საფრანგეთში რატომ არ ცხოვრობ?

ნაწილობრივ იმიტომ, ცოტა ნაკლები გადასახადები რომ ვიხადო და ნაწილობრივ კი – შენს ულამაზეს ენას რომ დავეუფლო, მადამ. გარდა ამისა, ირლანდია ულამაზესი ქვეყანაა, განსაკუთრებით მისი დასავლეთი ნაწილი.

და არა იმიტომ, რომ ცდილობ საკუთარ ქვეყანას გაექცე?

არა. იქიდან განუზომელი დიდებით წამოვედი და მტრებიც არ მყოლია.

ამ ანგლო-საქსურ სამყაროზე რას ფიქრობ?

ჩანს, რომ ეს ის სამყაროა, რომელმაც კაპიტალიზმი გამოიგონა. აქ რამდენიმე კერძო ფირმა ეჯიბრება ერთმანეთს ფოსტის დარიგებასა და ნაგვის გატანაში. გაზეთის ფინანსებისთვის მიძღვნილი განყოფილებაც ბევრად უფრო სქელია, ვიდრე საფრანგეთში.
გარდა ამისა, შევამჩნიე, რომ მამაკაცები და ქალები აქ დროს უმეტესად ცალ-ცალკე ატარებენ. მაგალითად, რესტორანში რომ მიდიხარ, ხედავ, რომ ქალები თავიანთ წრეში სხედან და ჭამენ. ფრანგები ამაში უფრო ლათინელები არიან. მარტო ერთი სქესის წარმომადგენლებისგან შემდგარი ვახშამი უბრალოდ მოსაწყენი იქნებოდა მათთვის. ერთ ირლანდიურ სასტუმროში საუზმის მაგიდასთან მამაკაცების ჯგუფი იჯდა და გოლფზე კამათობდა. წავიდნენ თუ არა, მათი ადგილი ქალთა ჯგუფმა დაიკავა, რომელმაც სხვა თემაზე დაიწყო საუბარი. გეგონება სხვადასხვა სახეობის ცოცხალი ორგანიზმები არიან, რომლებიც ხანდახან და ისიც მხოლოდ გამრავლების მიზნით ხვდებიან ერთმანეთსო. კუტზეეს რომანში ერთი ხაზი მომეწონა. ერთ-ერთი გმირი ეჭვობს, რომ ერთადერთი რამ, რაც მის ლესბოსელ ქალიშვილს ცხოვრებაში ჯერ კიდევ აინტერესებს, ოპუნციის ჯემია. ლესბოსელობა აქ მხოლოდ პრეტექსტია. თვითონ მასა და მისი ცხოვრების თანამგზავრს სექსი კარგა ხანია აღარ აქვთ და მთელ დროს სახლის მორთვა-მოწყობასა და მზარეულობას უთმობენ.
იქნებ ამ ყველაფერში არის იმ პოტენციური სიმართლის მარცვალი, რომ ქალების გარკვეულ ნაწილს გარდა ჯემისა და ფარდებისა, ცხოვრებაში სხვა არაფერი აინტერესებს.

და მამაკაცები? მამაკაცებს რა აინტერესებთ?

მომცრო უკანალები. მიყვარს კუტზეე. ისიც სასტიკ რაღაცეებს ამბობს ხოლმე.

შენ თქვი, რომ შენში არის რაღაც ამერიკულიც. ამას რითი დამისაბუთებ?

ბევრი ვერაფრით. ამერიკულ კონტექსტში რომ ვცხოვრობდე, ალბათ “ლექსუს” შევიძენდი, რადგან ამ ფასად უკეთეს ხარისხს სხვა ფირმა ვერ შემოგთავაზებს. გარდა ამისა, ძაღლი მყავს, ვალიური კორგი, რომელიც, როგორც ამბობენ, ამერიკაში ყველზე პოპულარული ჯიშია. ის, რაშიც ამერიკელებს არაფრით ვგავარ, დიდი მკერდისადმი მათი ობსესიაა, რომელიც მე სრულებითაც არ აღმაგზნებს. მაგრამ ორადგილიანი გარაჟი? – ეს მეც მინდა მქონდეს. მაცივარი, რომელიც ყინულს თვითონ აკეთებს? – მეც მინდა. უბრალოდ, ბევრი რამ, რაც ამერიკელებს მოსწონთ, მეც მომწონს.

შენი ახალი რომანი “რუკა და ტერიტორია”, რომელსაც მკითხველი სულმოუთქმელად ელის, სადაც არის დაიბეჭდება პარიზში, მაგრამ მასზე ჯერ კიდევ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. წავიკითხე, რომ ეს დაახლოებით ხუთასგვერდიანი წიგნი იქნება, რომელიც “თანამედროვე საზოგადოებას წარმატებული ხელოვანის პრიზმიდან აკვირდება”. როგორც ჩანს, თავად ხარ ამ რომანის გმირი. მართალი ვარ?

ეს რომანი მხოლოდ ოთხასორმოცდაათ გვერდს მოიცავს. მთავარი გმირი ხელოვანია. უელბეკი მხოლოდ მეორეხარისხოვანი გმირია, რომელიც თავისი გამოჩენით ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს. მეტს ნამდვილად ვერ გეტყვი.

როგორ ფიქრობ, სისასტიკის გარდა კიდევ რით იზიდავს მკითხველს შენი ნაწარმოებები?

ამ კითხვაზე რამდენიმე პასუხი არსებობს. პირველი ისაა, რომ ისინი კარგად არის დაწერილი. მეორე – შენ ქვეცნობიერად გრძნობ, რომ ისინი სიმართლეს გიყვებიან. და მესამე, რომელიც მე თვითონ ყველაზე მეტად მომწონს: ეს არის მათი სიმძაფრე. სიმძაფრე საჭიროა. ხანდახან უნდა მიატოვო ჰარმონია. ხანდახან სიმართლეც უნდა მიატოვო. ხანდახან, თუ ამას საჭიროება მოითხოვს, ექსცესსაც კი უნდა მიესალმო. წმინდა პავლესავით არ დავიწყე ქადაგება?

რას გულისხმობ?

“ახლა კი რჩება რწმენა, იმედი, სიყვარული – ეს სამი, ხოლო მათგან სიყვარულია უმეტესი”. ჩემი ვერსია ასეთი იქნებოდა: “ახლა რჩება სილამაზე, სიმართლე და სიმძაფრე, მაგრამ ამ სამიდან სიმძაფრეა უმეტესი”.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14