თბილი ადამიანი იყო? დედასავით გეპყრობოდა?

დიახ. მისი ოთხივე შვილი აღმერთებდა მას. ძალიან კარგი დედა იყო მათთვის.

მშობლებს თუ ხედავდი ხშირად?

დედას ძალიან იშვიათად. მამას – კი. განსაკუთრებით ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე.

ახლოს იყავი მასთან?

არც მაინცდამაინც. ახლო ურთიერთობისთვის საკმაოდ მძიმე კაცი იყო. უცნაური, ძალიან თავისებური, მარტოსული პიროვნება, მაგრამ მასთან მაინც უფრო ახლოს ვიყავი, ვიდრე დედასთან. უბრალოდ, უკეთ ვიცნობდი.

ექვს წლამდე ალჟირში, დედის დედასთან ცხოვრობდი. ეს დრო თუ გახსოვს?

არც ისე კარგად. ფოთლებით მოფენილი სათამაშო მოედანი მახსენდება. გარდა ამისა, ცრემლმდენი გაზის სუნი, რომელიც ძალიან მიყვარდა. ცოტა რამ ომზეც მახსოვს, მაგალითად ქუჩაში ტყვიამფრქვევების კაკანი.

არ გეშინოდა?

სულაც არა. ბავშვებს პირიქით, ართობთ ხოლმე ასეთი რაღაცეები.

შენი ოჯახის წევრები ბევრს კითხულობდნენ?

ჩემი ბებიები და ბაბუა საერთოდ არ კითხულობდნენ. ისინი გაუნათლებელი ადამიანები იყვნენ.

როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება “ელემენტარული ნაწილაკების” შემდეგ?

“ელემენტარულმა ნაწილაკებმა” ფულისა და, აქედან გამომდინარე, სამსახურიდან წამოსვლის გარდა, საერთაშორისო პოპულარობაც მომიტანა. გარდა ამისა, მოგზაურობას დავანებე თავი, რადგან წიგნის ტურებმა ჩემი ნებისმიერი მოთხოვნა დააკმაყოფილეს, რაც კი შეიძლებოდა მოგზაურობის სურვილთან დაკავშირებით მქონოდა. ისეთ ქვეყნებშიც კი ვიყავი, სადაც ჩვეულებრივ, ალბათ არასდროს მოგინდება წასვლა, მაგალითად გერმანიაში.

ამას რატომ ამბობ?

იმიტომ, რომ ტურისტულად გერმანიაში არავინ დადის. გერმანია, როგორც ტურისტული მიმართულება უბრალოდ არ არსებობს. ჰოდა, ძალიანაც ცდებიან. გერმანია სულაც არ არის ასეთი უინტერესო.

ტურიზმი შენი მესამე რომანის “პლატფორმის” ერთ-ერთი თემაა, რომელშიც ერთ-ერთი ჩვეულებრივი ტურისტული სააგენტო სექს-ტურების ორგანიზებას გადაწყვეტს.

რომანის დაწერაში ყველაზე რთული სწორედ საწყისი პუნქტის მოძებნაა; თემისა, რომელიც მას გახსნის. თუმცა წარმატების გარანტიას არც ამ პუნქტის პოვნა იძლევა. “პლატფორმაში” მე ძირითადად ხელი მომეცარა, მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი გარემომცველი სამყაროს ამოსაცნობად შესანიშნავი საწყისი პუნქტია.

მაინც რით მოგხიბლა ტურისტულმა ინდუსტრიამ?

სამოგზაურო სახელმძღვანელოების კითხვა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. განსაკუთრებით მიშლენის სამოგზაურო სახელმძღვანელოში აღწერილი მსოფლიოს ის ადგილები, სადაც მე ალბათ ვერასდროს მოვხვდები. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი რესტორნების აღწერის კითხვაში გავატარე. ძალიან მომწონს მათი სიტყვათა მარაგი, რომელსაც ისინი თავიანთ ტექსტებში იყენებენ. ისიც მომწონს, თუ როგორ წარმოგიდგენენ მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანას. მიყვარს, როდესაც ისინი ბედნიერებასა და ახალი კუთხეების აღმოჩენაზე ლაპარაკობენ. ამის მერე მეც გამიჩნდა კითხვები. აი, მაგალითად – ჩინეთი შვიდ დღეში. როგორ ახერხებენ ამას? როგორ ადგენენ მოგზაურობის ამა თუ იმ გეგმას? როგორ გარდაქმნიან რეალურ სამყაროს სასიამოვნო, მოსახმარ სამყაროდ?

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14