ზაზა ბურჭულაძის ემიგრაციაში წასვლაც სწორედ ამგვარი დისტანცირების გამოვლინება მგონია. ამას მაფიქრებინებს ისიც, რომ „ტურისტის საუზმე“ უკვე ნაკლებად არის საზოგადოების გაღიზიანებისკენ მიმართული და შეიძლება ითქვას ტექსტში გარკვეული კეთილგანწყობაც კი იგრძნობა. ეს რომანი არის ქართულ საზოგადოებაზე, მის უახლეს ისტორიასა და ზოგადად, ქართველობის ფენომენზე დაკვირვების საკმაოდ კარგი მცდელობა. თავისთავად ის ეპატაჟიც, რომელსაც საქართველოში მწერლისადმი გულისწყრომა მოჰყვა, უფრო მეტად იმის გამო აღმოჩნდა ქმედითი, რომ მწერლობასთან ერთად საზოგადოებასაც გასავლელი ჰქონდა ეს ეტაპი და თანდათან მკითხველიც მიეჩვია ამას. ამგვარი ხელოვნური გამაღიზიანებლების მიმართ ინტერესი ნელ-ნელა გაქრება და ეს ბუნებრივიცაა. მწერალიც „იძულებულია“ ახალ ეტაპზე გადავიდეს და განსხვავებული გზით მოახერხოს მკითხველის საკუთარი ტექსტებით დაინტერესება. სრულიად უსუსურია ავტორი, რომლის ტექსტსაც კომფორტის ზონიდან არ გამოჰყავს თავისი მკითხველი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ზაზა ბურჭულაძის ზოგიერთ ძველ ტექსტში ეპატაჟი მეტ-ნაკლებად ხელოვნურ სახეს იღებდა და ოდნავ მოსაწყენიც გახდა, რასაც მართალია გარკვეული ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ ტექსტების ხარისხზე არც ისე დადებითად აისახებოდა. თავად რომანშიც აღნიშნავს ავტორი: თბილისისგან განსხვავებით ბერლინში საზოგადოების გაღიზიანება და თუნდაც ყურადღების მიქცევა ამ საშუალებით არც ისე მარტივი საქმეა. ნელ-ნელა, მაგრამ სწორედ ამ გზით მიდის ქართველი მკითხველი და თანდათან მისი ამ ხრიკით „შოკირება“ გაძნელდება.

„ადიბასის“ შემდეგ „ტურისტის საუზმე“ მწერლის შემოქმედებაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. რომანი, როგორც უკვე ითქვა, დღიურის ფორმითაა დაწერილი. ტექსტი ქრონოტოპული თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა: ავტორი ბერლინში ცხოვრობს და „დღიურის“ ერთი მნიშვნელოვანი ტოპოსი ბერლინია, ამის პარალელურად მოგონებებით, ასოციაციებითა და შეგრძნებებით ის თითქმის ყოველ ჯერზე თბილისს უბრუნდება, რომელიც ერთდროულად სამ დროშია წარმოდგენილი: ერთი მხრივ, თანამედროვე თბილისი თავისი პრობლემებით, ამის პარალელურად იგივე ქალაქი საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა – 90-იანი წლების პერიოდში, რომლებიც ავტორის მეხსიერებაშიღა არსებობს, თუმცაღა იმდენად მყარად, რომ იმის მიუხედვად, თუ რომელ სივრცეში იმყოფება ის, მოვლენებს მაინც იმ წარსულის გამოცდილებიდან აფასებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ორი სივრცე (ქალაქი) – ბერლინი და თბილისი მთელი ტექსტის განმავლობაში აშკარად ერთმანეთისაკენ მიისწრაფვის და ყოველივე ეს პირველივე გვერდებიდან გვხვდება თვალში: „რა ხანია ბერლინში ვცხოვრობ, რომელიც მუდამ ღიაა, როგორც მორიგე აფთიაქი, მაინც განცდა მაქვს, რომ თბილისში ვარ“; „თბილისში ყველაფერი ისევეა, როგორც აქ, უბრალოდ პირიქით“; „თითქმის არ მტოვებს განცდა რომ ბერლინი რაღაც აფსკია, როგორც დამცავი საფარი ლატარიის ბილეთზე თუ ბანკის პინ-კოდზე, რომელსაც თუ გადაფხეკ, მის ქვეშ თბილისს აღმოაჩენ;“ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბერლინს განსაკუთრებულობა ამ მხრივ ისაა, რომ ესაა ქალაქი, რომელსაც ორი სახე აქვს. ორად გაყოფილი ქალაქმა, რომლის ნახევარიც საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული, მეორე ნაწილი კი ევროპულ ქალაქად დარჩა ერთმანეთისგან გათიშულ, პარალელურ დრო-სივრცეში გააგრძელა განვითარება, რომელთაც ერთმანეთისგან კედელი ჰყოფდა. საბჭოთა ოკუპაცია ის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, რაც ბერლინსა და თბილისს ერთმანეთთან აახლოვებს. მართალია ბერლინი დღეს ერთიანია, მაგრამ წარსული იარების კვალი ბოლომდე არ გამქრალა, სწორედ ეს კვალი გამოიხმობს მთხრობელში წარსულის სურათებს, აბრუნებს მას მოგონებაში არსებულ თბილისში. მართალია, რომანის ტექსტში ბერლინი მთლიანად გახსნილი სივრცეა, ის მაინც ცარიელის განცდას ტოვებს, ამგვარი „დაბრუნება“ თბილისში, მთხრობელისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მას.

