შენი რომანის “კუნძულის შესაძლებლობა” ბოლოს ადამიანებისგან მიტოვებული სამყარო კლონებითაა დასახლებული. მაინც რამ გაიძულა შეგექმნა მომავლის ასეთი პირქუში სურათი, სადაც ადამიანების კლონირება ხდება, სანამ ისინი შუახნის ასაკს მიაღწევენ?

დარწმუნებული ვარ, რომ ფემინიზმი სულაც არ არის პოლიტიკური კორექტულობის ერთ-ერთი საფუძველი. ამის ნამდვილი მიზეზი იმდენად საშინელია, რომ მისთვის სახელის მოძებნაც კი ჭირს და ის სხვა არაფერია, გარდა სიძულვილისა მოხუცი ადამიანების მიმართ. საკითხი, თუ ვინ უნდა დომინირებდეს, ქალი თუ მამაკაცი, შედარებით მეორეხარისხოვანია – მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც მეორეხარისხოვანი – იმასთან შედარებით, რისი გადმოცემაც მე ამ რომანით ვცადე და ეს არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ბავშვების სამყაროში ვართ გამომწყვდეულნი. ასაკოვანი, ხნიერი ბავშვების. პატრიმონიალური იდეის გაქრობა იმას ნიშნავს, რომ მოხუცი ადამიანი დღეს სხვა არაფერია, თუ არა უვარგისი, გამოუსადეგარი ნაშალი. ის, რასაც ჩვენ დღეს ყველაზე მეტად ვეტრფით, არის ახალგაზრდობა და ეს ფაქტი ჩვენ დეპრესიულ განწყობას გვიქმნის, რადგან სიბერეც ცხოვრების ისეთივე განუყრელი ნაწილია, როგორიც ახალგაზრდობა.

“კუნძულის შესაძლებლობის” შესავალში შენ ჟურნალისტი ახსენე, რომელმაც ამ რომანის დაწერა შთაგაგონა. შეგიძლია განავრცო?

ეს ძალიან უცნაური შემთხვევა იყო. ბერლინში ვიყავი, ტბაზე, კაფეში, და ჟურნალისტს ველოდი, რომელსაც ჩემგან ინტერვიუს აღება უნდოდა. სიწყნარე იყო. დილის ათი საათი. ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა. მერე ეს გერმანელი ჟურნალისტი ქალი მოვიდა. მოვიდა და, რაც მე ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, ძალიან უცნაურად მოიქცა. არც ხმის ჩამწერი აპარატი მოუტანია, არც არაფერი ჩაუნიშნია. მერე მითხრა, სიზმარში გნახეო და ამ სიზმარში სამყაროს დასასრულის შემდეგ ტელეფონის ჯიხურში იდექი და მთელ კაცობრიობას ელაპარაკებოდი, მაგრამ არც კი იცოდი, ვინმე გისმენდა თუ არაო”. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ზომბების ფილმში ვიყავი.

და ასე ჩაისახა ამ რომანის იდეაც: კლონი აწარმოებს დღიურს, რომელიც მისი მომდევნო კლონისთვის არის განკუთვნილი.

მე დიდხანს ვიფიქრე ამ სიტუაციაზე: სამყაროს დასასრულის შემდეგ ტელეფონის ჯიხურში ვდგავარ და ვლაპარაკობ, მაგრამ არ ვიცი არის თუ არა საპირისპირო მხარეს ვინმე, ვინც მისმენს, თუ უბრალოდ იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ჩემი საკუთარი ხმა მესმოდეს. ჰოდა, ეს ყველაფერი ჩემი ყველა რომანისთვის განკუთვნილ საერთო მეტაფორად მომეჩვენა. ამ იდეას გარკვეული დრო დასჭირდა, სანამ ნაყოფს გამოიღებდა. ამასობაში ჩემი მესამე რომანი დავწერე. მერე ავდექი და სამხრეთ ესპანეთში სახლი ვიყიდე და სეზონის მერე, სადღაც იანვარში, წავედი იქ, როდესაც ქალაქი თითქმის ცარიელი იყო. უკაცრიელ პლაჟზე მდგარ სახლში ვცხოვრობდი და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მართლა უკანასკნელი ადამიანი ვიყავი სამყაროს დასასრულის შემდეგ. რამდენიმე საწყისი ფურცელი დავწერე და მერე დიდი ხანი აღარაფერი დამიწერია.

მინდა გავიგო, როგორ დაინტერესდი რაელიტური სექტით, რომელიც შენთვის ამ რომანში აღწერილი რელიგიური სექტის შთაგონებად იქცა?

კულტის თემაზე დაწერილი წიგნები შევიძინე. მერე საინფორმაციო სესიაზეც მოვხვდი, რომელიც არა-რაელიტებისთვის ტარდებოდა.

და რა მოხდა?

დისკუსიები იმართებოდა ერთ წინასწარმეტყველთან, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ მეცნიერების დახმარებით მხოლოდ და მხოლოდ უკეთესობისკენ მივდიოდით. ეს იყო აბსოლუტური ნარევი სამეცნიერო პროგრესით გამოწვეული უსაზღვრო ოპტიმიზმისა და სექსთან დაკავშირებული მორალის არარსებობისა. ამით ხიბლავდნენ სესიის მონაწილეებს. კოსმიურ არსებებზეც საუბრობდნენ, რომლებიც ჩვენზე გაცილებით განვითარებულ სამყაროში ცხოვრობენ და შეუძლიათ ტექნოლოგიური ბედნიერების რეცეპტები გაგვიზიარონ.

და მთავარი გმირის კომედიანტობა რატომ მოისურვე?

რომანის ამ გმირის დაბადება შემდეგმა ორმა ამბავმა განაპირობა. ჯერ ერთი, კურორტზე წავედი თურქეთში, სადაც დამსვენებლები რაღაც “ნიჭიერის” მსგავს შოუს ატარებდნენ. იქ ერთი გოგონა იყო, ასე თხუთმეტიოდე წლისა, რომელიც სელინ დიონს ბაძავდა და ჩანდა, ამ წარმოდგენას ძალიან, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის. თავიდან ჩემთვის გავიფიქრე, ნახე, რა მონდომებულია-მეთქი, მეორე დღეს კი, სასაუზმოდ მაგიდასთან მარტოდმარტო მჯდომი რომ ვნახე, მივხვდი, უკვე მარტოსულობისთვის განწირული ვარსკვლავი იყო. მაშინ ვიგრძენი, რომ ამგვარი რაღაცები ხანდახან მთელ შენს მომავალს წყვეტს. კომედიანტიც ასე არ არის? ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს, რომ ბრბოს სიცილი მოჰგვაროს და ეს გადაწყვეტილება მის მთელ ცხოვრებას ცვლის. მერე კიდევ – ქალს ვიცნობდი, რომელიც ერთი ჟურნალის მთავარი რედაქტორი იყო და ელიტარულ თავყრილობებზე მპატიჟებდა ხოლმე, მაგალითად კარლ ლაგერფელდთან. ძალიან მომინდა ისეთი გმირი მყოლოდა, რომელიც ამ სამყაროს ნაწილი იქნებოდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14