად გამართულ დიალოგს, მერე კი ზეზვას მოუბრუნდა და ჰკითხა: “შენ რომელი ფაკულტეტი დაამთავრე? ზეზვამ მაშინვე უპასუხა: “სპარსულს ვსწავლობდი, მერე არმენოლოგიას გავყევი”, – კი, მაგრამ ეს აზერბაიჯანული სადღა ისწავლე”? – ვეღარ დამალა თავის გაკვირვება პრეზიდენტმა. აქ კი ზეზვას აღარაფერი უპასუხნია, ანკი რა უნდა ეთქვა, ხომ არ ეტყოდა, კიდევ არაერთი და ორი ენა ვიციო, გაჩუმება ამჯობინა.

“ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათის” წინათქმაში ზეზვა წერდა: “განვლილი ორმოცდაათი წლის მანძილზე აზერბაიჯანელ მწერლებთან გარდა ლიტერატურული შემოქმედებითი ურთიერთობისა, ბევრ მათგანთან პირადი მეგობრობაც მაკავშირებდა. ნამდვილი, ძმური, წრფელი, სტუმარ-მასპინძლური და ამავე დროს შემოქმედებით-კოლეგიალური ურთიერთობა გვქონდა. ჩავიდოდი ბაქოში და მათი სახლი ჩემი სახლი იყო, ჩამოვიდოდნენ თბილისში – ჩემი სახლი მათი სახლი იყო. სასტუმროებშიც კი არ ვუშვებდით ერთმანეთს; ბევრი მათგანის შემოქმედება მითარგმნია ქართულად – პროზაიკოსისა თუ პოეტისა… ვადასტურებ, რომ ჩვენთვის სამწერლო – შემოქმედებით ურთიერთობებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი სწორედ ის პირადი ძმობა ყოფილა.”

აქ სრული სიმართლეა ნათქვამი. ასეთი გულღია ურთიერთობებისას ზეზვა ნამდვილად თავის სტიქიაში იყო და ასეთი ურთიერთობები ჰქონდა მას მრავალი ქვეყნის მწერლებთან, ამიტომაც იყო ჩვენთვისაც და მათთვისაც ქართული კულტურის დესპანი.

 

1 2 3