ახლა უკვე სხვები მახსენდება – ჩემი ბოჰემური მეგობრები და თანამშრომლები. რედაქციიდან გამოსულები საღამოს ჩავდივართ ორბელიანის მოედანზე, შევდივართ სახინკლეში. ყოველივე ეს ხდება ოცი თუ ოცდაათი წლის წინ. ეს ადამიანები აღარ არიან ამ ქვეყანაზე, მაგრამ ახლაც ყოველწამიერად შემოდიან ჩემში და ადგილს ინაცვლებენ ჩემს არსებაში. ჩავდივართ ორბელიანის მოედანზე კუთხის სახინკლეში. ზუსტად აქ ჩამოუხვევს ტრამვაი. წითელი ტრამვაი შემოწერს წრეს, მერე კი შემოუხვევს დგანდგარით და ზრიალით სახინკლის მაღალ მინის ტიხართან, დგანდგარებს ტიხარი, იატაკი, მთელი შენობა, ლუდის კათხებში ქაფი ირწევა, ყველანი ვზრიალებთ და ვირეკლებით ტრამვაის ფანჯრის მინებში, ტრამვაიში მსხდომნი კი სახინკლის მინის ტიხარში ირეკლებიან. ზოგჯერ მე და თენგიზი ვართ სახინკლეში, ზოგჯერ მე, ნოე და გოგი, ზოგჯერ ყველა ერთად ან სხვები, ზოგჯერ ვსხედვართ და ზოგჯერ ფეხზე ვდგავართ. აქ დასაჯდომი ადგილებიც არის და ფეხზე დასადგომიც. და როდესაც შემოუხვევს გრუხუნითა და ზრიალით ტრამვაი, ნებსით თუ უნებლიეთ მის ფანჯრებში ვიყურებით. ასე იყო, ასე არის ჩემს მახსოვრობაში, მაგრამ სად წავიდნენ ეს ადამიანები, რომლებიც დუმდნენ ან ლაპარაკობდნენ, იდგნენ ან ისხდნენ, სვამდნენ და შეზარხოშებულები იხსენებდნენ უკვე განვლილ ცხოვრებას? უკვე ოცი, ოცდაათი ან იქნებ მეტი წელიც არის გასული, რაც ისინი აღარსად შემხვედრიან, მე მათ ვიცნობდი, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ რომ ეს ნაცნობობაც სრულიად პირობითი რამ იყო, ვინაიდან რაც ისინი გაქრნენ, თითქოს ეს ნაცნობობაც მიილია. ანდა რა არის ნაცნობობა, ჩვენ ხომ შემთხვევით შევხვდით ცხოვრების რომელიღაც გზაჯვარედინზე და ასევე შემთხვევით გავიყარეთ ამავე ცხოვრების გზაგასაყარზე?
ხშირად ისე ხდებოდა, რომ მე მარტო შევდიოდი ამ ლუდხანაში. მიყვარდა წვიმაში ჯდომა და იმის მოლოდინი, თუ როგორ ჩაიგრიხინებდა ტრამვაი. გენიალური ვლადისლავ ხოდასევიჩის ლექსი მაგონდება, რომელიც თვითონვე ვთარგმნე. ეს ლექსი ხოდასევიჩმა ბერლინში დაწერა. აქ არის ემიგრაციული სიცივე და სიმარტოვე და არის ავტოპორტრეტი, რომელიც ძალზე ოსტატურად დახატა შტრიხებით პოეტმა. ხოდასევიჩი კაფე-ბარში ზის, ზამთრის სუსხიანი საღამოა, გროგს და კონიაკს წრუპავს… უეცრად ტრამვაი შემოუხვევს და კაფე-ბარის გასწვრივ ჩაიგრიხინებს. ხოდასევიჩი ტრამვაის გამოსახულებას მინის ტიხარს მიღმა ხედავს, პოეტი გარესამყაროს უზარმაზარ აქვარიუმად მოიაზრებს: ქუჩის პირას მდგარი ცაცხვები წყალში დგანან, ვაგონში მსხდომი და სხვა მოძრავი მგზავრები კი თითქოს თევზები არიან. ზოგი გახევებულია და უეცრად გასხლტება, ზოგი ნელა მოძრაობს, მთავარი კი ის არის, რომ ვაგონის ფანჯრებში კაფე-ბარში მჯდომი პოეტის მაგიდა აირეკლება და უეცრად არეკლილი მაგიდის ზემოთ ხოდასევიჩი ამჩნევს თავისივე ნაწამები სახის ანარეკლს, თავი თითქოს მოკვეთილია და ჰაერში გამოკიდული. და ეს არის სწორედ ავტოპორტრეტი – ნატანჯი, დაღლილი, საფიქრალითა და საწუხარით დაღრღნილი პოეტის თავი, რომელსაც ის ზიზღით უმზერს. ალბათ სარკეში არაერთხელ ამოზიდულა ხოდასევიჩის თვალწინ საკუთარი სახე, ცხოვრებისაგან მიყენებული ნაჭდევებით, რომელთა ხილვა მას ტკივილს ჰგვრის. ასეა. თავისი ნამდვილი სახის განჭვრეტა ყველას უმძიმს. ტრამვაის ფანჯარაში კი სწორედ ეს სახე აირეკლა – ცოდვილი, შეშლილი, გაბზარული სახე, რომელიც ქვეცნობიერში მუდმივად მოძრავ ლტოლვებს და დანალექებს აღბეჭდავს. ამ სახის ხილვას ხოდასევიჩი გაურბის, მაგრამ ეს სახე იზიდავს კიდეც მას, რადგან სურს, რომ საკუთარი არსების სიღრმეში ჩაიხედოს:

