ოთხნი ვიყავით,  ჰო,  ოთხნი, ერთი  გოგონაც გვახლდა, ფრანკფურტში კალმოსნების საერთო ჯგუფს რომ გამოვეყავით და გერმანიის სხვა ქალაქებისკენ გავუტიეთ. ფრანკფურტი საერთაშორისო შეხვედრებისა და გამოფენების მეგაპოლისია და იქ იმართებოდა ქართული წიგნის გამოფენა. სხვა ქალაქებისკენ გავუტიეთ …  მანამდე ერთ მაღალსართულიან სასტუმროში ვცხოვრობდით და მხოლოდ ვესტიბიულში ვხვდებოდით ერთმანეთს. უცნაური განცდა მქონდა: ის ადამიანები, ვისაც ვიცნობდი, აქ ერთად შეგროვილიყვნენ და ეს ერთად თავმოყრა უჩვეულო გრძნობას აღმიძრავდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისინი ერთმანეთს ასე კარგად იცნობდნენ, ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ საქმიანი სახეებით ასე ერთად იფუთფუთებდნენ და ეცოდინებოდათ, რისთვის იყვნენ აქ ჩამოსულები. სასტუმროსგან მოშორებით ფართო ეზო თუ მოედანი იყო მასიურ  და განიერ შენობებს შორის მოქცეული. ამ მოედანზე სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობდნენ განსხვავებული ასაკის ადგილობრივი გერმანელები და სხვა უცხოელები; შეიძლება ითქვას, რომ გარშემო სრული ქაოსი ბრუნავდა, ოღონდ ეს ქაოსი ჩემ გარდა არავის უკვირდა. აქ როგორც ამბობდნენ, საგამოფენო სივრცე ერთ ტერიტორიაზე უყრიდა თავს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებს. რა უნდოდათ მათ, რისთვის ჩამოვიდნენ? ალბათ ერთმანეთის გაცნობა სურდათ, მაგრამ ამ ხალხმრავლობაში ეს სურვილი დაკარგეს, ჰო, დაკარგეს და ახლა ინერციით მოძრაობდნენ. ეს ჩემი შთაბეჭდილება იყო და მე მჯეროდა ჩემი შთაბეჭდილების.
ფრანკფურტში ფართო და ხალხმრავალი ქუჩები სერავდა ერთმანეთს, მე სასტუმროს მეცხრამეტე სართულიდან შუაღამისას დავყურებდი უნაპირო ქალაქს და ვხედავდი, რომ მას ეღვიძა და არ აპირებდა დაძინებას. მე მინდოდა განმეჭვრიტა ამ ქალაქის არსი, მზერით ვიხელთებდი მის მოძრაობას, ნათებას, სინათლის ზიგზაგებს, მაგრამ მაინც ვერანაირ განწყობას ვერ ვიქმნიდი, მხოლოდ სიუცხოვეს ვგრძნობდი. ასე რომ, დღე და ღამე ერთმანეთს ჰგავდა. ღამითაც ისევე იგრძნობოდა ქალაქის მაჯისცემა, როგორც დღისით. საგამოფენო სივრცის უზარმაზარ ლაბირინთში მწერებივით მოძრაობდნენ ადამიანები, აქ ერთი ადამიანი ან ერთი წიგნი თავისი სიმცირის გამო ყოველგვარ აზრს კარგავდა. მნიშვნელოვანი იყო არა ადამიანი, არამედ მასა, არა ადამიანთა სახეები და მათზე აღბეჭდილი გრიმასები, არამედ ამ ადამიანების ზურგები. შენც იმათ დინებას მიჰყვებოდი და ისინი იმავეს გეუბნებოდნენ, რასაც გეტყოდნენ მათივე სახეები. ისინი გეუბნებოდნენ, საით უნდა წასულიყავი და შენც მიდიოდი. სხვადასხვა სართულზე მოწყობილ პავილიონებში ერთდროულად მიმდინარეობდა ავტორების გაცნობა და ნაწარმოებების კითხვა. მსმენელები ნაუცბათევად გაწყობილ სკამებზე ისხდნენ, კედლები სხვადასხვა ზომის ეკრანებით იყო აღჭურვილი, მაყურებლები იყენებდნენ აუდიო და ვიდეო სისტემებს, დარბაზები მკრთალი შუქით ბრწყინავდა, რაც თითქოს ინტელექტუალურ ინტერესს და გემოს აღუძრავდა ყველას. პავილიონები … ყოველივე ეს თითქოს რიტუალი იყო, რომელიც უნდა აღსრულებულიყო, რადგან საერთო წესრიგის ნაწილად აღიქმებოდა. ხალხმრავლობის გარეშე არაფერს აზრი არ ჰქონდა, მოკლე მონაკვეთზე უამრავ ადამიანს უნდა ეტრიალა, რაც თავისებურ აზრს სძენდა ყველაფერს.  