რატომ მამას და არა დედას?
დიახ. ეს იმიტომ ხდება, რომ ფეხმძიმობისას ქალის ორგანიზმში რიგ ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებები ხდება. ეს ჩვეულებრივი ბიოლოგიაა. მამებს კი თავიანთი პირმშოები სრულიად ფეხებზე ჰკიდიათ. ეს ჰორმონალურ დონეზე ხდება, კულტურასთან არაფერი აქვს საერთო და განაპირობებს იმას, რომ ქალებს უყვართ შვილები, მამებს კი უბრალოდ ფეხებზე ჰკიდიათ.
ქორწინებაზე რაღას იტყვი?
მე ვფიქრობ, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის არსებობს მკვეთრი ზღვარი უნივერსიტეტში სწავლისა – როდესაც მათ უამრავი სხვა ადამიანის გაცნობის შესაძლებლობა აქვთ – და სამსახურის დაწყების პერიოდს შორის, როდესაც მათ ეს საშუალება თითქმის აღარ აქვთ. მათი ცხოვრება საშინლად უფერულდება. ჰოდა, ალბათ იმიტომ ქორწინდებიან, რომ მომავალში პირადი ცხოვრება ჰქონდეთ. მე შემიძლია ეს თემა განვავრცო, მაგრამ ვფიქრობ, ისედაც გასაგებია ყველაფერი.
ანუ ქორწინება რეაქციაა…
ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ის ერთობ მარტოსული ცხოვრების თავიდან ასარიდებლად სჭირდებათ.
“ბრძოლის ველის განვრცობის”-თვის გამომცემლობის მოძებნა ძალიან გაგიჭირდა. შენი აზრით რატომ ამბობდნენ უარს გამომცემლები?
აზრზე არა ვარ. ერთი კი ცხადია – მათ, ვინც მაშინ იბეჭდებოდა, მართლაც არაფრით ვგავდი. აი, მაშინ, თუ არ ვცდები, დიდ მწერლად ლე კლეზიო მოიაზრებოდა.
თქვენ რას ფიქრობ ლე კლეზიოზე, რომელიც 2008 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა?
არ ვიცი, არ წამიკითხავს. ვეცადე, მაგრამ მალე მომბეზრდა და თავი გავანებე. უბრალოდ, მე იმის თქმა მინდა, რომ იმ ნაწარმოებებში, რომლებიც მაშინ იბეჭდებოდა, უფრო ხელოვნება ფასობდა, წერის ხელოვნება. ხალხი ახალი რომანის ტრადიციების მიხედვით წერდა. მათ ნაწერებში არაფერი იყო უბრალო ოფისის თანამშრომელთა ცხოვრებაზე.
ანუ შენ არ ხარ ახალი რომანის თაყვანისმცემელი…
ხანდახან მიყვარს ხოლმე ამა თუ იმ მატერიალისტური თეორიისთვის პატივის მიგება. ერთ-ერთი მათგანი ის არის, რომ Editions Vailant-მ ერთიანად შეცვალა მისთვის ჩვეული კულტურის ტრანსმისია და ის უფრო ინტერნაციონალური და ნაკლებად თანმიმდევრული, ერთმანეთთან დაკავშირებული გახადა. მე უნივერსიტეტში ლიტერატურა არასოდეს მისწავლია, Livres de Poche კი ახალ რომანს არ გამოსცემდა. ამიტომ მე მისი კითხვა გვიან დავიწყე. ვიტყოდი, ძალიან გვიანაც – მოგეხსნებათ, გარკვეული ასაკიდან ტვინი უკვე ატროფირდება.
პოეზიაზე რას იტყვით?
მე ვფიქრობ, რომ პოეზია ერთადერთი დარგია, რომლის მეშვეობითაც ავტორს მართლაც შეუძლია დიდი ზეგავლენა მოახდინოს შენზე, რადგან შენ ხანდახან იმდენჯერ კითხულობ ამა თუ იმ ლექსს, რომ გინდა არ გინდა ის შენს ტვინში სამუდამოდ იბეჭდება. ბოდლერი უამრავ ადამიანს წაუკითხავს. მე კი კორნელის კითხვით ერთობ უჩვეულო გამოცდილება მივიღე. პიერ კორნელს არავინ კითხულობს და იმიტომ, მე კი სულ შემთხვევით გადავაწყდი მის ლექსებს და რატომღაც მაშინვე ძალიან მოვიხიბლე. მოვიხიბლე ალექსანდრიული ლექსით, ტრადიციული თორმეტმარცვლიანი პწკარით. უნივერსიტეტში სწავლისას ბევრი კლასიკური და ოთხტერფიანი ლექსი დავწერე, რომლებიც სხვა პოეტების მოწონებას იმსახურებდა. მაგრიაო, ამბობდნენ, ჩვენ რატომ არ ვწერთ ტეტრამეტრში, თურმე შესაძლებელი ყოფილაო.
შენ თავს პოეტად არ მოიაზრებ?
ალბათ არა. იცი, სამწუხაროა, მაგრამ როდესაც რომანებს წერ, რომელთაც გარკვეული გამოხმაურება მოჰყვებათ, ხვდებით, რომ გამომცემლები თქვენს ლექსებს რაღაცნაირად, თითქოს გულმოწყალების საფუძველზე აქვეყნებენ. მე კი ეს ფაქტი უხერხულ მდგომარეობაში მაყენებს.
მაგრამ შენ ყოველ რომანში ათავსებ ლექსებს…
კი, მაგრამ ეს არასოდეს ამართლებს. მე ყოველთვის ვცდილობდი მომეთავსებინა ლექსი ჩემს რომანში, მაგრამ ამან ნაყოფი ვერასოდეს გამოიღო.
ეს სიტყვები შენ გეკუთვნის: “ბრძოლა პროზასა და პოეზიას შორის ჩემი ცხოვრების მუდმივაა. თუ შენ პოეტურ იმპულსებს დაექვემდებარები, შესაძლოა აღარავინ წაგიკითხოს. თუ შენ ამ იმპულსს წინ აღუდგები, მზად ხარ იმისთვის, რომ პატიოსანი “მთხრობელი” გახდე.”
იცი, ვინმეს შეუძლია აქედან ასეთი დასკვნა გამოიტანოს, რომ მე “მთხრობელობას” ზედაპირულად ვეპყრობი და ამაში მხოლოდ ნაწილობრივ იქნებიან მართალი. მაგალითად, მე ვაღმერთებ აგათა კრისტის. თავიდან ის ემორჩილება ჟანრის მოთხოვნებს, მაგრამ მერე თანდათანობით მაინც ახერხებს მასში თავისი პირადი ელემენტების შეტანას. ჩემ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ მე უკუღმა დავიწყე. თავიდან არ ვემორჩილებოდი ჟანრს, არ ვავითარებდი მოქმედებას, მაგრამ მერე ხანდახან თავს შემოვუძახებდი ხოლმე, მიდი, რამე მოიფიქრე, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მოხდეს რაღაც-მეთქი. თავს ვაკონტროლებ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი ერთ კარგ მონაკვეთზე უარს, თუნდაც ის არაფრით არ ესადაგებოდეს რომანში მოთხრობილ ამბავს.