შეგიძლია პატაიაზე მომიყვე რამე? სექს-ტურიზმის დანიშნულების ადგილზე.
მე ძალიან მომხიბლა პატაიამ, ადგილმა, რომელიც წიგნის დასასრულშია აღწერილი. ყველა იქ მიდის. ანგლო-საქსები. ჩინელები. არაბებიც. აი, ამან განსაკუთრებით გამაოცა. ეს იყო ტურისტულ სახელმძღვანელოში განთავსებული ის ინფორმაცია, რომელმაც მეც მომანდომა ტაილანდში წავსულიყავი და თავად მომენახულებინა ეს ადგილი. როგორც გავიგე, ბანგკოკის ერთ-ერთ სასტუმროში, იმისათვის, რომ არაბი კლიენტებისთვის ესიამოვნებინათ, ტაილანდიელი მეძავები პირსაბურს ატარებდნენ. ძალიან დამაინტერესა ადაპტაციისადმი ასეთმა მიდრეკილებამ. მეძავებისთვის ფრანგი ალჟირელებიც ბლომად დადიან პატაიაში. მათთვის ტაილანდიელი გოგონები ფრანგულად ლაპარაკობენ, მაგრამ გეტოს აქცენტით: “Ouais, j’tassure! Ouais, ta mère!”
აქ ყველაფერია – კარაოკე ბარები იაპონელებისთვის, რესტორნები რუსებისთვის, სადაც არაყი წყალივთ იღვრება. ამ ყველაფერში არის რაღაც გულისამაჩუყებელი, რაღაც გზის დასასრულის მომასწავებელი, განსაკუთრებით ხნიერი ანგლო-საქსებისთვის. შენ უყურებ და ხვდები, რომ ისინი შინ ვეღარასოდეს დაბრუნდებიან. შუდღისას, როდესაც ბარები ჯერ კიდევ დაკეტილია, ირგვლივ მტვრის ბუღი დგას. მერე კი დგება სწორედ ის გულისამაჩუყებელი მომენტი, როდესაც გოგონები სკუტერებით თანდათანობით იწყებენ მოსვლას და ანგლო-საქსი ტურისტებიც კუებივით ნელ-ნელა გამოღოღდებიან ამ მტვრიდან. ძალიან, ძალიან უცნაური ადგილია ეს ქალაქი.
წიგნის ბოლოში ტერორისტებმა პატაია რომ დაბომბეს, ერთგვარი წინასწარმეტყველება იყო – წიგნის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ კუნძულ ბალიზე მდებარე ღამის კლუბი მართლაც დაიბომბა.
ამ ფაქტის წინასწარმეტყველება სულაც არ იყო ძნელი. ასეთი რამ მალაიზიაშიც თავისუფლად შეიძლებოდა მომხდარიყო, მუსლიმანურ ქვეყანაში უამრავი მეძავით, რომლებიც დასავლეთიდან ჩამოსულებს ემსახურებიან.
ამის შემდეგაც იტყვი, რომ პროსტიტუცია ყველასთვის თანაბრად კარგი გადაწყვეტილებაა?
ისლამი უნდა გაქრეს. სხვაგვარად ეს იდეა ვერ იმუშავებს.
ანუ იდეალურ სამყაროში არსებობს პროსტიტუცია, მაგრამ ისლამის ადგილი არ არის?
განა მე ოდესმე ვახსენე იდეალური სამყარო? მე უბრალოდ ვთქვი, პროსტიტუცია ქვეყნისთვის საშინელება არ არის-მეთქი.
რატომ მიიჩნევ “პლატფორმას” ხელმოცარულ წიგნად?
ტურისტული ინდუსტრიის საკმარისად ღრმა ანალიზი ჯერ არ არსებობს. გარდა ამისა, მთავარი გმირი – ვალერი – ძალიან დომინირებს. ამაზე, როგორც უკვე ვთქვი, არ შეგიძლია დიდი გავლენა მოახდინო, მაგრამ მაინც. მე ძალიან მომწონდა ვალერი, როგორც ჩემი წიგნის გმირი და მერე აღმოჩნდა, რომ მასთან შედარებით მამაკაცი გმირი ძალიან უფერული და მოსაწყენი გამომივიდა.
შენ თქვი, რომ კრიტიკოსებმა ამ წიგნის გმირებს სათანადო ყურადღება არ დაუთმესო.
იცი, ჩვეულებრივ მკითხველს აქვს ერთი საოცარი თვისება, კერძოდ კი ის, რომ მას შეუძლია ამა თუ იმ გმირის მიმართ გარკვეული გრძნობები გაუჩნდეს. ამ ფაქტს კრიტიკა არასოდეს განიხილავს. და მე ამას სამარცხვინოდ მივიჩნევ. ანგლო-საქსი კრიტიკოსები შესანიშნავად საუბრობენ რომანის შინაარსზე, მაგრამ გმირებს ყოველთვის უყურადღებოდ ტოვებენ. აი, მკითხველი კი მათ მოურიდებლად განიხილავს.
შენ რა აზრის ხარ კრიტიკოსებზე? შეგიძლია, შემიჯამო, რა გაქვს ფრანგული პრესის საწინააღმდეგო?
უპირველეს ყოვლისა, მე მათ უფრო ვეზიზღები, ვიდრე მე ისინი. მე მათ ცუდი კრიტიკისთვის კი არ ვსაყვედურობ, იმას ვემდური, რომ წერენ თემებზე, რომელთაც ჩემს წიგნებთან არაფერი აქვთ საერთო – დედაჩემზე, საგადასახადო ვალდებულებებისთვის თავის არიდების მიზნით სხვა ქვეყანაში გადასახლებაზე. თან ჩემს ისეთ კარიკატურას ქმნიან, რომ უნებურად საშინლად უსიამოვნო რამეების სიმბოლო გავხდი – ცინიზმის, ნიჰილიზმის, ქალთმოძულეობის. ხალხმა ჩემი წიგნების კითხვას თავი დაანება, მის შესახებ საკმარისი გავიგეთო. ამ ნათქვამში სიმართლეც ბევრი ურევია. ორი, სამი რომანის შემდეგ მწერალი არ უნდა მოელოდეს, რომ მას კიდევ წაიკითხავენ. კრიტიკოსებმაც უკვე ჩამოიყალიბეს აზრი მის შესახებ.
წერა როდის დაიწყე?
ძნელი სათქმელია. თავისუფალი თემების წერას სკოლაშიც გვავალებდნენ, მაგალითად “აღწერე შემოდგომის საღამო” და სიმართლე გითხრა, მათი წერა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა, დაწერილებს კი ვაგროვებდი და ვინახავდი. გარდა ამისა, დღიურიც მქონდა, ოღონდ შიგ რას ვწერდი, აღარ მახსოვს. ვგონებ, სიზმრებში განცდილს უფრო ვინიშნავდი, ვიდრე ყოველდღიურ მოვლენებს.