შენც კომედიანტივით მყისიერად აიტაცებ ხოლმე დროის ამა თუ იმ მონაკვეთისთვის პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარე თემას, გამოხატავ შენს აზრს მასზე და სულაც არ განაღვლებს, თუკი ვინმეს შეურაცხყოფ. ეს კი ხანდახან ძალიან სასაცილოა. მკითხველი მართალია შოკშია, მაგრამ მაინც იცინის.
შენ იცინი, რადგან მეც მხოლოდ იმას დავცინი, რაც მართლაც რომ დასაცინია. იქნებ ეს ლიტერატურისთვის უჩვეულო რამ იყოს, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხომ ასეა. “კარგი, ხო, აღიარე, რომ ისლამი იდიოტური რელიგიაა” – განა ასეთ რამეს ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ იოლად არ იტყვი? ეს ყველაფერზე მობოდიშება მე ფრანგული კულტურისთვის ძალიან დამახასიათებელი მგონია. მაგალითად, ერთმა გოგომ მითხრა, ჩემი მეგობარი, რომელიც საშინლად შეუხედავია, აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ იბრძვისო. დაწვრილებით მომიყვა, თუ როგორ კამათობდნენ ამ თემაზე. მერე კი დაამატა, რა ვქნა, ძალიანაც არ მინდა გულქვა და საძაგელი ადამიანი ვიყო, მაგრამ მართლა არავინ მეგულება ისეთი, მის დაორსულებას რომ მოინდომებსო. ფრანგებს სჩვევიათ, საუბარში სხვას, ასე ვითომცდა ბოდიშის მოხდით, შეურაცხყოფა მიაყენონ. არადა, ეს შეურაცხყოფა უბრალოდ საღი აზრია, რომელსაც მე პირადად მივესალმები.
შენ შეურაცხყოფის დიდოსტატი ხარ. სხვების შეურაცხყოფა სიამოვნებას განიჭებს?
დიახ. უნდა გამოგიტყდე, რომ ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია.
შენი პოეტური ტრიუმფი “კუნძულის შესაძლებლობის” უკანასკნელ ნაწილში თურმე სიამაყით გავსებს. აი, კლონი რომ დაუკითხავად ტოვებს შემოსაზღვრულ ტერიტორიას და სხვა კლონის საძებნელად უდაბნოში მიდის.
“კუნძულის შესაძლებლობის” ბოლო ნაწილი მეც ძალიან მომწონს. არა ვარ დარწმუნებული, რომ ის ჩემს მიერ აქამდე დაწერილს ჰგავდეს, მაგრამ ეს ფაქტი ჯერ არცერთ მიმომხილველს არ აღუნიშნავს. მე მიჭირს ამის ახსნა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ ბოლო ნაწილში რაღაც ძალიან, ძალიან ლამაზი ხდება. თითქოს კარი იღება და სულ სხვა სამყაროში შედიხარ. გამოგიტყდები და ჩემივე სიტყვების სილამაზემ თავბრუ დამახვია.
მე ამ ბოლო ნაწილის დასაწერად საგანგებოდ მოვემზადე. წერას თავი დავანებე. ორი კვირის განმავლობაში არაფერი გამიკეთებია, სრულიად არაფერი. არავის შევხვედრივარ. არავისთვის გამიცია ხმა. პრინცპიში, რომანის წერის დროს გაჩერება არაფრით არ შეიძლება და გაჩერება იმისთვის, რომ ამასობაში სხვა რამით დაკავდე – ეს ხომ სრული კატასტროფაა. მაგრამ ამ შემთხვევაში მე ყველაფერს თავი დავანებე. მინდოდა ნდომით აღვსილიყავი და ასეც მოხდა.
ერთხელ თქვი, ციკლოთიმია მჭირსო. ეს რას ნიშავს?
რას ნიშნავს და იმას, რომ ჩემი განწყობა მსუბუქ დეპრესიულსა და მაღალ ემოციურობას შორის მერყეობს. მაგრამ ჩემი დეპრესიულობისა ბოლომდე არ მჯერა.
ეს როგორ?
უბრალოდ, არ ვაქტიურობ. მაგალითად, თუ ლოგინში ვწევარ და საქმე არაფერი მაქვს, მშვენივრად ვგრძნობ თავს. ასეთ მდგომარეობას დეპრესიას ვერ უწოდებ.
მაგრამ შენ ნათქვამს ხომ ვერ უარჰყოფ, რომ შენთვის ყველაზე დიდი საშიშროება გაბუტული კუთხეში დგომა და განუწყვეტლივ იმის გამეორებაა, რომ არაფერს აზრი აღარა აქვს?
ამ წუთში ჩემი მოთხოვნილება, ვუყვარდე, საკმარისი საწყისია იმისთვის, რომ ვიმოქმედო. მინდა, რომ ყველაფრის მიუხედავად ვუყვარდე. არც ის არის ბოლომდე მართალი, რომ პროვოკატორი ვარ. ნამდვილი პროვოკატორი ის არის, ვინც იმიტომ ამბობს, რომ სხვები შოკში ჩააგდოს და არა იმიტომ, რომ მართლა ასე ფიქრობს. მე კი ვცდილობ ის ვთქვა, რასაც ვფიქრობ. და როდესაც ვგრძნობ, რომ იმას, რის თქმასაც ვაპირებ დიდი უსიამოვნება მოჰყვება, ამას კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით ვაკეთებ. ჰოდა, სულის სიღრმეში მინდა, რომ ამის მიუხედავად, ვუყვარდე.
იმის გარანტიას რა თქმა უნდა არ ვიძლევი, რომ ერთ დღეს მეც არ შევიცვლები.
შენი საუბარი ბერნარ-ანრი ლევისთან, Public Enemies ამერიკის შეერთებულ შტატებში თარმნის პროცესშია. რამ გიბიძგა, გამოგეცა ეს წიგნი?
ეს ყველაფერი ცოტა არ იყოს ახალი თამაშივით დაიწყო. ამდაგვარი მანამდე სხვა არაფერი მქონდა გაკეთებული. მთავარი ის არის, რატომ გადავწყვიტეთ ჩვენ ამ თამაშის გაგრძელება და ბოლოს – გამოქვეყნება. ეს ძალიან მარტივია. უბრალოდ ვიფიქრეთ, რომ შედეგი საინტერესო გამოვიდოდა.