***   ***   ***

ეს წლების წინ ჩავლილი მოგზაურობა ერთი დეტალის გამო გამახსენდა. კალმოსნების ოთხეული: მე, გვარამი, დიანა და შეთე ფრანკფურტიდან დიუსელდორფში გავემგზავრეთ. ჩვენი შეხვედრები პუბლიკასთან იქ უნდა გაგრძელებულიყო. მატარებლით მგზავრობა დამქანცველი გამოდგა. ვაგონები მიქროდა მცირე დაბა-ქალაქებისა და ტრამალების გასწვრივ, მიქროდა და ირწეოდა, მიქროდა და სასიამოვნო გრძნობით გვავსებდა: არ ვიცოდით, საიდან მოვდიოდით , სად ვიყავით და საით მივდიოდით. ეს მგზავრობა თვითონ ცხოვრებას ჰგავდა. ჩვენ კარგად არ ვიცოდით გზა, მაგრამ „კულტურის ინდუსტრიამ“, რომელიც ყოველივეს უძღვებოდა, იცოდა, საით უნდა წავსულიყავით და თუ „გადაცდომას“ (ანუ გზის აბნევას) ექნებოდა ადგილი, გზააბნეულს მობილური ტელეფონის მეშვეობით უკვალავდნენ გზას და შესატყვისი დახმარების გაწევით საქმე გვარდებოდა.  წლების წინ ჩავლილი ეს მოგზაურობა ჩემთვის დროში მოგზაურობა იყო და ამიტომაც, როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერი ერთი დეტალის მიზეზით გამახსენდა. დიუსელდროფში ჩასვლისთანავე მე, გვარამი, დიანა და შეთე საკმაოდ მშივრები ვიყავით, ამიტომ რესტორნის საძებნელად გავემართეთ. რესტორნების მეტი რა არის, მაგრამ ქესატობის გამო შედარებით  „იაფ საკუჭნაოს“  ვეძებდით და მივაგენით კიდეც. ეს თურქული რესტორანი იყო. პირდაპირ ქუჩაში დავსხედით მაგიდასთან. მე არ მტოვებდა იმის განცდა, რომ თბილისიდან ასეთ შორეულ წერტილში ზოგჯერ რაღაც ძალიან ნაცნობი და ახლობელი იელვებს და ღრმად შთაგებეჭდება. ასე ხდებოდა ყოველწამიერად – ხან რა შეარხევდა და ხან რა ჩემში დაძირულ ასოციაციების უხილავ ჯაჭვს. მაგრამ განსაკუთრებით მკაფიოდ მაშინ მოხდა ეს, როცა უკვე სუფრასთან მსხდომებმა შევნიშნეთ, როგორ აინთო დიუსელდორფის იმ მყუდრო ქუჩაზე საღამოს მკრთალი ნათურები. ამ ნათურების ანთების შემდეგ საუბარს შევყევით, მერე კი ვდუმდით და  შევნიშნე, როგორ შემოუხვია ქუჩაზე ტრამვაიმ; ორვაგონიანი იყო, ფერადი შუქით განათებული და მაშინ ვიგრძენი, რომ უცხო სამყაროში ვიყავი, მაგრამ რაღაც ახლობლური აქაც ხდებოდა. ქვეყნიერების ამ შორეულ წერტილში ადამიანები მგზავრობდნენ ჩემთვის ძვირფასი ტრამვაით, ისინი მორჩილად ისხდნენ სკამებზე, ტრამვაი მძიმედ მიექანებოდა თავისი განუყრელი ზარის ზრიალით, ვიღაც ალბათ შინ ბრუნდებოდა, მიჰქონდა აბგაში  გამოკრული თავისი პაწია სარჩო-საბადებელი, ალბათ დაღლილი იყო, მაგრამ ჰქონდა