(„აღმოავლური მზეჭრელის“ წინათქმა)

ვისთვისაც ცნობილია მთარგმნელის, მწერლის, აღმოსავლეთმცოდნის, პოლიგლოტის ზეზვა მედულაშვილის სახელი, ვფიქრობ, ის ხელახლა აღმოაჩენს მას, ვინაიდან ახლა, როცა ზეზვა ჩვენთან აღარ არის, უცნაური კანონზომიერების წყალობით კიდევ უფრო თვალისმომჭრელად გამოიკვეთა მისი ელვარე, მართლაც რომ კაშკაშა ნიჭიერება და უაღრესად შთამბეჭდავი პიროვნულ-ადამიანური სახე.

ზეზვა მედულაშვილი დაიბადა 1939 წელს გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში. 1957 წელს წარჩინებით დაამთავრა არაშენდის საშუალო სკოლა და მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ირანოლოგიის განხრით. რამდენიმე ხნის შემდეგ ის გადავიდა ახლადგახსნილ არმენოლოგიის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა კიდეც როგორ არმენოლოგმა. სპარსული ენის შესწავლა არ მიუტოვებია და ამავე დროს სწავლობდა თურქულ, არაბულ, აზერბაიჯანულ და სხვა აღმოსავლურ ენებს. 1961 წელს მისი პირველი თარგმანი დაიბეჭდა ალმანახ “მეგობრობის ცისარტყელაში”. ზეზვას თარგმანები სპარსული, არაბული, სომხური, ტაჯიკური, უზბეკური, თურქმენული, თურქული, ჩეჩნური, აზერბაიჯანული, გერმანული, რუსული ენებიდან ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში. მისი რედაქტორობით გამოიცა მრავალი წიგნი. ზეზვა 1974 წლიდან მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში, სადაც საუკეთესო ქართველი მწერლები იყვნენ თავმოყრილნი. იყო პანკისისა და დმანისის საპატიო მოქალაქე. მისი თარგმანები შესრულებულია უშუალოდ დედნისეული ტექსტებიდან. ზეზვა მედულაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა 2018 წლის 30 აპრილს 78 წლის ასაკში.

ეს ბიოგრაფიული ფაქტები გარკვევით გვაჩვენებს მწერლის მოღვაწეობის უაღრესად ფართო არეალს, მაგრამ ოდნავადაც ვერ წარმოგვიჩენს ამ ნიჭიერებით გამორჩეული შემოქმედის მოუსვენარ ნატურას, მის პიროვნულ-ინდივიდუალურ სახეს. შეუძლებელია ერთ წერილში ჩაატიო მისი მრავალმხრივი ლიტერატურული მემკვიდრეობის და პიროვნული თავისებურებების ამსახველი რამდენადმე ამომწურავი განხილვა-ანალიზი. მაგრამ რადგან ამ თვითმყოფადი შემოქმედის თარგმანები სადღეისოდ უკვე ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის ოქროს ფონდს განეკუთვნება, სასურველია მოკლედ მაინც აღვწეროთ მისი შემოქმედება და პიროვნება.

უშველებელი, ძირძველი, თვალუწვდენელი და ფერუხვი აღმოსავლური სამყარო ზეზვა მედულაშვილისთვის საოცრად მიმზიდველი, სისხლხორცეულად ახლობელი იყო. მას მთელი არსებით ესმოდა ამ სამყაროში აღძრული ხმები, მისი მახვილი თვალი და ყური იჭერდა ამ სამყაროდან მომდინარე ნაირფეროვან სხივსა და ბგერას და ქართულად გარდაქმნიდა. ცოტაა იმის თქმა, რომ ზეზვას საამისოდ ყველა მონაცემი გააჩნდა. ის თვითონ იყო საკვირველი ფენომენი, პოლიგლოტი ისე გახდა, რომ აღმოსავლური ენები ბეჯითად კი არ დაისწავლა, არამედ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეითვისა. აქ მჟღავნდებოდა მისი უნივერსალური ნიჭი შემოქმედისა და ანალიტიკოსისა. სპარსული ენის სიტკბომან მასმინა მუსიკობანიო, ამბობდა თეიმურაზი და ასე იყო ზეზვასთვისაც – აღმოსავლური ენების მომნუსხველი ფონეტიკა და, ზოგადად, განუმეორებელი ჟღერადობა შთაგონებას აღუძრავდა მას. ეს შთაგონება ზეზვას არსებაში პოეტსაც აღვიძებდა და ანალიტიკოსსაც. მას შეეძლო საათობით ესაუბრა ხაიამისა თუ ჰაფეზის რობაიებში განფენილ ბგერწერულ მუსიკალობაზე, ამ საუბარს კი ნათელს ჰფენდა დედნისეული ტექსტის არტისტული დეკლამირება. გზადაგზა დეკლამატორი ზეზვა რომელიმე პოეტური ფრაზის მეტრულ სიმწყობრეს, ან ცალკეული სიტყვის სემანტიკასაც განჩხრეკდა და აქ უკვე ანალიტიკოსი იღვიძებდა მის არსებაში.

