ეს ტანკაც და საერთოდაც პოეზია, იაპონური თუ ქართული თუ სხვა ერებისა, იმიტომაც არსებობს და ასხივებს, რომ ვერავითარი სქელთითება ნისლი თუ სულაც ღრუბლის ქულა უსახურ ლიბრად ვერ გადაეკრას ვერც აყვავებულ, ტოტებაყელყელავებული საკურასა და ვერც სილამაზის სხვა აფეთქებებს.
რა გაცვეთს აფეთქებული ალუბლის ტოტის ჯადოსა და ხიბლს.
მოდის ყოველ წელიწადს საკურას უნაზეს ყვავილთა თოვლით იაპონური გაზაფხული.
მოდის და თან მოაქვს თავისი განუმეორებელი ხმა.
და ეს მელოდია იტევს ყველაფერს, რაც კი ადამიანის სულიერ საუნჯეს შეადგენს:
მუსიკას – სიყვარულს,
მუსიკას – სევდას,
მუსიკას – გაფრენას.
და გეძახის, გეძახის, გეძახის სიცოცხლე მთელი თავისი ძალმოსილებით.
და შენც იქცევი ამ მელოდიადაც და იქცევი საკურას ხედაც, რათა გამოხატო შენივე სული – საკურას აყვავების უკიდეგანო სიხარულშიც და ამ ყვავილთცვენის უზომო სევდაშიც…