იქ გახრწნილი ღამის ანასხლეტს ვამჩნევ
უცხო მინაზე, მეტი რა გინდა,
ზედ აღუბეჭდავს ვაგონის ფანჯრებს
უცბად გამკრთალი ჩემი მაგიდა.

სხვათა ყოფაში შეჭრილს უნებურ,
მაფხიზლებს ზიზღი, თვალს ფართოდ ვახელ,
ვხედავ მოკვეთილს და აღსრულებულს,
ღამეში ჩაფლულ ჩემს თავს და სახეს…

ისევ დიუსელდორფის ქუჩაზე კაფე-ბარში ვსხედვართ მე და ჩემი თანამგზავრი კალმოსნები. როგორც ვთქვი, სამი კაცია და ერთი ქალი. ისინი უკვე გაიბრუჟნენ იაფფასიანი ვისკით და ახლა ნამგზავრებს ეძინებათ. მეინახენი მტოვებენ და მიდიან, მე ყავას ვსვამ და ტრამვაის ხელახალ გამოჩენას მოველი, მსურს გაუთავებელი მოგზაურობა წარსულის ნელთბილ ტალღებში…

 

 

***   ***   ***

სად არიან ის ადამიანები, რომლებიც წლების წინ ჩემთან ერთად იყვნენ, სად წავიდნენ? მე მახსენდება მათი მოძრაობა, მათი მიმოხრა, მიმიკა. ორბელიანის მოედანზე მიხდებოდა ყოფნა მრავალი წელი. ამ მოედნის სიახლოვეს ვეძებდი სარჩო-საბადებელს, აქ იყო ის უბადრუკი რედაქციები, კორპორაციები, ინსტიტუტები თუ მუზეუმები, მძიმე დღეში ჩავარდნილი ქვეყნის უპოვარი ადამიანები თავს რომ ვაფარებდით. და ეს დიდხანს გაგრძელდა. მანამდეც ორბელიანის მოედანი იყო ფსკერი, რომელზეც უსულგულოდ ვტივტივებდი. მაგრამ სად წავიდნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ და მერე სამუდამოდ დატოვეს აქაურობა? სად წავიდა ნუკრი? ჩვენ ხომ თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ამ მოედანზე რომელიღაც მტანჯველი და დამამცირებელი სამსახურის მერე?  სად წავიდა რობინზონა, სად წავიდნენ გოდერძი და რეზო? სად წავიდნენ ავთო და ტარიელი? სად წავიდნენ თენგო, იურა და ზეზვა, ვისთან ერთადაც ორბელიანის მოედანზე ვტრიალებდი ხშირად? სად წავიდა ვაჟა ნიბლაძე? მოულოდნელად დამიძახა მოედანზე მოხეტიალეს და რაღაც მკითხა და ჩვენ შევედით სქელი მინებისაგან აწყობილ ე.წ. კაფე-ბარში, რომელიც ჩვეულებრივი „ზაბეგალოვკა“ იყო და დიდხანს ვსაუბრობდით იმ ხელნაწერზე, რომელიც უნდა შემონახულიყო, მაგრამ დაიკარგა. სად წავიდა ზურა, რომელთან ერთადაც ამავე მინებით შეკოწიწებულ ლუდხანაში დავყავი საკმაოდ დიდხანს. ზურა იცინოდა, მე კი ისეთ რამეს ვუყვებოდი, რასაც მხოლოდ ის გაიგებდა და მას ესმოდა და იცინოდა…
