მაგრამ მედიის ყურადღება მაინც სექსის სცენებით მიიპყარი.

არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს რომანებში უჩვეულო რაოდენობით სექსის სცენებია. არა მგონია, რომ ეს გახდა ამ რომანებით გამოწვეული შოკის მიზეზი. რამაც ადამიანები შოკში ჩააგდო, იყო ის, რომ მე ხელმოცარული სექსი აღვწერე. მე სექსისთვის ხოტბა არ შემისხამს. მე ჩვეულებრივი რეალობა აღვწერე: ადამიანი, რომელიც სექსუალური ნდომით არის აღსავსე, მაგრამ ამ ნდომას ვერ იკმაყოფილებს. ჰოდა, მკითხველსაც სწორედ ეს არ მოეწონა. სექსი პოზიტიური უნდა იყოს. სექსუალური იმედგაცრუების აღწერა სიბინძურე აღმოჩნდა. მაგრამ ეს ხომ სიმართლეა! კითხვა იმაში მდგომარეობს, ვის აქვს იმის უფლება, რომ ჰქონდეს სექსი? მე დღესაც ვერ ვგებულობ, როგორ იკავებენ თავს ახალგაზრდა აღმგზნები გოგონების შეხედვარე მასწავლებლები. როდესაც სექს-ტურიზმით ქალები არიან დაკავებულები, ეს უფრო საიდუმლო, სამარცხვინო და ტაბუირებული ხდება, ვიდრე მამაკაცების შემთხვევაში. ისევე როგორც, ქალმა მასწავლებელმა მოსწავლე ბიჭს ბარძაყზე ხელი რომ შეახოს, მაშინვე ენით გამოუთქმელ საშინელებად გამოცხადდება.

შენი რომანების უცვლელი “მისამღერიც” ესაა, რომ სექსი და ფული ჩვენი სამყაროს მთავარი ღირებულებებია.

გასაოცარია პირდაპირ, მაგრამ ორმოცდაათი წლისა ვარ და ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია, კარგია ეს სექსი თუ ცუდი. ფულზეც ძალიან ვეჭვობ. ჰოდა, გასაკვირი არ არის, რომ მწერალ-იდეოლოგად მიმიჩნევენ? მე მგონია, რომ ჩემს ნაწარმოებებშიც ყველაზე ნათლად ეს ჩემი ყოყმანი, ჩემი გადაუწყვეტელობა ჩანს. ისეთი საკითხებიც არსებობს, რომელთა მართებულობაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ. მაგალითად, ის ფაქტი, რომ შეგიძლია ქალს ფული გადაუხადო, ჩემი აზრით, ძალიან მისასალმებელია. ეს ჩემთვის ცალსახად ასეა და უდიდეს პროგრესს ნიშნავს.

მეძავებს გულისხმობ?

ჰო. მე პროსტიტუციის მომხრე ვარ.

რატომ?

იმიტომ, რომ ამ დროს ორივე მხარე მოგებული რჩება. მე პირადად ეს სულაც არ მაინტერესებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია. ბრიტანელების და ამერიკელების უმრავლესობა ფულს იხდის და ამით ბედნიერებას ყიდულობს. გოგონებიც ბედნიერები არიან და ბლომად ფულს აკეთებენ.

საიდან იცი, რომ გოგონები ბედნიერები არიან?

ველაპარაკე და ვიცი. ძნელი კია, რადგან გოგონების უმრავლესობამ ინგლისური არ იცის, მაგრამ მაინც ველაპარაკე.

და საყოველთაოდ გავრცელებულ წარმოდგენაზე რას იტყვი, რომ ეს ქალები მათი მსხვერპლნი არიან, ვინც მათ ამ სიტუაციისკენ უბიძგა?

არ არის მართალი. ტაილანდიაში ასე არ ხდება. სისულელეა, რომ იქ ამ საკითხს ასე მიუდგე.

