ფრანგ კრიტიკოსებს ძალიან აღიზიანებთ შენ მიერ მედიის აბსოლუტურად ცინიკური გამოყენება წიგნების გასაყიდად – დაწყებული “ელემენტარული ნაწილაკებიდან”. რა განზრახვა გქონდა მაშინ?
იცი, მაშინ ვფიქრობდი, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყავი მედიაში, წიგნები რომ გაგეყიდა და არც იმას ვმალავ, რომ მართლაც ძალიან მინდოდა ფულის შოვნა, რათა სამსახურისთვის თავი დამენებებინა. ფულის ქონის ერთადერთი აზრი ის არის, რომ მისი მეშვეობით შენ თავისუფლების მოპოვება შეგიძლია და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი სულაც არ ვარ იმაში დარწმუნებული, რომ მედია წიგნების გაყიდვაში გეხმარება.
აბა, რა გეხმარება წიგნების გაყიდვაში?
ხმის გავრცელება. მაგალითად, აგერ, ამ წუთში მარკ ლევი საფრანგეთში ყველაზე კარგად იყიდება, ის კი მედიას აბსოლუტურად თავს არიდებს.
“ელემენტარული ნაწილაკები” ის რომანია, რომელმაც კრიტიკოსები შენი ბიოგრაფიით დააინტერესა, რადგან მის გმირებს შენთან ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო. მაგრამ როგორც ჩანს, იმ ფაქტმა რომ ხალხმა ყველაფერი ბიოგრაფიის დონეზე დაიყვანა, შენ ძალიან გაგაღიზიანა.
დიახ, მე ეს ძალიან გამაღიზიანებლად მივიჩნიე, რადგან ასეთი საქციელი უარყოფს მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დამახასიათებელ თვისებას, კერძოდ კი იმას, რომ ნაწარმოების გმირები თავისით, დამოუკიდებლად ვითარდებიან. რამდენიმე სიტყვით რომ ვთქვათ, შენ მის არსებობას რამდენიმე ფაქტით იწყებ, შემდეგ უბიძგებ და ის თავისი საკუთარი დინამიკით აგრძელებს მოძრაობას. რაც უფრო ღრმად შედიხარ წერის პროცესში, რეალობა მით უფრო უკან რჩება. სინამდვილეში შენ საკუთარი ამბის მოყოლა არც კი შეგიძლია. კი, რა თქმა უნდა, უფლება გაქვს მისი გარკვეული ელემენტები გამოიყენო, მაგრამ ნურცკი შეეცდები იმის წარმოდგენას, რომ ასი გვერდის შემდეგ შენ კვლავ შეგიძლია იმის გაკონტროლება, რას აკეთებს შენი გმირი. ერთადერთი რასაც ახერხებ, არის ის, რომ მაგალითად, შენს გმირს შენი ლიტერატურული გემოვნება მისცე. ამაზე იოლი არაფერია. დააჭერინე ხელში წიგნი და გადააშლევინე.
მოდი, შენს ბიოგრაფიას დავუბრუნდეთ. ამას წინათ დაწერე, ბებიასთან ტკბილი ბავშვობა გავატარეო.
ხო, მამაჩემის დედასთან. მასთან ექვსიდან თვრამეტ წლამდე ვცხოვრობდი. მე ამ პერიოდს ორ ნაწილად ვყოფ. პირველი აბსოლუტური ბედნიერების პერიოდია – ექვსი წლის ასაკიდან თორმეტ წლამდე. იონში, სოფლად ვცხოვრობდით. ველოსიპედით დავდიოდი. კაშხალებს ვაშენებდი. ბევრს ვკითხულობდი. ტელევიზორი არ გვქონდა და ალბათ, ასეც ჯობდა. მაგრამ მერე კრესი-ონ-ბრიში გადავედით. ახლა რომ ჩახვიდე იქ, მასზე სწორ წარმოდგენას ვერ შეიქმნი. მაშინ ის უფრო სოფელი იყო, ახლა კი ქალაქგარე დასახლებად გადაიქცა. ასე იყო თუ ისე, იქ ძველებურად ბედნიერად ვეღარ ვგრძნობდი თავს. ხალხის სიმრავლე მიშლიდა ხელს. განმარტოებული ცხოვრება სოფლად ყველაზე მეტად მომწონდა. გარდა ამისა, სიყმაწვილე არასოდეს არ არის ისე ტკბილი, როგორც ბავშვობა.
შენი ბებია კომუნისტი იყო?
გადაჭარბებული ნათქვამია. იმდროინდელი საფრანგეთის ის სოციალური ფენა, რომელსაც ბებია ეკუთვნოდა, კომუნისტურ პარტიას აძლევდა ხმას ისე, რომ მას წარმოდგენაც არ ჰქონდა ვინ იყო მარქსი. უბრალოდ, ეს კლასობრივი არჩევანი იყო და მეტი არაფერი.
მუშაობდა?
არა. პენსიონერი იყო.
მანამდე რას საქმიანობდა?
რკინიგზაში იყო დასაქმებული. მგონი სოფლის სარკინიგზო სადგური ებარა.
ახლო ურთიერთობა გქონდა ბებიასთან?
დიახ. მე ის ძალიან მიყვარდა.
შენ საოცარი იუმორის გრძნობა გაქვს. ბებია თუ იყო მხიარული?
არა. თითქმის არ ხუმრობდა.