მბრუნავი მასა შენობის გარეთაც და შიგნითაც უწყვეტ დინამიკას ქმნიდა და ეს იყო მთავარი. ეს დინამიკა ინტიმის სრულ უნიფიცირებას ახდენდა და ასეც უნდა ყოფილიყო. ინტიმი, შეყოვნება, დაფიქრება, განჭვრეტა, გახსენება არ იყო სასურველი, სასურველი იყო მუდმივი ბრუნვა, რომელიც იმაზე მეტყველებდა, რომ მწერალიც „ჰომო ფაბერია“, მუდმივმოქმედი კბილანებიანი წრიული ბრტყელი რგოლია, რომელმაც ნელა უნდა დაფქვას რეალობა, ნაწარმოებად აქციოს და საგამოფენო პავილიონებში ნელ-ნელა დაანაწილოს. ადამიანები კულტურის უზარმაზარ რეზერვუარებზე დაძვრებოდნენ და სარჩოს ეძებდნენ. ეს რეალობის ნაფქვავი მათი სულიერი საზრდო იყო, მათი მოსახელთებელი სუბსტრატი. ამ გიგანტურ ლაბირინთში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და ერთ სივრცეში ირეოდნენ ფოტორეპორტიორები, მექანიკოსები, პროდიუსერები, დიზაინერები, მწერლები, თარჯიმნები, მენეჯერები, ტელეჟურნალისტები და სხვები.  და ისიც უნდა ითქვას, რომ მართალია  „ლიტერატურულ პროდუქციას“ მთავარ მასალად მიიჩნევდნენ და ყველა მის გარშემო იყო შემოკრებილი, მწერალი მაინც არ ითვლებოდა მთავარ ფიგურად, ის ერთ-ერთი მაკავშირებელი რგოლი გახლდათ „წარმოებითი  ურთიერთობისა“. ეს კი იმაზე მეტყველებდა, რომ დღეს მწერლობა ეკონომიკას დაქვემდებარებული კულტურის მოქმედი კომპონენტია. კულტურამ უნდა იტრიალოს, როგორც მექანიზმმა, რომელიც არ უნდა გაჩერდეს, რადგან თუ გაჩერდა, ადამიანები სხვადასხვა სივრცით წერტილებში დარჩებიან უფუნქციოდ გაფანტულები. რაკიღა არსებობდნენ ადრე მწერლები და, ზოგადად, არსებობდა მწერლობა, არსებობს დღესაც და მას თავისი მკაცრად შემოწერილი ადგილი აქვს ცხოვრების რომელიღაც უბანზე შერჩენილი და ამ უბნის შიგნით ბაქტერიებივით ირევიან კალმოსნები. მათი პროფესია ძველია, მაგრამ დღესაც რამდენადმე ინარჩუნებს მნიშვნელობას და ამაზე ცხადად ღაღადებენ ხალხით სავსე პავილიონები…
მე და გვარამს რომელიღაც პავილიონში ერთად გვქონდა აუდიტორიასთან შეხვედრა დანიშნული. ჩვენ ხალხის მღვრიე ნაკადს შევერიეთ და კიბეს შევუყევით. თავიდანვე მივხვდით, რომ პავილიონს იოლად ვერ მივაგნებდით. შემოდგომის მზიანი დღე იყო და სინათლით სავსე დარბაზებში  მილეთის ხალხი ირეოდა. კიბეზე ზევახ გადელია შეგვხვდა, ის ყოველ წელს დადიოდა ამ ქალაქში და ვისკით გაბიჟვინებულ სახეზე ირგვლივ მოფუთფუთე ადამიანების მიმართ ირონიული განურჩევლობა ჰქონდა გამოხატული. გვარამმა თავის ძველ ნაცნობს პავილიონის ნომერი დაუსახელა და, როცა შეატყო, სად უნდა მივსულიყავით, დააყოლა, შენ კარგი ვისკი გექნება გადანახულიო. გადელიამ ჰაერში ხელი აიქნია, რაც იმას ნიშნავდა, გამომყევითო და ჩვენც სწრაფი ნაბიჯით გავყევით. მან სხვადასხვა მიმართულებით მოძრავი ბრბო გაკვეთა და ერთ კარს მიადგა. ამ კარის მიღმა გრძელი, ვიწრო დერეფანი იყო, დერეფნის შემდეგ  რკინის ხვეული კიბე ჩავიარეთ და იქ გადელიამ პატარა კარადის კარი შეხსნა, ვისკის გაბერილი ბოთლი გადმოიღო, სითხე მომცრო სირჩებში ჩამოასხა და გამოგვიწოდა. მე და გვარამმა დავლიეთ და წამოსვლა  დავაპირეთ, მაგრამ თითოც შემოგვთავაზა. უარი არ გვითქვამს, ისიც დავლიეთ და წამოვედით, კვლავ მუდმივად მბრუნავ მასაში ავითქვიფეთ და პავილიონის საძებნელად გამოვეშურეთ.
ხანგრძლივი ძებნის  შემდეგ პავილიონსაც მივაგენით და უკვე დაგვიანებულები ავტორების დაბალ მაგიდებს  მივუსხედით. დაგვიანებამ გაკვირვება გამოიწვია,  უნდა გამოეწვია კიდეც, ვინაიდან ჩემს თავზე ჩემი მოზრდილი ბანერი ეკიდა, სადაც ისეთი კაცის სახე მქონდა, რომელიც არსად არ იგვიანებს და, თუ იგვიანებს, ეს მხოლოდ მანევრია.

 

1 2 3 4