და ნომადი ბართაიას გამოსვლა უნდა დამშვენებულიყო ექსპრომტად შეთხზული პოეტური სტრიქონებით:

მადლობა დიდი,

ძვირფასო ირმა,

გარჯილხარ როგორ,

შენთან არს ღმერთი;

ვერ გეტყვი სხვაზე,

მე, მაგალითად,

მთელი ცხოვრება მეყოფოდა

იმათგან ერთიც.

თამარ ბარბაქაძე გაიხსენებდა შარშან დასტამბულ ორწიგნეულს – „ევროპული და აღმოსავლური მყარი სალექსო ფორმები ქართულ პოეზიაში (ისტორია. თეორია. ქრესტომათია)“ – რომელსაც, როგორც შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემას, ურედაქტორებდა ირმა რატიანი; და აღნიშნავდა, რომ ვერ შეიქმნებოდა ტანკაზე თამარ ლომიძის განზოგადებული თეორიული ნაშრომი, რომ არა „ასი უძველესი იაპონური ლექსი“.

თავყრილობაზე აღმოჩნდებოდა ვსევოლოდ ავჩენიკოვის ქალიშვილი, მწერლისა და ჟურნალისტის, რომლის წიგნიც „საკურა“ გახლდათ ირმა რატიანის სტუდენტობის ერთ-ერთი კეთილი მოსაგონარი.

გამოხატავდა სიხარულს იაპონურ სამყაროში – ბაღისმიერსა და წიგნისმიერში – მოხვედრით და მოიბოდიშებდა:

– ქართულად ვერ მოგმართავთ, რადგანაც მხოლოდ ოთხი დღეა, რაც თბილისში ვიმყოფები და ვერ მოვასწარი თქვენი ენის შესწავლა.

ხოლო ბატონის ბაღის იაპონურ ბაღში გამართვას წიგნის წარდგინებისა ყველა ერთსულოვნად რომ აღიარებდა ჩინებულ და ორიგინალურ იდეად, ზვიად კვარაცხელიას უნდა გაემჟღავნებინა ამ იდეის ავტორის ვინაობა:

მარიკა ბაკურაძე – ჟურნალისტი და ქართული წიგნის ერთი თავგამოდებული მოამაგე.

***

პერსი ბიშ შელი მხოლოდ იმას მიიჩნევდა ჭეშმარიტ მეცნიერად, ვისაც პოეტური სული ედგა. მთავარი სწორედ ეს გახლდათ – პოეტური სულით ყოფილიყო გასხივოსნებული, და ცხადია აუცილებელი არ იყო, მაინცდამაინც ლექსებიც შეეთხზა.

თუმც სხვადასხვა დროს ეგებ ლექსისკენაც წაცდენოდათ ხელი.

ნიკა აგიაშვილი საგანგებოდ ჩამოთვლიდა იმ მეცნიერებს, დიდთა თუ თვალსაჩინოთ, ლექსები რომ ეწერათ.

თამაზ ჩხენკელიც ბუნებრივად მიიჩნევდა, მკვლევარს ლექსის დაწერაც შეძლებოდა, თუ იგი ნიჭით ცხებული სპეციალისტი გახლდათ და დახვეწილი კულტურის პიროვნება. და პოეტური სულის გამოვლინებად ესახებოდა ლექსური თარგმანების გამოქვეყნება ირაკლი სურგულაძისა და რევაზ სირაძის მიერ.

და ირმა რატიანის პოეტური სულიც არამარტო „ასი უძველესი იაპონური ლექსის“ ქართული ორეულის შექმნისას გამოვლინდებოდა.

და არამარტო „იაპონური დღიურები“ აღიბეჭდებოდა ამ სულისკვეთებითა და იდუმალებით.

იგი პოეტად დარჩებოდა პირწმინდად თეორიული თემატიკის კვლევისასაც, ანტიუტოპიური ლიტერატურის შესწავლისასაც, კოლონიზაცია-დეკოლონიზაციის პრობლემატიკის აღმოჩენისასაც და ქართული მწერლობის ისტორიის გააზრებისასაც იმთავიდან ამთავამდე და მისი ადგილის განსაზღვრისასაც მსოფლიო ლიტერატურული პროცესების ფონზე.

პოეტად დარჩებოდა ყოფით რეალობაშიც – პირადი ურთიერთობებისას თუ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთელი ძალით ამოქმედებისასაც… გარშემომყოფთ ერთხელ კიდევ რომ დაუდასტურდებოდათ ის მოსაზრება, ჩვენი ქალბატონების ხელთ რომ უნდა იყოს ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა, თუკი მართლა გვსურს უკეთესი მომავალი და საქართველოს შეგრძნება სრულფასოვან სახელმწიფოდ, ყველასთვის ანგარიშგასაწევად – მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც.