თავმისადრეკი და იმ თავმისადრეკისკენ მიდიოდა, შინ მიდიოდა. ტრამვაი სახლს ჰგავდა, მოძრავ სახლს  და მე, ჩემს კერას მოშორებული, სასიამოვნო გრძნობით  ვივსებოდი. მაგონდებოდა  „ვორონცოვი“, ფართო მოედანი, ტრამვაის გაჩერება. ეს იყო ჩემი ძალიან შორეული მოგონება. მე უფროსებს ავყავდი ტრამვაიში, რომელიც მშრალ ხიდს გადაივლიდა დგანდგარითა და ზრიალით, მერე კი ორბელიანის მოედნისკენ უხვევდა. ალექსანდრეს ბაღი სიბნელეში ჩაწოლილიყო, სტუმრად ნამყოფნი ღამით შინ ვბრუნდებოდით. მეძინებოდა. ბებია გამუდმებით მაღვიძებდა და მეუბნებოდა, რომ მალე შინ ვიქნებოდით.. ორბელიანის მოედანზე უნდა ჩავსულიყავით. აქ უკვე ექვს ნომერ ავტობუსს ველოდით. ღამის ნათურები ენთო და ჩვენ შინისკენ, ამაღლების ქუჩისკენ მივდიოდით, სადაც ძალზე მყუდრო ბინა გველოდა. სიზმარშიც არაერთხელ მინახავს, როგორ ავდივარ ჩემს სახლთან, ვდგები ფანჯრებთან და გაკვირვებული ვფიქრობ, რომ აქ უკვე სხვა ცხოვრობს, მაგრამ მეც ვცხოვრობ, აუცილებლად უნდა გადავლახო უხერხული ზღურბლი და შინ შევიდე… ჰო, აი, ასე მოულოდნელად შემოუხვია ქუჩაზე დიუსელდორფის ორვაგონიანმა ტრამვაიმ და მე ვიგრძენი – ვიღაცისთვის, რომელიღაც პატარა ბიჭუნასთვის, რომელიც ახლა ამ ტრამვაიში იჯდა და უფროსებს შინ მიჰყავდათ, ეს ტრამვაი უკვე სახლი იყო. ამდენი წლის შემდეგ თბილისიდან, ორბელიანის მოედნიდან ასე შორს მე მივხვდი, რომ ტრამვაის შემოხვევა ჩემი ცხოვრების მთავარი შთაბეჭდილება იყო, მე ვიგრძნი, რომ ევროპის ეპიცენტრში ამდენ აურზაურსა და ხდომილებებს მიღმა ეს შთაბეჭდილება ყველასთვის უმნიშვნელო ჩანდა, მაგრამ არ იყო უმნიშვნელო ჩემთვის. ამ შთაბეჭდილებასთან იყო დაკავშირებული ძალიან ბევრი რამ, მითუმეტეს ახლა, როცა უკვე ხანმონათევმა გავხედე წარსულს და გავიფიქრე, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, რატომ ვბრუნდებოდით უკვე სხვა დროს ბროსეს ქუჩიდან მე, ბებია და ბაბუა…  ძნელაძის ქუჩას გადავკვეთდით და იტალიურ ეზოში შევდიოდით. იქ ყოველთვის სიცარიელე იყო, ზაფხულშიც და ზამთარშიც, კაციშვილი არ ჩანდა ეზოში, იმ ეზოსაც გადავკვეთდით და რკინის კიბეზე ავდიოდით, სადაც ტკბილი ფუნთუშეულის მათრობელი სუნი იდგა. კიბის გასწვრივ, საცხობში თეთრხალათიანი მცხობელები ირჯებოდნენ და მე ყოველთვის მაკვირვებდა მათი გარჯა, რადგან უკვე ჩამობნელებულზე ისინი მაინც განაგრძობდნენ ფუნთუშების ცხობას…
