26 ივლისს მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურის, სტენლი კუბრიკის, დაბადების დღეა. მის ფილმოგრაფიაში მხოლოდ შედევრები ინახება და რთულია გამოარჩიო მათ შორის საუკეთესო, თუმცა დღეს გადავწყვიტე კუბრიკის ალბათ ესთეტურად ყველაზე მშვენიერი ნაწარმოები, „ბარი ლინდონი“ გამეხსენებინა.

ფილმის სიუჟეტი მეთვრამეტე საუკუნეში მცხოვრები ირლანდიელი ახალგაზრდის, რედმონდ ბარის ტურბულენტური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. დასაწყისში ახალგაზრდა რედმონდი მოწყვლადი ბუნების და ნაზი სულის ადამიანია, რომელიც ღირსებას ყველაფერზე წინ აყენებს, თუმცა გარეშე ფაქტორების მიერ მისი ცნობირების შერყვნა მალევე ხდება სიუჟტის ცენტრალური საკითხი. მის ირგვლივ არსებული ადამიანები, სოციალური წესრიგი და კულტურული ნორმები სულ უფრო მეტად უბიძგებს მთავარ გმირს ინდივიდუალისტური ხედვების ჩამოყალიბებისკენ, უნვითარებს ეგოცენტრულობას, მომხვეჭელობის, სტატუსის ფლობის ვნებას და რედმონდიც იწყებს მოგზაურობას კლასობრივი იერარქიის საფეხურებზე, ოღონდ გზად, რასაკვირველია სულ უფრო მეტად ავიწყდება ღირსების მნიშვნელობა, უბუჟდება თანაგრძნობა და პერსონაჟი, რომელსაც რომანტიკული გმირის, რაინდული თვისებების და მგრძნობელობის პერსპექტივები და გასაქანი გააჩნდა, ყალიბდება ოპორტუნისტად, რომლისთვისაც უმთავრესი პირადი კეთილდღეობა ხდება.

ფილმის თხრობა მესამე პირში წარმოებს. ნარატორის მელანქოლური ირონიით გაჟღენთილი ხმა და პოეტური პასაჟებით გაწყობილი ფრაზები გვიყვება მთავარი გმირის ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს და სწორედ აქ, კუბრიკი ოსტატურად გარდაქმნის ისტორიული ეპოსის ნარატიულ სტრუქტურას. ფილმი თავებადაა დაყოფილი, ყოველ თავს თან ახლავს დასათაურება იმის შესახებ თუ რისი ნახვა გველის წინ. შესაბამისად, ყველა გარდამტეხი სიტუაცია, მანამდე ხდება მაყურებლისთვის ცნობილი, სანამ ის ეკრანზე გათამაშდება. ასე კუბრიკი იდეალურად ინარჩუნებს ირონიულ ტონს და საკუთარ ხმას, შემოქმედის და ბედისწერის განმსაზღვრელის ხმას, რომელიც გვიანონსებს თუ რას ვიხილავთ შემდგომ და მიუხედავად ამ ცოდნისა, იმდენად დიდი გრაციოზულობით და გრანდიოზული ესთეტიკით ახდენს სცენების კონსტრუირებას, რომ მისი შექმნილი სამყაროს და იქ მოასპარეზე პიროვნებების მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება.

ბედისწერის საკითხს მნიშვნელოვანი როლი აკისრია სიუჟეტში. მრავალი გარემოება თუ ინტერაქცია, რომელშიც მთავარი პერსონაჟი ხვდება, სარკისებური ეფექტით ტრიალდება და ექოს პოვებს პერსპექტივაში. თითქოს მეტაფიზიკური კანონზომიერება განკარგავს მიმდინარე მოვლენებს და ცდილობს აღადგინოს ბალანსი, დაამყაროს კოსმიური თანასწორობა. თუმცა ამასთან დაკავშირებითაც, ეპილოგის ტიტრში რეჟისორი ირონიულად აღნიშნავს, რომ ფილმში ნაჩვენები პერსონაჟები, კარგები თუ ცუდები, მდიდრები თუ ღარიბები, დღეს უკვე თანასწორები არიან, რადგან სიცოცხლეში აღარ იმყოფებიან.

არისტოკრატული ძალაუფლების აღწერისას განსაკუთრებით მძლავრობს ფილმში ირონიული სენტიმენტები. მხოლოდ პრესტიჟსა და რეპრეზენტაციაზე დამყარებული სოციალური კოდების წარმოჩენით, მისი მავნებლური და უნაყოფო ბუნება საუკეთესოდ იშლება ჩვენ თვალწინ. არისტოკრატული საზოგადოების მთავარი სუბსტანცია მხოლოდ თვითრეპრეზენტაციაზე დგას. სტილის გრძნობის და ამ სტილისადმი დამოკიდებულების, მისი ფლობის რესურსების გარეშე, ძვირფას პარიკებსა და მდიდრულ სამოსში გამოწყობილი ტიტულოვანი ფიგურები მხოლოდ ინსტინქტების ამარა მოქმედი არსებები არიან. მაღალი კლასის საზოგადოება, შეიარაღებული ძვირფასეულობით და მაღლფარდოვანი სიტყვებით, ისევე ღალატობს, მლიქვნელობს თუ ძალადობს, როგორც მათ მიერ დაწუნებული, განათლებასა და ჰიგიენას მოკლებული პლებსი. მხოლოდ ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, დიდგვაროვანები და ელიტური წრის წევრები მავნებლურ ქმედებებს ანხორციელებენ საოცარი ელეგანტურობით.

 

 

 

 

1 2