არა გამორევა ქალბატონებისაც, არამედ მთლიანად მათ ხელში გადასვლა მართვა-გამგებლობისა, პოეტური სულით გასხივოსნებულების, ზოგი შეფარულად რომ გამოამჟღავნებს ამ სულისკვეთებას და ზოგიც – მკვეთრად, სასიკეთო და ნაყოფიერ კვალს რომ აღბეჭდავს ჩვენი პოეზიის მდინარებაში, „ასი უძველესი იაპონური ლექსის“ შთამბეჭდაობისა არ იყოს… და „იაპონური დღიურებისაც“… და… და… და…

***

ქენძაბურო ოე მოხიბლული რომ დარჩებოდა იასუნარი კავაბატას სანობელო სიტყვით, თავისი გამოსვლისას იმავე ტრიბუნაზე 1994 წელს, საგანგებოდ მოიხსენიებდა, თუ როგორ ლაპარაკობდა მისი წინამორბედი მწერალი იმ უნიკალურ მისტიციზმზე, რომელიც შეიმჩნევა არამარტო იაპონურ, არამედ მთელ აღმოსავლურ აზროვნებაში.

„უნიკალურში“ ოე იგულისხმებდა ძენ-ბუდიზმის ტრადიციებს, და დაუფასებდა კავაბატას, რომ XX საუკუნის ამ მწერალს გამოეყენებინა შუა საუკუნეების მონაზონთა მიერ შექმნილი პოეტური ხერხები თავისი განწყობისა და აზრის მდინარების აღსაწერად.

ბუდისტი ბერების ლექსთა უმრავლესობის თემა გახლდათ ჭეშმარიტების სიტყვიერი გამოხატვის შეუძლებლობა.

მათი აზრით: სიტყვა ნაჭუჭში ემწყვდეოდა. და მკითხველს არ უნდა ჰქონოდა იმედი, რომ სიტყვები ოდესმე გამოვიდოდნენ ლექსებიდან და ჩვენამდე მოაღწევდნენ. ძენის ამ ლექსებისა არც გაგება შეიძლებოდა და არც თანაგანცდა, თუკი როგორმე არ შეაღწევდი ნაჭუჭში გამომწყვდეულ სიტყვათა შორის, ნებაყოფლობით იტყოდი რა უარს საკუთარ მეზე.

ეს ევალებოდა მკითხველს და მითუმეტეს – ეს ევალებოდა მთარგმნელს.

და ირმა რატიანსაც უნდა შეეღწია ნაჭუჭში გამომწყვდეულ სიტყვათა შორის, მას შემდეგ, რაც უარს იტყოდა საკუთარ მეზე.

და კიდეც დააღწევდა თავს საკუთარ მეს.

და კიდეც შეაღწევდა ნაჭუჭში გამომწყვდეულ სიტყვათა შორის იმ ჭეშმარიტი სრულფასოვნების მისაღწევად, „ას უძველეს იაპონურ ლექსს“ ქართული ლიტერატურის განუყოფელ ნაწილად რომ აქცევდა.

***

მოხელთებულიყო „დიადი“ პაუზაც.

და შესაფერის ენობრივ გარსშიც გადმოღვრილიყო.

თუნდ აგერ ცურაიუკი კინო, X საუკუნეში მოღვაწე წარჩინებული საიმპერატორო კარისა, გამოჩენილი პოეტიც და პირველი პროზაიკოსიც, ხანგრძლივი განშორების შემდგომ ბავშვობის მეგობარს რომ ეწვეოდა სტუმრად, მასპინძლის შეკითხვის: როგორ შეძელი ჩემთან მოსასვლელი გზის გახსენებაო? – პასუხად მოწყვეტდა ჭიშკართან აყვავებული ქლიავის რტოს და მიართმევდა მეგობარს ამ სტრიქონებთან ერთად:

გადაიფრინეს სიყრმის წლებმა, გადაიქროლეს,

თითქოს უკვალოდ გაიყოლეს წარსულის ხიბლი,

მაგრამ ყვავილი,

უწინდებურად გადაშლილი ძველ ალაყაფთან

ნაზი სურნელით გამოქარგავს ბავშვობის ბილიკს…

თუნდ აგერ ეპისკოპოსი გიოსონი, მოწამებრივად რომ უნდა დაესრულებინა სიცოცხლე XII საუკუნეში, ლექსში რომ იხსენიებდა ომინეს წმინდა მთას იამატოს პროვინციაში, ცნობილს ალუბლის ულამაზესი ხეებით:

ადამიანებს განრიდებული,

ვსახლობ უდაბურ მარტოობაში

და არავინ მყავს ჭირისუფალი,

ოდენ ალუბლის ხე მშვენიერი,

გადმოწვდილი მაღალი მთიდან…

და თუნდაც აგერ იმპერატორის უმცროსი მრჩეველი მასაფუსა, ილუსტრაციასაც რომ შემორჩებოდა, მსახურთან ერთად როგორ შესცქეროდა საკურას ხეებს, ხოლო ცაზე მკაფიოდ მოჩანდა კუშტად შეყრილი ღრუბლები:

ტაგასაკაზე, მთის ფერდობზე ჰყვავის საკურა,

აყელყელავებს ტოტებს…

ვაითუ ნისლი, სქელთითება,

ან სულაც ღრუბლის ფუმფულა ქულა,

უსახურ ლიბრად გადაეკრას ამ სილამაზეს…

1 2 3 4 5 6 7