წიგნის გარეკანზე გამოსახულ ბორჯღალს რომანში გარდა ნაციონალური ნიშნისა, კიდევ ერთი მნიშვნელობაც აქვს. მთხრობელი ერთ-ერთ თავში თვითონვე გვიხსნის ამ სიმბოლოს მრავალგვარ მნიშვნელობასა და მის სიძველეზეც მიგვითითებს. თუმცა, ბორჯღალის მთავარ მახასიათებლად მაინც ბოლომდე გააზრების შეუძლებლობა, თავბრუსხვევა, საბოლოო ჯამში ირაციონალური ელემენტის წინ წამოწევა მიაჩნია, რითაც ის ქართულ ხასიათს კარგად ესადაგება. შემთხვევითი არ არის, რომ მთავარი გმირი რომანის ბოლო ნაწილში ამ სიმბოლოს გერმანულ სვასტიკასთანაც აკავშირებს, რომელსაც დიდი ხანია ბერლინში ვეღარსად გადავაწყდებით, თუმცა მის ანარეკლებს მთხრობელი მაინც გრძნობს: „მაინცდამაინც არც ბორჯღალების ნაკლებობას განვიცდი. ბორჯღალები რომ შემომაკლდება, ფლაქტურმზე ავდივარ ხოლმე. დიდი ხანია აქ სვასტიკები აღარ ფრიალებს, მაგრამ მათი ჩრდილი ჯერ კიდევ დგას.“

ბოლოს უნდა აღვნიშნო, რომ ზაზა ბურჭულაძის შემოქმედებაში „ტურისტის საუზმე“ ახალი ეტაპია. ავტორმა საკუთარი თავი ჯერ ყურადღების ცენტრში მოაქცია თავისი ეპატაჟური წერის მანერით თუ სატელევიზიო სკანდალური იმიჯის შექმნით, თუმცა, ამავდროულად, მარგინალ ავტორადაც იქცა – პერიფერიაზე გადაინაცვლა. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც მწერალს ეცვლება ხედვის წერტილი და უკვე ერთგვარი დისტანციიდან აღიქვამს საქართველოს და ქართულ კულტურას. ბერლინიც, ზუსტად ასევე, ერთის მხრივ ევროპის ცენტრია, მაგრამ ავტორისთვის იქ ყოფნა პერიფერიაში ყოფნასაც ნიშნავს, რაც მწერლისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს. გამოწვევების კი მას არასოდეს შეშინებია. ზაზა ბურჭულაძე, შეიძლება ითქვას, თითქმის ერთადერთი ავტორია თანამედროვე ქართველ პროზაიკოსთა შორის, რომელსაც შეუძლია შეიცვალოს და მისი ახალი ტექსტის კითხვისას მოულოდნელად სხვაგვარი ნიღბით წარსდგეს ჩვენ წინაშე.

კიდევ ერთი გამოწვევა მისთვის გერმანელი მკითხველის დაინტერესება იყო, რაც როგორც ჩანს, წარმატებით მოახერხა. სწორედ ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ წიგნი გერმანულად ითარგმნა და წელს Brücke Berlin-ის ჯილდოც მიიღო.

 

1 2