ზეზვა მედულაშვილი თვითონ იყო აღმოსავლური სამყაროს საოცარი ნატეხი, რომელიც განუმეორებელ და უწყვეტ შუქს ასხივებდა. მას უყვარდა მოყვასი და თავის ნააზრევს მოყვასს უზიარებდა. ოცდახუთი წლის იყო ზეზვა, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ თარგმანის თეორიის და პრაქტიკის კურსს გაუძღვა. დარწმუნებული ვარ მსმენელები მოიხიბლებოდნენ მისი იმპროვიზირებული საუბრით, რომელიც არაფრით ემგვანებოდა ჩვეულებრივ სალექციო კურსს. ზეზვას ცოცხალი კონტაქტები იზიდავდა და ზოგადად აუდიტორიას, ხალხს კი არა, პიროვნებათა კრებულს მიმართავდა. ზეზვა გამორჩეული პიროვნება იყო და თვითონაც გამოკვეთილ პიროვნებებთან ურთიერთობას ესწრაფვოდა. ის მაშინ წამოენთებოდა, როცა მსმენელშიც შენიშნავდა პოეზიისადმი ინტერესის ნაპერწკალს. ასეთ დროს თითქოს იმას ცდილობდა, ეს ნაპერწკალი კიდევ უფრო გაეღვივებინა. და სწორედ ამ გზადშეყრის შემდეგ იწყებოდა უკვე მისი ლექცია – მონოლოგი. მრავალი წლის მანძილზე ვმუშაობდი ზეზვას გვერდიგვერდ მთარგმნელობით კოლეგიაში და მის ასეთ არაერთ მონოლოგს შევსწრებივარ. ის აღმოსავლეთმცოდნეობის სფეროში ნამდვილი ერუდიტი იყო და ამავე დროს იყო შემოქმედი და არტისტული ბუნების ადამიანი. ამიტომაც მსმენელები მას მონუსხულები უსმენდნენ. მისი საუბარი დროში აღბეჭდილ ქართულ-აღმოსავლური კულტურების შეხების წერტილებს და მხატვრულ-მსოფლმხედველობრივ პარალელებს მოიცავდა, და რა შეიძლებოდა ამაზე საინტერესო ყოფილიყო. გარკვეულ პერიოდში ზეზვამ მიატოვა უნივერსიტეტი და მთარგმნელობით კოლეგიაში გადავიდა სამუშაოდ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამეცნიერო საქმიდან ის შემოქმედებით საქმიანობაზე გადაერთო, მაგრამ სწავლა არ მიუტოვებია. პროფესიონალი მთარგმნელი ერთდროულად სწავლულიც არის და შემოქმედიც, და ზეზვა მედულაშვილი ასეთი იყო. ზეზვა მარჯვედ უთავსებდა ერთმანეთს ცოდნას და შემოქმედებას. ამაზე მეტყველებს მისი არაერთი პუბლიკაცია. თუნდაც საიათნოვას სამენოვანი წიგნი გავიხსენოთ. განა შეიძლებოდა ზეზვა არ დაინტერესებულიყო ასეთი უნიკალური ფენომენით, როგორიც საიათნოვა გახლდათ? აკი მისი უფროსი კოლეგა და მეგობარი ვახუშტი კოტეტიშვილი სიყვარულით მას თანამედროვე საიათნოვას ეძახდა. ახალგაზრდობიდანვე მოკიდა ხელი საიათნოვას შესწავლას, როგორც ჩანს, წიგნის დაწერას აპირებდა. მასალების მოსაძიებლად სომხეთის და აზერბაიჯანის არქივები მოიარა და მერე, იმავე მიზნით მოსკოვის ბიბლიოთეკებს და არქივებსაც ეწვია. ცალკე მონოგრაფია აღარ დაუწერია, მაგრამ ბრწყინვალე წინათქმა კი წაუმძღვარა საიათნოვას სამენოვან წიგნს. ამავე წიგნში ცხადია, მისი ჩინებული თარგმანებიც გამოქვეყნდა სომხურიდან და აზერბაიჯანულიდან. ფაქტობრივად სრული სახით საიათნოვა ქართველი მკითხველის წინაშე ზეზვა მედულაშვილმა წარმოაჩინა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ როცა ის თავის განუყრელ აღმოსავლურ სამყაროში იძირებოდა, ცოდნა არ ასვენებდა, თავისი ორიგინალური მიგნებები არ აძლევდა მოსვენებას. არ აძლევდა მოსვენებას ის, რაც მონოგრაფიებად უნდა ქცეულიყო.

ზეზვას შთაგონების გარეშე არ შეეძლო ცხოვრება. ეს შთაგონება კი როგორც უკვე ვთქვი, ანალიტიკურიც იყო და პოეტურ-ლირიკულიც. პოეტურ-ლირიკულ ნაწილში მას სიტყვადქმნადობა იზიდავდა. ზეზვა სიტყვიერ და ფრაზეოლოგიურ ფოიერვერკებს ქმნიდა პროზაშიც და პოეზიაშიც. აი, ვთქვათ, მცირე ამონარიდი დიდებული ეპოსიდან “ქოროღლი”. შეყვარებული ხონთქარის ქალი ნიგარი შეუთვლის გმირთაგმირ ქოროღლის:

აგრემც შემოგევლე, ვაჟო ქოროღლი,
მოდი, წამიყვანე, თუ ხარ შემძლები.
მე შენი სურვილით თმენა მიმხდია
და კვლავაც ამ სურვილს ვერ გავეცლები.

შენ ხარ ჩანლიბელში მოყმე ცნობილი,
შენგან დუშმანია ლახვარსობილი,
გმირთა სარქალი ხარ, გმირთა ძმობილი,
ჩემს გულს არავისზე არ გაეცვლები.

ხონთქარის ქალი ვარ, მქვია ნიგარი,
ბევრ ხანს და ფადიშახს დავწვი ჯიგარი.
მიყვარხარ ! სადაც შენ, გულიც იქ არი,
წამიყვა, შემირთე, თავად გეძლევი.

 

1 2 3