( ანდრო  ბუაჩიძის  ლექსების კრებულზე ,,ღამის ნათელი’’) 

 

,, ადამიანი  თავისივე სხეულის ჯვარზეა  გაკრული, ოღონდ  დაბლა დახრილი თავი  დაჩხვლეტილი აქვს საკუთარი აზრის ეკლებით’’-   პოლ ვალერის  ეს   შთამბეჭდავი  ფრაზა  გამახსენდა  ანდრო ბუაჩიძის  ლექსების  საკმაოდ მოცულობითი (  სარჩევის  ჩათვლით-320  გვერდიანი)  კრებულის   გადაკითხვისას.  მისი  პოეზიის   ლირიკული სუბიექტი   გართულებული  ცნობიერების მატარებელი ინდივიდია (მტკივნეულად რომ  აღიქვამს  ფუტურო ყოფის  ფატალურ  დარტყმებს!) რომელიც, ამავდროულად,  საბჭოთა სისტემის  ნანგრევებიდან  პოსტსაბჭოთა   რეალობაში  ,,გადმოგდებული’’  მოქალაქის ერთგვარი   მიკრო  მოდელიცაა, ხოლო   თვითრეფლექსიის    არაერთი  მტკივნეული  მცდელობის    სახით  ჩვენი  ქვეყნის უახლესი წარსულის  მთელი  ტრავმული  გამოცდილების   ,,ამოკითხვა’’,  უფრო უკეთ,  ამ ტრავმების   კოშმარულ სახეებად    ვერბალიზაციის  პროცესზე  დაკვირვება  შეგვიძლია.

***

,, შემოდგომა  დიღმის მასივის ხეივანში’’   ასე  იწყება:

,, ამ  ხეივანში ავადმყოფური

სიყვითლე  არის ფოთოლთა ცვენის

და ამ ყვითელი შუქით  მობურვილ

სარეცელსა  ჰგავს ცხოვრება  ჩვენი’’.

პრაქტიკულად,  ავადმყოფური  სიყვითლე  ბუაჩიძის  მიერ    ლექსებში  არეკლილი  ემპირიული რეალობის  დომინანტური  ფერია.    სიშავის და სიყვითლის   კონტრასტული მონაცვლეობა (  იხ.   ,,სადღაც  ბუნკერში  ატირდა  კატა’’,  ,, ელნათურები’’, ,, ასე დამთავრდა  მთვარის შუქზე  ბანქოს  თამაში’’,  ,, ღამის  ქალაქი’’…) კი ქმნის    მოულოდნელობათა    უწყვეტ  ჯაჭვს,  ხილვათა  კალეიდოსკოპს.   უფრო მეტი  კონკრეტიკისთვის კი ასეთ მეტაფორას  მოვიხმობ:

ანდრო ბუაჩიძის  პოეზიის  კითხვის პროცესი  ჩაბნელებულ ქუჩაში    ხეტიალს  მაგონებს.    ,,ექოებით  სავსე  კვარტლებს’’   მხოლოდ    ელნათურების   ლიმონისფერი  (  ლამის,  ბუტაფორიული)   ნათება  სერავს.    ქალაქი  წყვდიადის  ჭაობშია  ჩაფლული, ოღონდ  ეს წყვდიადი     ჟელესებრია ანუ ხელშესახები, ლამის  მოძრავიც კი .  შენ კი  მხოლოდ   ინტუიციის და  ელნათურების   შუქთა ძაფების  ხარჯზე   ცდილობ  ნაცნობი  სადარბაზოს   საშოში  შებრუნებას,ხოლო  მთელი ამ ხეტიალის  აკუსტიკას    ქარის შემზარავი ზუზუნი და  ბუნკერში  ატირებული კატის  ხმა   შეადგენს.

 

***

,, …   რაც უფრო  ღრმად იჭრება  ლექსში სინამდვილიდან არეკლილი საგნები, სიტუაციები, ყოველდღიურობის ანტურაჟი, მით უფრო  ფართოვდება   თანამედროვე ლირიკული სუბიექტის  სამოქმედო სივრცე.’’- წერს    ოთხმოციანელთა ლირიკის  შეფასებისას   ანდრო ბუაჩიძე.   მოდი, ამ   პრიზმითაც შევხედოთ  მის  პოეზიას და   მოვხაზოთ    ძირითადი ტოპოსები. ესენია:  ვაკის სასაფლაო, საბურთალოს პანთეონი,  ქელეხი,  დაცარიელებული აგარაკი,  ყაზარმა, ფეშენებელური რესტორანი, დიღმის  მასივის  ხეივანი,  სოლოლაკი,   ბაგები,  თრიალეთის  ქედი…   არის  შემთხვევა, როცა   კონკრეტული   ბიოგრაფიული ამბები,  სიტუაციები,  ადამიანები  იჭრებიან   ლექსის   ენობრივ ქსოვილსა  და    ნარატივში  (,,ბაიანთხევი’’,  ,,  აგარაკი’’,  ,, წვიმა საბურთალოს  პანთეონში’’, ,, ღამის რადიო’’…), მაგრამ  ეს  იმას არ ნიშნავს, რომ     აღნიშნული  ტექსტები   მხოლოდ  მტკივნეული   (რთულად  მოსახელთებელი და  დასაფიქსირებელი!)  შეგრძნებების    მანიფესტაციებად  უნდა აღვიქვათ.  არა,   ანდრო ბუაჩიძისეული რეფლექსია გამორიცხავს  ,,დამიწებულ’’  კონკრეტიკას და ეგოს   შემაწუხებელ  დიქტატურას. მისი ლირიკა    მოდერნისტული ცნობიერების  მატარებელია ( ე.ი.  ევროპული პოეზიის  ორგანული ნაწილიცაა!) თანაც  ტრაგიკულია იმდენად, რამდენადაც  თავად  პოეტის  დრო-სივრცული  კონტექსტია ასეთი.

