სამეცნიერო ფანტასტიკა რითი გიზიდავს?

ვფიქრობ, ხანდახან რეალობისგან შესვენება მჭირდება. საკუთარ თავს, როგორც მწერალს, რეალისტად მივიჩნევ, რომელსაც ცოტა გაზვიადება სჩვევია. თუმცა ჰ.ფ. ლავკრაფტის “ქთულჰუს ძახილიდან” ერთი რამ მეც გადმოვიღე. ვისწავლე, ერთსა და იმავე საკითხს სხვადასხვა კუთხიდან შევხედო. მთხრობელის დღიურს მეცნიერის ანგარიშგება მოსდევდეს, ამას კი ვინმე ადგილობრივი იდიოტის ჩვენება. ჰ.ფ. ლავკრაფტის ეს ზეგავლენა თვალნათლივ ჩანს ჩემს “ელემენტარულ ნაწილაკებში”, სადაც მე ცხოველების ბიოლოგიიდან რეალიზმზე, სოციოლოგიაზე გადავდივარ. სამეცნიერო ფანტასტიკა რომ არა, ალბათ ვიტყოდი, ყველაზე ძლიერი ზემოქმედება ჩემზე, როგორც მწერალზე მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურამ მოახდინა-მეთქი.

ვიცი, რომ მეცხრამეტე საუკუნის სოციალური რეფორმატორების დიდი თაყვანისმცემელი ხარ, განსაკუთრებით კი პოზიტივიზმის ფუძემდებლის, ოგიუსტ კონტისა.

ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ კონტის წაკითხვა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ის თავის თხზულებებში ამა თუ იმ აზრს იმდენჯერ იმეორებს, რომ თითქმის სიგიჟემდე მიყავხარ. რამდენადაც მე ვიცი, ის ერთადერთი ფილოსოფოსია, რომელმაც სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა. ცალმხრივი სიყვარულით გულმოკლული ადგა და სენაში გადავარდა. ამოიყვანეს და ექვსი თვით სანატორიუმში გაგზავნეს. ჰოდა, ეს კაცი პოზიტივიზმის მამა იყო, ვის ნააზრევსაც დღესაც რაციონალიზმის მწვერვალად მიიჩნევენ.

ერთხელ თქვი, რომ “ძველი, მაგრამ აუტანელი კალვინისტი” ხარ. ეს როგორ გავიგო?

მე ვფიქრობ, რომ არსებობს კეთილი და ბოროტი და მათი თანაფარდობა თითოეულ ჩვენგანში უცვლელია. ადამიანის მორალური ხასიათი სიკვდილამდე ყალიბდება. ეს კი უტოლდება კალვინისტების წარმოდგენას განაჩენზე, რომლითაც ადამიანები იბადებიან იმისთვის, რომ გადარჩნენ ან დაწყევლილ იყვნენ, და მათ არ ძალუძთ მისი შეცვლა. აუტანელი კალვინისტი კი იმიტომ ვარ, რომ მე უარს ვამბობ გამოვეყო მეცნიერებას ან სხვაგვარად რომ ვთქვა, ვირწმუნო მეცნიერებაზე უწინარესი სიმართლის არსებობა.

სამეცნიერო საფუძვლები თქვენც გაქვთ. თქვენ ხომ აგრონომიული ფაკულტეტი დაამთავრეთ. რა არის აგრონომია?

ყველაფერი, რაც საკვების პროდუქციას უკავშირდება. ერთი პატარა პროექტი, რომელიც მე გავაკეთე, იყო კორსიკის მცენარეული საფარის რუკა, რომელიც იმ მიზნით შეიქმნა, რომ ცხვრების გასამრავლებლად შესაფერისი ადგილები მოგვეძებნა. ჯერ კიდევ სკოლაში ერთი ბროშურა ჩამივარდა ხელში, რომელშიც ამოვიკითხე, რისი გაკეთება შეიძლებოდა აგრონომიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, რაც აბსოლუტური სისულელე აღმოჩნდა. აგრონომთა უმრავლესობა ადრე თუ გვიან მაინც აგროკულტურის ამა თუ იმ ფორმას ემსახურება, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ჩემი ორი თანაკურსელი, მაგალითად, სასულიერო პირები გახდნენ.