ყველაზე ხშირად მე და ნუკრი ვხვდებოდით მოედანზე. 90 – იანი წლების ბოლო იყო და ამ დაფხავებულ ქვეყანაში მოპოვებული გროშებით ვცდილობდით დარდის გაქარწყლებას. ზოგჯერ მშრალ ხიდზე გადავდიოდით, იქ, სადაც მაკლერები იდგნენ, მერე მარცხნივ ჩავუხვევდით. იქ სახლიდან გამოტანილი ძველმანები და ანტიკვარები იყიდებოდა. რაღა არ ეყარა ქვაფენილზე: ფირსაკრავის ნემსები, სტალინის სურათები, დაჟანგებული ჩინ-მედლები, შანდლები, ბროლის ჭაღები… ცოტა ქვემოთ, მტკვრის სანაპიროზე, ღია ცის ქვეშ ფეხზე დასადგომი სასაუზმე იყო, ვიდექით და ვლაპარაკობდით. ამასობაში ნათურებიც ინთებოდა. გაზაფხულის მოახლოებისას მომეტებული ხალისი გვქონდა.
ერთ ასეთ საღამოს, მახსოვს,  ვიღაც უბედურ ძველ თბილისელებს სუფრა პირდაპირ ქვის ფართო მოაჯირზე გაეშალათ. უკვე გვარიანად იყვნენ შეზარხოშებულები, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. მერე ნიძლავი დადეს, მტკვარზე რკინის კიბით ჩავიდნენ, გაიხადეს და ერთმანეთის გვერდიგვერ შეცურეს მდინარეში, მიცურავდნენ და საბოლოოდ გაღმა  ნაპირს მიაღწიეს. მათი მეინახენი და ჩვენ ვოიაჟს ერთად გავყურებდით. ნუკრი იცინოდა, ნეტავ რაზე დანიძლავდნენო, ამბობდა. რატომღაც დამამახსოვრდა ის საღამო, უკვე შეღამებული იყო, მაგრამ ჰაერში გაზაფხულის ნათელი იდგა…
მერეც უკვე, მოგვიანებითაც ორბელიანის მოედანზე მიწევდა ყოფნა. უკვე სხვა რედაქციაში ვმუშაობდი. ეს რედაქცია ხიდის ქუჩაზე იყო, ე.ი. იქ, სადაც ადრე ტრამვაი რეკდა და დაზრიალებდა. აქეთობას, ანუ ვორონცოვიდან მომავალი სწორედ ამ ქუჩის ჩამთავრებისას ჩამოუხვევდა ხოლმე ალექსანდრეს ბაღისკენ. ამ ადგილას აფთიაქი იყო, მერე კი კაფე-ბარი გახსნეს.
დრო გავიდა. ლიანდაგი აყარეს. ტრამვაი გაქრა.
რედაქცია მესამე სართულზე მოეწყოთ. ვიდრე რედაქციამდე მიხვიდოდი, ძველმანებით გადახერგილი ლაბირინთი უნდა გაგევლო. აქ ლტოლვილები ცხოვრობდნენ. დერეფანში ერთი დიდი კატა დაიზლაზნებოდა. მოკლე ჩართვისას, როცა ელექტროკვანძებიდან  ცეცხლის ნაპერწკლები ცვიოდა, კატა ფრთხებოდა და გარბოდა. დერეფანში ნახარშის მქისე სუნი იდგა. მე აქ თითქმის ყოველდღე დავდიოდი, გადამალული გასაღებით ვაღებდი რედაქციის კარს, შევდიოდი მტვრიან, მაკულატურით სავსე ოთახებში. აქ ეყარა ძველი ხელნაწერები, გაუსაღებელი ლიტერატურული ჟურნალები, გატეხილი ჭიქები და საფერფლეები…
ტრამვაი აღარ მოძრაობდა. სხვა დრო დადგა.
ფანჯრიდან სამების ტაძარი ჩანდა და მე კი ამ კლოაკის სულისხუთვით გაბეზრებული გავყურებდი ქალაქის იმ ნაწილს, სადაც ჩამავალი მზის გადმოტყორცნილი შუქი ირეკლებოდა. ქალაქიდან შორეული ხმებიც აღწევდა და მე ვგრძნობდი, რომ დრო გავიდა და წაიღო ბევრი რამ, რაც ჩემთვის დაუვიწყარი იყო და ვგრძნობდი იმასაც, რომ იგივე დრო არ გაჩერდებოდა და კიდევ ბევრ რამეს წაიღებდა.

 

 

1 2 3 4