*** *** ***
გამოვფხიზლდი და მიმოვიხედე. მარტოდმარტო ვიჯექი დიუსელდორფის ჩამობნელებულ ქუჩაზე კაფე-ბარში. არამცთუ ჩემიანები აღარ იყვნენ ჩემ სიახლოვეს, არამედ მთელი ქუჩა ცარიელი იყო. ის-ის იყო წამოდგომას ვაპირებდი, რომ ტრამვაიმ კიდევ ერთხელ ჩამოიგრიხინა ზათქით და ზრიალით მიძინებულ ქუჩაზე, ელექტრონათელი გამოსცა და მალე თვალსაც მიეფარა. წამოვდექი და წამოვედი. ვიწრო ქუჩები ისე გავიარე, რომ კაციშვილი არ შემხვედრია, მერე, როგორც იქნა, „ბისმარკშტრასეზე“ გავედი და სასტუმრო „ბისმარკს“ მივადექი. შვეიცარს ეძინა. კარგახანს ვაკაკუნე და ბოლოს ვიღაცამ კარი გამიღო. გასაღები ავიღე და ჩემი ნომრისკენ გავემართე. კარის შეღებისას ვიგრძენი, რომ არანორმალურად დაღლილი ვიყავი. დავწექი, მალე ჩამეძინა და უცნაური სიზმარი ვნახე: მე და ჩემი სამუდამოდ დაკარგული მეგობრები ორბელიანის მოედანზე სახინკლეში ერთად ვიყავით შეკრებილები. იყო ღრიანცელი, ხმაური, გადალაპარაკება, სიცილი და ხორხოცი. ჩემი წასული მეგობრები სხვადასხვა მაგიდასთან იდგნენ, სირჩებს და კათხებს იყუდებდნენ და ხორხოცობდნენ. მე მათ გაკვირვებული ვუმზერდი და ხმას ვერ ვიღებდი. მერე რომელიღაცამ ხმამაღლა წამოიძახა: „ტრამვაი, მალე ტრამვაი ჩამოივლის!“ ამის თქმა იყო და შორიახლოს ტკაცანი გაისმა, გაისმა გრგვინვა-გრიალი, ჯერ შორიახლოს გამოჩნდა გაბრწყინებული ვაგონები, მერე კი ტრამვაი მოგვიახლოვა და საზეიმო სვლით ძალიან ნელა ჩაიარა კაფე-ბარის წინ. ჩემს მეგობრებს ელექტრონათელმა გადაუარა აგზნებულ, აჟიტირებულ სახეებზე, უფრო აღაგზნო და გაასხივოსნა ისინი. მათი სახეები ტრამვაის ფანჯრებში ირეკლებოდა და მერე ქრებოდა. მე თვალნათლივ ვხედავდი თითოეული მათგანის ანარეკლს. მერე ტრამვაი წავიდა და ჩემმა მეგობრებმაც სათითაოდ დაიწყეს გასვლა ჩაბნელებული კაფე-ბარიდან. ისინი მიდიოდნენ ჩამოღამებულ სივრცეში, მიდიოდნენ და მერე თანდათან ქრებოდნენ. მეც გაოგნებულმა დავტოვე უკვე დაცარიელებული ბარი, აქა-იქ გაფანტულ სილუეტებს გავედევნე, მაგრამ ეს დევნა ამაო გამოდგა. ვისაც მივუახლოვდი, ყველა გაქრა, ბოლოს კი მეც გავჩერდი ცარიელ და სავსე მთვარით განათებულ ორბელიანის მოედანზე.