თუ კრებულს  ქრონოლოგიური  მიმდევრობით  წავიკითხავთ,   80-იანი წლების  ლექსებში   უკვე ჩანს  ტრაგიზმის  მოდულაციები და   გარკვეული   ძვრები ( ოღონდ ეს ცვლილებები   დაცლილია ყოველგვარი  პერსპექტივის ელემენტარული, თუნდაც ჩანასახოვანი, გამოვლინებისგან).   ლექსების  ციკლი  ,,საუბარი  წყვდიადში’’  ( 1992- 1998)   და  ,,ელნათურები’’ (  1998-2004)  კი პირდაპირ    ოთხმოცდაათიანი წლების  არეულობის,   დროში  გაწელილი ქაოსის,  უსასოობის,  უარაფრობის,  შიშის, უმიზნო  წანწალის, სიცარიელის ტკივილის,  საკუთარ თავთან,  ქალაქთან  და  საგნებთან  გაუცხოების  ერთ-ერთი ყველაზე    მძაფრი  ინტროსპექციაა.     მეტიც, აქ  თითქმის  ყოველი  ტექსტია  დანაღმული  კივილის და სიცარიელის ექოებით. თითქოს,  ყოველ  ლექსს    სწორედ მათი  ფარული, ქვეტექსტუალური  ვიბრაციები აკავშირებს:

 

,, ქალი, რომელიც  დაბრუნდა სახლში

და გრძნობს  გათოშილ  სხეულში  ტკივილს…

ღამე  კანკალებს და წუხილს ახშობს,

სიწყნარე დაძრწის და მწარედ კივის.’’

 

ან

,, როგორ  იბუდებს ამ ბინაში  სიცარიელე,

რაც შენ დატოვე  სამუდამოდ ეს ოთახები,

და დღის სინათლე  იატაკზე  როცა იელვებს,

სხვა რამეს ამბობს, ამ სივრციდან რაც შენ გახვედი’’

 

 

                                              ***

 

პოეზიაში  ნაკლებად  ჩახედულმა მკითხველმა   შეიძლება  ჩათვალოს, რომ ანდრო ბუაჩიძის  პოეტური  იმპულსებით  რეკონსტრუირებული, ერთი  შეხედვით მარტივი სტრუქტურის მქონე, კონვენციური  ლექსების  ნაწილი   ბანალურად  ყოფითი  სიტუაციების აღწერით ხასიათდება.  ამ  მოსაზრების  გასაბათილებლად აი, ამ ლექსის  მოხმობაც  კი კმარა:

,,შუაღამისას წამოვდექი.

შუქი არ იყო.

მთვარეგადაღვრილ  მაგიდაზე ვეძებდი  ლამპას,

და ცარიელი  ოთახები მიდასტურებდნენ

ჩემი ცხოვრების უცნაურ და უბრალო ამბავს.

სკამს  გადავაწყდი  უცაბედად

და ჩემმავე ხმაურმა  გამცრა,

ვიღაც სუნთქავდა  განათებულ კედლების მიღმა,

ცაზე ქაღალდი  შრიალებდა

დარღვეული  ღრუბლების ნაცვლად

და ვგრძნობდი  ისევ

ჩემს კედლებზე  ჩამოღვრილ იღბალს.

რა უნდა მექნა.

წამოვდექი. შუქი არ იყო.

სულის შებერვით  გავაღვივე  ჩამქრალი  ლამპა.

შორს,  წყნეთის  გზაზე   მოციმციმე ელნათურები

წყნარად  ჰყვებოდნენ სიკვდილის და სიცოცხლის ამბავს.’’

დავაკვირდეთ:  ,,უშუქობა’’, ,,სიცარიელე’’, ,,მოციმციმე ელნათურები’’ და ,,ლამპა’’ ასახავს არამარტო  კონკრეტული  ლირიკული სუბიექტის, არამედ ზოგადად, იმ პერიოდის  ყოველდღიურობის  დამთრგუნველად  ერთფეროვან ატმოსფეროს და ლამპის  ანთების    ნევროტულ  რიტუალს.   საგნები  აქ  რეალობის  ანაბეჭდები არიან, რომელთა   აგრესიული ,,სიმუნჯეც’’    კოშმარის  განცდას  კიდევ უფრო  მეტად აძლიერებს.

აქვე უნდა ვახსენოთ  ანდრო ბუაჩიძის  პოეტიკის  კიდევ ერთი  თავისებურება:    ქალაქი    მასთან   მხოლოდ   ანტურაჟის ან პერსონაჟის  ,,ფიქსირებული’’   სამოქმედო  არეალის ფუნქციით არ შემოიფარგლება, რადგან    თბილისია  მისი   პოეზიის    უხილავი პროტაგონისტიცა და ანტაგონისტიც.  სხვაგვარად,  წარმოსახვის  უმთავრესი  ,,გამღიზიანებელი’’.   ხშირია  ლექსებში   გროტესკული ხილვისმაგვარი  მომენტები ან ვთქვათ,    ნაფლეთები  ჟელესმაგვარ  წყვდიადში   მოტივტივე    თბილისის  ქვეცნობიერიდან:

 

 

 

1 2