შენზე ამბობენ, რომ პოლიტიკურად მემარჯვენე ხარ, რადგან “ელემენტარულ ნაწილაკებში” ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებ, თითქოს სამოციანი წლების ლიბერალიზმის წინააღმდეგ იყო. სწორად მიიჩნევ ამ საკითხის ასეთი ინტერპრეტაციას?

მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში მთავარ სოციალურ ცვლილებებთან შენ ბევრს ვერაფერს გააწყობ. კი, შეიძლება გული დაგწყდეს, რომ ოჯახური ერთეული თანდათან ქრება. შეგიძლია ამტკიცო, რომ ეს კაცობრიობას კიდევ უფრო მეტ სატანჯველში აგდებს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, შენ ამ საკითხს როგორ უყურებ, ეს პროცესი მაინც მიმდინარეობს. აი, ეს არის განსხვავება ჩემსა და რეაქციონერებს შორის. მე არ ვცდილობ საათის უკან გადაწევას, რადგან არ მჯერა, რომ დროის უკან დაბრუნება შეიძლება. რაც შენ შეგიძლია არის ის, რომ დააკვირდე ამ პროცესს და აღწერო. მე ყოველთვის მომწონდა ბალზაკის ერთი საკმაოდ შეურაცხმყოფელი გამოთქმა – რომანის ერთადერთი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის საშუალებას იძლევა, აღწერო იმ საშინელებათა სია, რაც არსებული ღირებულებების ცვლილებას მოჰყვებაო. რა თქმა უნდა, ეს შეფასება ოდნავ გადაჭარბებულია, მაგრამ განა მე კი სხვას ვაკეთებ რამეს? მეც მხოლოდ იმ საშინელებებს აღვწერ, რომლებიც ღირებულებების ლიბერალიზაციას მოჰყვება ხოლმე.

ერთხელ დაწერე, რომ შენ ხარ “არა მარტო რელიგიური, არამედ პოლიტიკური ათეისტიც”. შეგიძლია ეს აზრი განავრცო?

მე მაინცდამაინც არ მწამს პოლიტიკის გავლენისა კაცობრიობის ისტორიაზე. მე ვფიქრობ, რომ მთავარი ფაქტორი აქ ტექნოლოგიაა და ზოგჯერ, ძალიან იშვიათად, რელიგია. არ მჯერა, რომ პოლიტიკოსებს შეიძლება ჰქონდეთ ჭეშმარიტი ისტორიული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათ ნაპოლეონის მასშტაბის კატასტროფის გამოწვევა შეუძლიათ. არ მჯერა, რომ ინდივიდუუმის ფსიქოლოგიას ძალა შესწევს, გავლენა იქონიოს სოციალურ პროცესებზე. ჩემი ეს რწმენა შეგიძლიათ ჩემს ნებისმიერ რომანში ამოიკითხოთ. დღეს ვიღაცას ბელგიაზე ვესაუბრე, ქვეყანაზე, რომელიც პრაქტიკულად არ მუშაობს. ჰოდა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისიდან გამომდინარე, ამ მოვლენას ვერავინ ხსნის, რადგან თვით ბელგიელები ძალიან სიმპათიური ხალხია და სურვილიც აქვთ, რომ ყველაფერი ფუნქციონირებდეს. ქვეყანა გაქრობის პირას დგას. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დავიჯეროთ, რომ აქ მძლავრი სოციოლოგიური ძალა მოქმედებს, რომლის ახსნაც ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მეშვეობით შეუძლებელია.

მოულოდნელი იყო შენთვის გამოხმაურება, რომელიც “ელემენტარული ნაწილაკებს” მოჰყვა?

დიახ. მე მის ისეთსავე წარმატებას მოველოდი, როგორიც ჩემს სადებიუტო რომანს ჰქონდა. კრიტიკის საფუძველზე მიღწეულ წარმატებას და გაყიდული წიგნების მოკრძალებულ რაოდენობას. ეს ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი იყო, რადგანაც საშუალება მომეცა, სამსახურისთვის დამენებებინა თავი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14