ძალიან საინტერესოდ იყენებს რეჟისორი მუსიკას. ტრადიციულ ფოლკლორულ ნაწარმოებებთან ერთად, მოისმენთ მოცარტს, შუბერტს, ვივალდის, ბახს და თან ისეთ სცენებში, რომელთაც კომპოზიციების დიდაქტიკური მღელვარება განსაკუთრებულ კომიკურობას მატებს. მაგალითად რომანტიკული ხასიათის მუსიკა გაისმის მაშინ, როდესაც მსგავსი აქტი ვერ ხორციელდება. ამაღელვებელი, ენერგიული ჰანგები ისეთ სცენებს გასდევს ფონად, სადაც ტრივიალური ყოფიერების აღწერა ხდება და ა.შ.

ვიზუალურად ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაწარმოებია, რაც ოდესმე შექმნილა. მისი ყოველი კადრი ძვირფას ფერწერულ ტილოს გავს. კუბრიკი მეთვრამეტე საუკუნის მხატვრობას უმაღლესი სტილის გრძნობით აცოცხლებს ეკრანზე. იქნება ეს ლანდშაფტის სცენები, ინტერიერული თუ ექსტერიერის კადრები, ყველაფერი საოცარი სილამაზით და ავთენტურობითაა აღბეჭდილი. წარსულის გასაცოცხლებლად მაქსიმალურად ორგანული ეფექტის მისაღებად, კუბრიკმა უარი თქვა ტექნოლოგიურ მანიპულაციებზე და ინტერიერში მიმდინარე სცენები ელექტრონული განათების გარეშე, ბუნებრივი სანთლის შუქზე გადაიღო. ამისთვის მან ნასას მთვარეზე დასხდომის მისიისათვის დამზადებული ლინზები გამოიყენა. შედეგად კი ყველაზე ავთენტური, თვალისმომჭრელი და დასამახსოვრებელი სცენები შეიქმნა ისტორიულ ჟანრში.

კამერის მოძრაობა ფილმში ძირითადად იდეალური სიმეტრიის დონეზე წარმოებს, რამდენიმე სცენაში ობიექტივი ფოკუსის მანძილს იცვლის, შორდება ობიექტს და პანორამულად წარმოგვიჩენს გარემოს, ზუმ აუთის პრინციპით მოქმედებს, რაც ერთი მხრივ ლამაზ სანახაობრივ ეფექტს იწვევს, მეორე მხრივ კი პერსონაჟის მენტალურ მდგომარეობას უსვამს ხაზს. სურათში მრავალი დასამახსოვრებელი და საინტერესო არქეტიპი გვხვდება, როგორც ვიზუალურად თუ თვისობრივად, ისე მსახიობების ქარიზმატული უნარების დამსახურებით. ლედი ლინდონის როლის შემსრულებლის, მარისა ბერენსონის მომხიბვლელობა მომაჯადოებელად მოქმედებს, თუმცა ყველაფერი მაინც ერთი სუბიექტის ირგვლივ ვითარდება და აბსოლუტურად ყველა ეკრანული სახე თუ სიტუაცია იმისთვის იქმნება, რომ რედმონდ ბარის ისტორია მოგვაწოდოს. რაიან ონილი წარმოუდგენელი ემოციური სიზუსტით გამოხატავს მთავარი გმირის განცდებს, დასაწყისში უმწიკვლო ნაივურობას ასხივებს, ნელ-ნელა მის ირგვლივ არსებული სამყაროს დეკადენტური ბუნების მსგავსად, ისიც იწყებს მენტალურ ლპობას, თუმცა შიგადაშიგ ჰუმანურობის სითბოს ასხივებს და საბოლოოდ მრავალშრიან და კომპლექსურ ეკრანულ სახეს გვიხატავს, რომლის ქცევის მოტივებისა და შინაგანი შფოთვების გაანალიზება ცალკე სინეფილური სიამოვნებაა.

ასე რომ, თუ ეს მონუმენტური ნამუშევარი არ გინახავთ, გამოანთავისუფლეთ თქვენი ცხოვრების უახლოესი სამი საათი და მოემზადეთ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ლამაზი, მხიარული, ტრაგიკული და გრანდიოზული ნაწარმოებისათვის, რაც ოდესმე ადამიანს შეუქმნია.

 

 

 

 

 

1 2