ახლა რას ფიქრობ თქვენს სადებიუტო რომანზე?

სასტიკია, მაგრამ კარგია. გარდა ამისა, ის იყო Les Inrockuptibles-თან ჩემი მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობის საწყისი, რომელთაც რომანი წაკითხვისთანავე მოიწონეს.

Les Inrockuptibles?

ერთგვარი ჟურნალია, რომლის ერთი მესამედი მუსიკას, ერთი მესამედი ლიტერატურას, ხოლო ერთი მესამედიც ყველაფერ დანარჩენს ეძღვნება. მან დაარსებისთანავე (1986 წლიდან ის ყოველთვიურად გამოდიოდა, ხოლო 1995 წლიდან ყოველკვირეული გახდა) მოახდინა ფრანგული პრესის ტერორიზება, რადგან ის ყველა არსებულ გამოცემას ბევრად ჯობდა. ტრადიციული ყოველკვირეული ჟურნალები მათივე ლიტერატურული დანამატებით მასთან შედარებით ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდნენ. ყველა, ვისაც პარიზში ინტელექტუალი ეთქმოდა, მათ ფერხთით იყო გართხმული. სამწუხაროდ, საკმარისი პასუხისმგებლობის გრძნობა არცერთ მის გამომცემელს არ აღმოაჩნდა, აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობაც არავინ აიღო საკუთარ თავზე და დღესდღეობით ჟურნალი აღარ არსებობს.

რა ღირებულებებს აღიარებდნენ?

ეს იყო ალბათ უმთავრესი და ერთადერთი ღირებულება – რეალიზმი! გვიჩვენეთ რეალური სამყარო, ამბები, რომლებიც ახლა ხდება და ეს ყველაფერი რეალური ადამიანების ცხოვრების საფუძველზეო.

1998 წელს გამოეცი შენი მეორე, ძალიან ცნობილი რომანი “ელემენტარული ნაწილაკები”, წარმატებული მეცნიერისა და მისი სექსუალურად ფრუსტრირებული ნახევარძმის ტრაგიკულ სასიყვარულო ცხოვრებაზე. რამ გადაგაწყვეტინა, რომ დაგეწერა ასეთი რამ?

ნამდვილი შთაგონება ამ რომანის დასაწერად ჩემთვის ალან ასპეს 1982 წლის ექსპერიმენტი გახდა. ამ ექსპერიმენტმა აჩვენა EPR-პარადოქსი: როდესაც ნაწილაკები ინტერაქციაში შედიან, მათი ტრაექტორიები ერთმანეთს უკავშირდება. როდესაც შენ ერთ მათგანზე ახდენ ზემოქმედებას, ამ ზემოქმედების ეფექტი სხვებზეც ვრცელდება. იმის გაცნობიერებამ, რომ თუ ორი რამ ერთხელ მაინც იყო დაკავშირებული, ერთმანეთთან მარადიულ კავშირში რჩებიან, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ეს ხაზს უსვამს ფუნდამენტურ ცვლილებას ფილოსოფიაში. იქ სადაც არ არის რელიგიური რწმენა, მის ადგილს იკავებს მატერიალისტური ფილოსოფია, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ ყველანი მარტონი ვართ და კაცობრიობა ბიოლოგიის დონეზე დაჰყავს. მისი აზრით, ადამიანი მყიფე და მალფუჭებადია და ისეთივე იოლად გამოსათვლელი, როგორც ბილიარდის ბურთი. აი, ეს მსოფლმხედველობა ერთიანად არის დანაღმული ეპრ-პარადოქსით. “ელემენტარული ნაწილაკების” დაწერაც ამ იდეამ შთამაგონა, მომდევნო მეტაფიზიკური მუტაციის ამოცნობის იდეამ. მე მსურდა, რომ ის მატერიალიზმზე ნაკლებად დეპრესიული ყოფილიყო, მატერიალიზმი კი, დამეთანხმები, საკმაოდ დეპრესიულია.

როგორი იყო გზა ამ იდეიდან რომანამდე?

მთავრი გმირიდან, მიშელიდან დავიწყე, რომელიც ფიზიკოსია. მერე საშინელმა სინანულმა შემომიტია, “ბრძოლის ველის განვრცობაში” ტისერანი რომ ასე ადრეულად მოვკალი და ამან ბრუნომდე მიმიყვანა, რომელიც უბრალოდ ტისერანის განვრცობა იყო. ამჯერად გადავწყვიტე, მისი ცხოვრების ამბავიც დაწვრილებით მომეთხრო და აი, ამან მე ნამდვილი სიამოვნება მომანიჭა. მიშელიზე წერა ნაკლებად სასიამოვნო იყო, რადგან ამისათვის უამრავი წიგნის წაკითხვა დამჭირდა.

კვლევები კვანტურ თეორიაში, არა?

ხო, და ეს ნამდვილი საშინელება იყო. ზოგიერთი წიგნი იმდენად რთული იყო, რომ თითოეული გვერდის სულ ცოტა სამჯერ გადაკითხვა მჭირდებოდა. არა, ასეთი ინტელექტუალური გამოწვევა ხანდახან სულაც არ არის ცუდი, მაგრამ ვეჭვობ, რომ ამას ოდესმე კიდევ გავიმეორებ.

განსაკუთრებით რისი მიღწევა გინდოდა ამ რომანში?

ძალიან მინდოდა, რომ ამ რომანს ჰქონოდა რამდენიმე ისეთი სცენა, რომელსაც თქვენ ინგლისურად “heartbreaking”-ს უწოდებთ.

გულის გასახეთქი?

მიშელის მეგობარი ქალის სიკვდილი, ჩემი აზრით, საკმაოდ სულისშემძვრელი სცენაა. აი, სწორედ ასეთი სცენების დაწერა მინდოდა ყველზე მეტად.

და რატომ?

იმიტომ, რომ მე ლიტერატურაში ეს ყველაზე მეტად მომწონს. აი, მაგალითად, ავიღოთ “ძმები კარამაზოვების” ბოლო გვერდები: მე მათი წაკითხვა ცრემლის გარეშე არ შემიძლია, ის კი არა, მე უცრემლოდ მათზე ფიქრსაც ვერ ვახერხებ. სწორედ ამას ვაღმერთებ ლიტერატურაში, მის უნარს, რომ აგატიროს. ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, მხოლოდ ორი ქათინაური არსებობს, რომელიც მე ნამდვილ სიამოვნებას მგვრის: “ამ სტრიქონებმა მე ცრემლები მომგვარა”, “ერთ ღამეში წავიკითხე. ვერაფრით ვერ მოვწყდი წიგნს”.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14