მოგწონდა აგრონომულ ფაკულტეტზე სწავლა?

ძალიან. თითქმის მკვლევარიც კი გავხდი. ეს “ელემენტარულ ნაწილაკებში” ჩემი ყველაზე ავტობიოგრაფიული თემაა. მე მევალებოდა მეპოვა მათემატიკური მოდელი, რომელიც მიესადაგებოდა რონა-ალპების რეგიონში მდებარე ნანტუას ტბაში მცხოვრები თევზების პოპულაციას. რატომღაც თავი დავანებე ამ პროექტს, რაც ჩემი მხრიდან სიბრიყვე იყო, რადგან სხვა სამსახურის პოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ამის შემდეგ კომპიუტერულ პროგრამისტად დაიწყე მუშაობა. გქონდა კი ამის გამოცდილება?

არა, მანამდე პროგრამირების შესახებ წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ ეს იმ დროს ხდებოდა, როდესაც უმოკლეს პერიოდში პროგრამირებაზე უდიდესი მოთხოვნილება შეიქმნა, მისი შესასწავლი სკოლები კი ჯერ არ არსებობდა. ასე, რომ სამსახური კი იოლად ვიშოვე, მაგრამ მასზე დაწყებისთანავე ავიცრუე გული.

შენი სადებიუტო რომანი “ბრძოლის ველის განვრცობა”…კომპიუტერულ პროგრამისტსა და მის სექსუალურად ფრუსტრირებულ მეგობარზე რამ დაგაწერინა?

მანამდე არც ერთ რომანს არ ვიცნობდი, რომელიც იმაზე მოგვითხრობდა, რომ სამსახურის დაწყება შესაძლოა საფლავში ჩაწოლას ჰგავდეს, რომ ამის შემდეგ ცხოვრებაში აღარაფერი ხდება, შენ კი ვალდებული ხარ სხვებს თავი ისე მოაჩვენო, თითქოს შენი საქმე ძალიან გაინტერესებს. გარდა ამისა, ზოგ ადამიანს აქვს სექსუალური ცხოვრება, ზოგს კი არა, თუნდაც იმიტომ, რომ ზოგი მათგანი საინტერესო და მომხიბლავია, ზოგი კი არა. აი, სწორედ ამისთვის მინდოდა გამესვა ხაზი, რომ თუ ადამიანებს სექსუალური ცხოვრება არა აქვთ, ეს რამე მორალურ მიზეზზე კი არა, არამედ მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რომ უბრალოდ შეუხედავები არიან. თქვენ კი თქვით, ეგ ხომ ისედაც ცხადიაო, მაგრამ აი, მე მინდოდა აუცილებლად გამესვა ამ ფაქტისთვის ხაზი.

ამ დროს საბრალო ტისერანი, რომელიც არავის მოსწონს, საკამოდ ამაღელვებელი გმირია.

გეთანხმები. ის ძალიან კარგი გმირია. წარსულს რომ ვუბრუნდები, ძალიან მიკვირს, რომ მხოლოდ მის სექსუალურ ფრუსტრაციაზე დაყრდნობით ასეთი საინტერესო ხასიათის შექმნა გახდა შესაძლებელი. ტისერანის წარმატებამ მეც ბევრი რამ შემძინა და მასწავლა.

“ბრძოლის ველის განვრცობის” მთხრობელი ამბობს, “ადამიანს ახალგაზრდები ეჯავრებაო”.

ეს კიდევ სხვა ხაფანგია. პირველი ის არის, რომ როდესაც შენ პროფესიულ საქმიანობას იწყებ, შენს ცხოვრებაში სხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი აღარაფერი ხდება. მეორე კი ის, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც შენს ადგილს დაიკავებს და თანაც ცხოვრებაში სხვა გამოცდილებებსაც მიიღებს. შენც ისეთივე ბუნებრივი სიძულვილის გრძნობა გეუფლება, როგორც მამას ვაჟიშვილის მიმართ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14