აქ, ამ  ღამეში  მგზავრებმა უნდა დაკარგონ გზები

და  შუქჩამქრალი, სარკოფაგივით  უტყვი სახლები’’

 

ან

,,  ბიჭი,  წადი  სახლში,

რას დაწანწალებ  ამ ექოებით სავსე  კვარტლებში,

სადაც დადიან მოწყენილი  სუტენიორები,

ჯიბეებში  ხელჩაყოფილნი და უსტვენენ  ძველ  მელოდიებს.’’

 

მართალია,    რთულია ტექსტზე ცალკეული  ციტატების  მიხედვით  სრულყოფილი  შთაბეჭდილების  შექმნა, თუმცა   ჩემი დაკვირვებით, ის რაც, ანდრო ბუაჩიძეს სხვა  პოეტებისგან  გამოარჩევს , ურბანისტული   აპოკალიფსის  შეგრძნების  განსაკუთრებული  უნარია.   მასთან ქალაქი, როგორც  ცოცხალი ორგანიზმი,    მუმიფიცურებულ  სხეულს ემსგავსება.   ქუჩებში ადამიანების  ნაცვლად ადღაბნილსახიანი  აჩრდილები დადიან ,ხოლო თბილისი  მკვდართა საუფლოს  დამსგავსებია  (,,აბრა კანკალებს, ვიტრინები თრთიან ხეებში’’, ,,ღამე სასტიკია, პირჯვრის წერით დადიან ადამიანები’’,  ,,ქუჩებში მშიერი  მგელივით მოძუნძულე სიკვდილი’’, ,, და  ღამეც ისეთივე უაზრო იყო, როგორც კატის გაფართოებული თვალები’’).

 

                                                    ***

კონვენციური  ლექსების გარდა კრებულში    დაბეჭდილია   საკმაოდ  ვრცელი, მონუმენტური  ვერლიბრები:  ,,ღამის რადიო’’   ,,წვიმა საბურთალოს პანთეონში’’, ,,ფეშენებელური რესტორანი დღის 11 საათზე’’,   ,,გადამტყდარი ლექსები’’ ,, ასე დამთავრდა მთვარის  შუქზე ბანქოს თამაში’’…  ცხადია,  მონუმენტურობას  სტრუქტურასთან ერთად   მისი   მრავალპლასტიანი  ნარატივიც  განაპირობებს.  შეიძლება  ითქვას ასეც:    ბუაჩიძისეული ვერლიბრი    რენტგენივით  ,,აშიშვლებს’’    დეფორმირებული  რეალობის  გროტესკულ   გამოვლინებებს,  მის  მუტაციურ  ბუნებას ( იხ. ,, გადამტყდარი  ლექსები’’) ,  თუმცა  რამდენიმე მათგანი  ასევე  წარმოადგენს  ერთგვარი ეგზისტენციალური  დიალოგის    სურვილს    მამის აჩრდილთან ( იხ.  ,,წვიმა  საბურთალოს   პანთეონში’’,  ,, ღამის რადიო’’). ამ შემთხვევაში,    ნარატივი  უფრო  მედიტაციურია და  შემზარავ ტონალობებს განსჯა, ფიქრი, ანალიზი,  წარსულის  რეკონსტრუქციის  მტკივნეული სურვილი ცვლის.      ხედვის რაკურსი   კი  შიგნით, საკუთარ თავშია ჩაბრუნებული:

,,  როგორ უხდება საბურთალოს  პანთეონს წვიმა,

ნუთუ არყოფნა  დაგეუფლა, ნუთუ შენ იცი,

რომ  აქ აღარ  ხარ, სადაც დგანან მრუდე  ნაძვები,

სადაც შენს ახლოს  მიწის მუშებს  და ქვის ოსტატებს

პირდაპირ მოლზე  გაუშლიათ პატარა სუფრა,

ხორხოცობენ და ჭიქებს  ცლიან თანმიყოლებით,

და  მენანები, რომ შენც აქვე, აქვე  ხარ მათთან,

ამ ტლანქ და უცხო, ამ უხიაგ, უნდო კაცებთან.’’

 

 

***

თანამედროვე  ქართული პოეზიის  გაცნობისას  მრჩება ერთი  მეტად  უცნაური  შთაბეჭდილება.  ვთქვათ, კითხულობ   ახალგაზრდა  პოეტის კონვენციურ ლექსს.    ვერსიფიკაციული  თვალსაზრისით,   აშკარად  საინტერესოა.  გრძნობ  ენას,   რიტმს, გაქვს  კონკრეტული   მიმართებებიც,  თუმცა გარკვეული  დროის შემდეგ  ეს ყოველივე     უჩინარდება, გავიწყდება.  ჩნდება კითხვა:  რატომ?

საქმე იმაშია, რომ    პოეზიის  ჭარბი ,, პროზაიზაციის’’ პროცესმა  ლირიკული  საწყისების  ქრობასაც შეუწყო ხელი, არადა  ეს  იმპულსები თანაბრად საჭიროა  როგორც კონვენციური  ლექსის, ასევე ვერლიბრის სრულფასოვანი  ფუნქციონირების შემთხვევაში, თუმცა   არიან  პოეტები, რომელთა  შემოქმედებაშიც  დღემდე ფოსფორივით ანათებს  ლირიკა.  ერთ-ერთი მათგანი სწორედ  ანდრო ბუაჩიძეა-თავისი მკაცრი ენობრივი  არსენალითა და  დაუვიწყარი  აპოკალიფსური  ხილვებით.

 

 

 

პ.ს. 

,,ღამის  ნათელის’’   ფურცვლისას აი, ასეთ  ,,უცნაურ’’  ნიშანს  გადავაწყდი.  მზერა  აშკარად  ავადმყოფურია  ( თანაც ყვითელი!).  კონტექსტუალურიც.   მომეწონა და  წერილს  დავურთე. 

აი, თურმე როგორი დაჟინებული  ცქერა  სცოდნიათ წიგნებს!

თვალს  უსწორებთ?

მე- ვერა.

 

 

 

1 2