უელბეკზე დარხეული ხმების გამო, სვამს და მასთან ინტერვიუზე მისულ ქალებთან დაახლოებას ცდილობსო, პარიზში მისი პატარა, ნაქირავები ბინის კარზე საკმაოდ შეფიქრიანებულმა დავრეკე ზარი. მაგრამ იმ ორი დღის განმავლობაში, რაც მასთან ერთად გავატარე, მან ჩემზე ძალიან თავაზიანი და ერთგვარად მორცხვი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ეცვა ძველი ფლანელის პერანგი და ოთახის ჩუსტები და ჩანდა, ამჯერადაც ძალიან იტანჯებოდა ქრონიკული ეგზემით. ინტერვიუს განმავლობაში მწერალი ძირითადად გასაშლელ ტახტზე იჯდა და ეწეოდა (ის ცდილობს დღეში ოთხ კოლოფზე ნაკლები მოწიოს და ამიტომ აქა-იქ ელექტრონულ სიგარეტს იშველიებს). ჩვენ ფრანგულად ვლაპარაკობდით, ხანდახან კი ინგლისურადაც, რომელიც უელბეკს საკმაოდ კარგად ესმის. ჩემს ყოველ კითხვას ჯერ სამარისებური დუმილი მოსდევდა, ამ დროს ის თვალდახუჭული იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. რამდენჯერმე, ეჭვიც კი შემეპრა, ხომ არ ჩაეძინა-მეთქი. კითხვებზე თავიდან გადაქანცული მონოტონურობით მპასუხობდა, მეორე დღეს კი ოდნავი გამოცოცხლება დაეტყო. იმეილებში, რომლებიც ჩვენი საუბრის შემდეგ მისგან მივიღე, ის ჭკუამახვილი და მომხიბლავი იყო.

უელბეკი ბევრი ფრანგული ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა, აი, ყველაზე სასურველი გონკური კი ვერ მიიღო, მიუხედავად ფრანგული ლიტერატურის ცნობილი წარმომადგენლების შეხედულებისა, რომ ის მას იმსახურებს. მან აგრეთვე გამოაქვეყნა პოეზიისა და ესეების კრებულები. მის რამდენიმე ლექსზე დაიწერა სიმღერები, რომელთაც უელბეკი თავად ასრულებდა პარიზის ღამის კლუბებში. უელბეკის ერთ ლექსზე საფრანგეთის პირველმა ლედიმ კარლა ბრუნი-სარკოზიმაც ჩაწერა სიმღერა. ფართო საზოგადოებრიობისთვის ასევე კარგად ცნობილ ფრანგ ინტელექტუალთან ბერნარ-ანრი ლევისთან წარმოებული მიმოწერის საფუძველზე გამოიცა წიგნი სახელწოდებით “საზოგადოების მტრები”, რომლის თარგმანიც მომავალ ზამთარში გამოდის.

ამჟამად თავისუფალი უელბეკი ორჯერ არის განქორწინებული და ჰყავს ერთი ვაჟი პირველი ქორწინებიდან. 2000 წლიდან ის ირლანდიის დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობს, ზაფხულს კი ყოველ წელიწადს თავის სახლში, ანდალუზიაში ატარებს.

 

ვინ იყო შენი ლიტერატურული წინამორბედი?

სულ ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი ამაზე. ადრე ასეთ კითხვაზე ვპასუხობდი ხოლმე, რომ ჩემზე განსაკუთრებული ზეგავლენა იქონიეს ბოდლერმა, ნიცშემ და შოპენჰაუერმა, გარდა ამისა, დოსტოევსკიმ და მოგვიანებით ბალზაკმაც. ეს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება. მე მათ დღესაც თაყვანს ვცემ, მაგრამ მათ გარდა რომანტიკოსებიც ძალიან მიყვარს – ჰიუგო, ვინი, მუსე, ნერვალი, ვერლენი და მალარმე მათი ნაწარმოებების სილამაზისა და შემაძრწუნებელი ემოციური ინტენსიურობის გამო. ამასთანავე, ვფიქრობ, იქნებ რაც ბავშვობაში წამიკითხავს, ის უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

მაგალითად?

საფრანგეთს ორი კლასიკოსი საბავშვო მწერალი ჰყავს, ჟიულ ვერნი და ალექსანდრე დიუმა. მე ყოველთვის ჟიულ ვერნს ვამჯობინებდი. დიუმა, მთელი თავისი ისტორიული ჩანართებით მალე მაბეზრებდა თავს. ჟიულ ვერნს კი ამომწურავი წარმოდგენა ჰქონდა სამყაროზე და სწორედ ეს მომწონდა მასში ყველზე მეტად. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აგრეთვე ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრებმა. მე ისინი გულს მტკენდნენ. გარდა ამისა, მიყვარდა Pif le chien, კომიქსი, რომელსაც Editions Vailant გამოსცემდა, ხოლო მისი სპონსორი კომუნისტური პარტია იყო. ახლაღა მივხვდი, როდესაც ეს კომიქსი თავიდან გადავიკითხე, თუ რამდენი კომუნისტური იდეაა ჩადებული პიფის თავგადასავალში. მაგალითად, პირველყოფილი ადამიანი პირველივე შერკინებაში ამარცხებს ჯადოქარს და უხსნის თავის თემს, რომ მათ არაფრად სჭირდებათ განსწავლული და არც ელვისა უნდა ეშინოდეთ. ეს კომიქსი გარდა იმისა რომ ძალიან თანამედროვე იყო, მას შესანიშნავი ხარისხიც ჰქონდა. ბოდლერიც ძალიან ადრეულ ასაკში წავიკითხე, სულ რაღაც ცამეტი წლისა ვიქნებოდი, მაგრამ აი, პასკალმა ნამდვილად შოკში ჩამაგდო. თხუთმეტისა ვიყავი პასკალი რომ წავიკითხე. კლასთან ერთად გერმანიაში წავედით, პირველად აღმოვჩნდი საზღვარგარეთ და იქიდან რატომღაც პასკალის “აზრები” ჩამოვიტანე. ამ პასაჟმა თავზარი დამცა”. წარმოიდგინეთ ჯაჭვით გადაბმული სიკვდილმისჯილი მამაკაცები, რომელთაგანაც ყოველდღე რამდენიმეს კლავენ სხვების თანდასწრებით; დარჩენილები დახოცილებში მათსავე მდგომარეობას ხედავენ და ერთმანეთს საკუთარი ჯერის მოლოდინში სასოწარკვეთილები და მგლოვიარენი შეჰყურებენ. აი, სწორედ ეს არის სურათი ადამიანური ყოფისა”. მე ვფიქრობ ამ წინადადებამ ჩემზე განსაკუთრებულად იმიტომ იმოქმედა, რომ მე ბებიები და ბაბუა მზრდიდნენ. უცბად გავაცნობიერე, რომ ერთ დღესაც, და თანაც, ალბათ, მალე, ისინიც დაიხოცებოდნენ. აი, სწორედ მაშინ აღმოვაჩინე სიკვდილი.

სხვა რომელმა ავტორებმა მოახდინეს შენზე შთაბეჭდილება?

ხშირად ვკითხულობდი სამეცნიერო ფანტასტიკას. ჰ.ფ. ლავკრაფტსა და კლიფორდ სიმაკს. “ქალაქი” ბრწყინვალე წიგნია. მიყვარდა აგრეთვე სირილ კორნბლათი და რ. ა. ლაფერტი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14