როგორია შენი წერის განრიგი ახლა?

ღამის პირველი საათისთვის მეღვიძება და ძილ-ღვიძილში, ნახევრად უგონო მდგომარეობაში ვწერ. ყავის სმა თანდათან მაფხიზლებს. ვწერ, სანამ არ მომყირჭდება.

რამე განსაკუთრებული თუ გჭირდება წერისთვის?

ფლობერი ამბობდა, საჭიროა მუდმივი ერექცია გქონდესო. მე ასეთი არაფერი შემინიშნავს. ერთი ეგ არის, ხანდახან უნდა ავდგე ხოლმე და ცოტა ფეხით ვიარო. რაც შეეხება საკვებს, ყავის სმა ნამდვილად მშველის. ის მე ცნობიერების სხვადასხვა ეტაპების გავლაში მეხმარება. ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაში ვიწყებ. ვწერ. მერე ყავას ვსვამ და გონების სინათლეც მიბრუნდება, მაგრამ სადღაც შუალედში, რომელიც ალბათ რამდენიმე საათი გრძელდება, უამრავი საინტერესო რამ შეიძლება მოხდეს.

რომანის შინაარსი და მსვლელობა წინასწარ გაქვს ხოლმე მოფიქრებული?

არა.

რა, არ იცი, შემდეგ გვერდზე რა მოხდება?

არა, წინასწარ არაფერს ვგეგმავ-მეთქი.

სტილზე რას იტყვი? სასტიკი დაპირისპირებები გიყვარს, რომლებიც ხშირად ადამიანს სიცილსაც კი მოჰგვრის. აი, მაგალითად: “იმ დღეს, ჩემმა ვაჟმა რომ თავი მოიკლა, პომიდვრიანი ომლეტი გავაკეთე”.

მე ამას სტილს არ ვუწოდებდი. ეს უბრალოდ სამყაროს ჩემეული აღქმაა. ნერვიული ადამიანი ვარ და ეს დაპირისპირებებიც სწრაფად, დაუფიქრებლად მომდის თავში. ეს ყველაფერი რაღაცნაირად პანკ-როკს ჰგავს. გაჰყვირიხარ, მაგრამ თან აქა-იქ ხმის მოდულირებას მაინც ახდენ. არა და, ხალხმა ჩემ სტილზე დისერტაციები დაიცვა.

მერე, რა დასკვნები გამოიტანეს?

საშუალო სიგრძის წინადადებებს ვწერ, ხშირი პუნქტუაციით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საშუალო ზომის წინადადებები მაქვს, რომლებიც სხვადასხვა, დიდ და პატარა ნაწილებად არის დაყოფილი. ხალხს არ უყვარს ზმნიზედები, მე კი მათ ხშირად ვიყენებ. ეს თავის მხრივ ჩემი პოეტობის გადმონაშთია. რედაქტორები ხშირად გამეორებების ამოღებას მთხოვენ. მე კიდევ მიყვარს. ისინი ჩემთვის პოეზიის ნაწილია. ამიტომ, როცა ამის სურვილი მაქვს, არ ვყოყმანობ და ვიყენებ მათ. ფაქტობრივად, მე დღეს ის რომანისტი ვარ, ვის ტექსტებშიც ყველაზე მეტ გამეორებებს შეხვდები.

პროდუქტების სახელწოდებების გამოყენებაც გიყვარს. მაგალითად ქორჭილა ჭყიმით Monoprix Gourmet.

“ქორჭილა ჭყიმით”… მადისაღმძვრელად, მიმზიდველად ჟღერს. რას ერჩი, სახელიც შესანიშნავად აქვს შერჩეული. პროდუქტის სახელწოდებებიც იმ სამყაროს ნაწილია, რომელშიც ვცხოვრობ. მაგრამ, გეთანხმები, რომ პროდუქტების მხოლოდ ისეთ სახელწოდებებს ვირჩევ, რომლებიც მე თვითონ მხიბლავს. მაგალითად, სიტყვა ჭყიმი ძალიან მხიბლავს, მიუხედავად იმისა, რომ აზრზე არა ვარ, რა არის ეს ჭყიმი. მაგრამ აი, უცებ მინდება ვჭამო რამე და თანაც აუცილებლად ჭყიმით. რას ერჩი, ულამაზესი სიტყვაა.

ერთხელ დაწერე, რომ შენ შეიძლება სულ უცნობი ადამიანის მიერ მოყოლილმა მისმა ცხოვრებისეულმა ისტორიამაც შთაგაგონოს. როგორც ჩანს, უცნობ ადამიანებში იმხელა ნდობას აღძრავ, რომ მათ არ ერიდებათ გული გადაგიშალონ.

ვფიქრობ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქიატრი ვიქნებოდი, რადგანაც მე ადამიანებს ისეთ წარმოდგენას ვუქმნი, რომ არც მათ და არც მათ საქციელს არ განვიკითხავ. რაც, რა თქმა უნდა, არ არის ბოლომდე მართალი. ხანდახან ზოგი ასეთი მონათხრობი შოკში მაგდებს, მაგრამ მე ამას უბრალოდ არასდროს ვიმჩნევ.

ჰ.ფ. ლავკრაფტის ბიოგრაფია დაწერე, მე კი თვალში მეცა მისი შემაძრწუნებელი სასიყვარულო თავგადასავლის მსგავსება იმათთან, შენ რომანებში რომ აღწერ.

დიახ, ამბავი ქალისა, რომელიც მამაცია და დინამიური და ცდილობს, რაც კი ხელეწიფება, ყველაფერი იღონოს იმისთვის, რომ როგორმე საწადელს მიაღწიოს, და კიდევ მამაკაცისა, რომელიც უსუსური და უვარგისია.

ქალსა და მამაკაცს შორის სასიყვარულო ურთიერთობის შენეულ კონცეფციას არ გაგვიმხელ?

კითხვას, კიდევ არსებობს თუ არა სიყვარული, ჩემს რომანებში იგივე ადგილი უჭირავს, როგორც კითხვას ღმერთის არსებობის შესახებ დოსტოევსკისთან.

რაო, ანუ შეიძლება სიყვარული აღარ არსებობდეს?

დიახ, ეს კითხვა დღესაც მაწვალებს.

და რა იწვევს მის გაქრობას?

მატერიალისტური მიდგომა, რომ ჩვენ მარტონი ვართ, მარტონი ვეწევით წუთისოფლის ჭაპანს და მარტონი დავიხოცებით. ეს წარმოდგენა სიყვარულის მცნებას ვერაფრით ვერ ეთავსება.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14