ახლა ვიჯექი დიუსელდორფში საღამოხანს ჩემს კალმოსან მეგობრებთან ერთად, რომლებიც მდარე ვისკით იბრუჟებოდნენ და ვფიქრობდი, რამდენი რამეა ადამიანი…  კი, მოგონებაც, რაღაც ამბავიც, მაგრამ ამასთან ერთად მახსოვრობაში ჩამქრალი უამრავი ნათურა,, რომელიც შენდაუნებლიეთ შეიძლება უეცრად აინთოს და რაღაც ისეთი მელოდია შემატოს შენს არსებას, რომელიც ცხოვრების აზრის ტოლფასია. რამდენ რამეს ინახავს ადამიანის მახსოვრობა, იქნებ ადამიანი მთელი თავისი არსებით მახსოვრობაა და მეტი არაფერი. ოღონდ ეს მახსოვრობა შეგრძნებებისგან შედგება და ეს შეგრძნებები უსასრულოა. და როცა ადამიანები ქრებიან, შეგრძნებებიც წყვეტენ ნათებას. სად წავიდნენ ეს ადამიანები, ბებია, და ბაბუა, ვისთან ერთადაც მე შინ ვბრუნდებოდი?  და რა ხდებოდა მერე, როცა უკვე შინ დავბრუნდი? რატომ აღარ მახსოვს დეტალები, წვრილმანები, იქნებ სჯობდა, რომ მხსომებოდა?  იქნებ ეს ყოველივე ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა და სხვის ცხოვრებაში ხდებოდა? რატომ გამახსენა დიუსელდორფის ამ პატარა ქუჩამ და ამ ქუჩაზე ტრამვაის უეცარმა შემოხვევამ ბავშვობის უკვე ძალიან შორეული, დავიწყებული ლანდშაფტი?
მომდევნო პერიოდშიც არ მოვშორებივარ ორბელიანის მოედანს, თითქოს ეს მოედანი დროის სხვა გამონაშუქში მოხვდა და ჩემს ბედისწერულ ადგილსამყოფელად გადაიქცა. ისევ სოლოლაკში ვიყავი, დადიანის ქუჩაზე ვმუშაობდი და რედაქციიდან ორბელიანის მოედნის ორბიტაში ვხვდებოდი. მოედანი კლოაკა იყო, აქ დაეთრეოდნენ ბინძური მეძავები, ლოთები, კურტნის მუშები, მაკლერები, ათასი ჯურის ხელოსნები, ჯიბგირები. მოედანი XX  საუკუნის ოთხმოციან წლებშიც და ადრეც კლოაკა იყო, ერთი საუკუნით ადრე კი აქ ფიანდაზივით გაფენილ გზაზე კვიპაროსებს შორის ტფილისელი ბანოვანები დასეირნობდნენ – მაიკო ორბელიანი და ეკატერინე ჭავჭავაძე. ტატო ბარათაშვილის სახლიდან მკაფიოდ ჩანდა ეს სათვალსეირო ადგილ-სანახები. ტატო ალბათ შორიდან უმზერდა ამ მოედანზე მოსეირნე ფიგურებს და შორიდანაც შეეძლო უშეცდომოდ მათი გამოცნობა.
ტატო თვითონაც სეირნობდა ორბელიანების მოედანზე, ზოგჯერ სხვებთან და მეტწილად  კი განმარტოებით.  ორბელიანთ უბნის ქვედა ბაქანზე მოწყობილი იყო ყაბახი, საასპარეზო ადგილი, სადაც იმართებოდა სხვადასხვა საცხენოსნო შეჯიბრებები, ჭიდაობა და მშვილდოსნობა. და აი, ამ ყაბახზე სეირნობდა ბარათაშვილი, როცა ქალებთან მოარშიყე ყაფლან ორბელიანს მოჰკრა თვალი.
ამგუარი იყო ის რამეცა, ოდესცა გარე
ფიქრით მოცულმან ჩვეულებრივ ყაბახს ვიარე.

ყაფლანი ყელს იღერებდა და მღეროდა. ქალები იხიბლებოდნენ.   იხიბლებოდა ყველა. „თავსა უფლად ნურვინ ჰგონებთო“, –  ამბობდნენ კისკისით ქალები. ეს ალექსანდრე ჭავავაძის ლექსი იყო, სადაც ის ამბობდა, რომ უფალი ადამიანთაგან არავინ იყო, სიყვარული საბოლოოდ ყველას დაიმონებდა. იქვე იყო ტატოს განუყრელი  „მრავალ დროების მოწამე“  მტკვარი და ვეება მთვარეც:

თვითონ ცის მთვარეც მოწიწებით ღრუბელთ ეფარა,
როს ქვეყნის მთვარეთ შეეტრფოდნენ და მას კი არა!

ჰოდა, ასე საამოდ რომ მიმოდიოდა ძვირფასი ტატო, ყაბახს გამოსცდა, მთვარეს თვალი გაუშტერა და გზააბნეული სასაფლაოზე აღმოჩნდა. ეს ლურჯი მონასტრის მიმდებარე ადგილები იყო, ეგრეთწოდებული გაბაანთხევი, გაბაშვილების მამული.  ახლანდელი ვერის ბაღის ადგილას ადრე ხომ ვერის ძველი სასაფლაო იყო. მარადისობასთან შეხება ტატოს სხვანაირად აღელვებდა, ამიტომ თავის მეგობარ მიხეილ თუმანიშვილს მისწერა: „ გუშინ, ერთ-ერთ ამგვარ საღამოს ავედი სახეტიალოდ მოსკოვის საგუშაგოსკენ. უცებ სასაფლაოზე აღმოვჩნდი. უნდა გამოგიტყდე, ცოტა შევშფოთდი, როცა თვალი მოვავლე ამ უდაბურებას: ღამის თერთმეტი საათია, არცერთი სული. ირგვლივ მარადიული სიცოცხლეა. მთვარე საფლავებს მკრთალად ანათებს, როგორც მბჟუტავი ლამპარი მიცვალებულისა. წყნარად და ნელა მოღელავს მტკვარი, თითქოს ეშინია დაარღვიოს მყუდროება ამ მჭმუნვარე ქვეყნისა…“
გამოვფხიზლდი. დიუსელდორფში ვარ. კიდევ ერთხელ შემოუხვია ტრამვაიმ და დგანდგარით გაუყვა გზას. კიდევ ამეშალა წარმოსახვა. ჩემი ამფსონები, ჩემი  მოკალმენი თუ თანამეინახენი უკვე ირონიით მიყურებენ, რადგან ხედავენ, რომ ტრამვაი შემოუხვევს, რომელიც პირდაპირ ჩემში შემოდის და ჩემი წარსულის ნარჩენებს აფხიზლებს. არა, ეს რაღაც სხვა არის, მოგონებები კი არ არის, ეს მე ვარ, ეს არის ის, რისგანაც მე შევდგები: ხმები, შუქ-ჩრდილები, სინათლის ხარისხები, ადამიანთა სახეები, რომლებიც სამუდამოდ ჩარჩნენ ჩემში, გათენებები და დაღამებები, ხედი ფანჯრიდან, ვერანდა, მთვარე ქედზე, წვიმის შრიალი გაშლილ სივრცეში, ძველი ეზოს გახსენება და კატის შემკრთალი გამოხედვა – ფოსფორიანი თვალები, უფროსები – მამაჩემი და დედაჩემი, სხვა ადამიანები, რომლებიც მომიახლოვდნენ და დამშორდნენ…   უკვე მერამდენედ შემოუხვია ტრამვაიმ, მერამდენედ გაისმა ნაცნობი ზარ-ზანზალაკების ზრიალი. ყვითელი სინათლე, რომელიც ვაგონებშია დაგროვილი, ჩემეულია, ჩემი არსების ნაწილია და მეც ბოლომდე მავსებს.

 

 

 

1 2 3 4