“Stooges” თუ გიყვარს? მკითხა მიშელ უელბეკმა ჩვენი ინტერვიუს მეორე დღეს. მან ელექტრონული სიგარეტი დადო (მოქაჩვისას სიგარეტის წვერი წითლად ღვიოდა და გარეთ ბოლის მაგივრად ორთქლს უშვებდა) და ნელა წამოდგა გასაშლელი დივანიდან. “იგი პოპმა ჩემი რომანის “კუნძულის შესაძლებლობის” მიხედვით რამდენიმე სიმღერა დაწერა” – თქვა. “ასე მითხრა, ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს ერთადერთი წიგნი მომეწონაო”. საფრანგეთის თანამედროვე მწერალთაგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული MacBook-ს ხსნის და პანკის ლეგენდის ხმა ავსებს პაწაწინა სამზარეულოს: “It’s nice to be dead”.
მიშელ უელბეკი დაიბადა 1958 წელს, მადაგასკართან ახლოს მდებარე ფრანგულ კუნძულ რეიუნიონზე. როგორც მისი ოფიციალური ინტერნეტგვერდი იუწყება, ბოჰემური ცხოვრების მიმდევარმა მისმა მშობლებმა “მალევე დაკარგეს მის მიმართ ინტერესი”. მას არა აქვს ბავშვობაში გადაღებული ფოტოები. უელბეკი თავიდან ალჟირში, დედის მშობლებთან იზრდებოდა, ექვსი წლის ასაკიდან კი მამის დედასთან – ჩრდილოეთ საფრანგეთში. უმუშევრობისა და დეპრესიის გარკვეული პერიოდის შემდეგ, რის გამოც რამდენჯერმე ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მოხვდა, ის საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეის ტექნიკურ სამსახურში დასაქმდა. (პარლამენტის წევრები “ძალიან საყვარლები – საკალელები” იყვნენო, ასე იხსენებს მათ).
უნივერსიტეტიდან მოყოლებული უელბეკი ლექსებს წერდა. 1991 წელს კი მან დაწერა ნაშრომი სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ცნობილი ამერიკელი ავტორის ჰ.ფ. ლავკრაფტის შესახებ, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა. ოცდათექვსმეტი წლის ასაკში გამოაქვეყნა პირველი რომანი “ბრძოლის ველის განვრცობა” (1994), რომელიც ორი კომპიუტერული პროგრამისტის საშინლად მოსაწყენ ცხოვრებას აღწერდა. ეს რომანი კულტად იქცა. მისმა თაყვანისმცემლებმა, რომლებიც “დეპრესიონიზმის” სახელით ცნობილი მიმდინარეობის წევრები იყვნენ, ჟურნალი “პერპენდიკულარიც” დაარსეს (უელბეკი დათანხმდა, გამხდარიყო ამ მიმდინარეობის საპატიო წევრი. გულახდილად რომ ვთქვა სინამდვილეში მე მათ თეორიას ბევრი ვერაფერი გავუგე, მაგრამ, ეს ფაქტი დიდად არ მანაღვლებდაო, მითხრა.). მისი მომდევნო რომანი “ელემენტარული ნაწილაკები” (1998) რომელიც სოციალური პროცესების განმარტებისა და სექსის გულახდილი აღწერის ნარევია, საფრანგეთში 300000 ცალის ოდენობით გაიყიდა და უელბეკი საერთაშორისო მნიშვნელობის ვარსკვლავად აქცია. ამას მოჰყვა ცხარე დებატები იმის შესახებ, რა უფრო მართებული იქნებოდა, ის, რომ მისალმებოდნენ მას, როგორც ბრწყინვალე რეალისტსა და ბალზაკისეული ტრადიციის შესანიშნავ გამგრძელებელს თუ ამდგარიყვნენ და უპასუხისმგებლო ნიჰილისტად ჩამოექვეითებინათ. (“ნიუ იორკ თაიმსის” ერთმა შემცბარმა კრიტიკოსმა რომანს “ჭეშმარიტად საზიზღარი საკითხავი” უწოდა. სხვამ კი ის აღწერა, როგორც “უსამოვნო ბოდიალ-ძრომიალი უწმაწურსა და ფსიქოზურს შორის”). “პერპენდიკულარის” სარედაქციო კოლეგიამ ეს რომანი უელბეკის მხრიდან სექსუალური თავისუფლების მოძრაობის რეაქციონერულ დაბეზღებად მიიღო და შეურაცხყოფილმა ის ჟურნალიდან გააძევა.
რამდენიმე წლის შემდეგ, უელბეკის დედამ, რომელსაც მიაჩნდა, რომ მწერალმა ის ამ რომანის ავტობიოგრაფიულ პასაჟებში სიმართლესთან შეუსაბამოდ აღწერა, ოთხასგვერდიანი მემუარი გამოაქვეყნა. ამის შემდეგ მთელი თავისი საზოგადოებრივი ცხოვრების განმავლობაში პირველად და უკანასკნელად უელბეკს ფრაგული პრესის მხრიდან უზარმაზარი მხარდაჭერა ხვდა წილად. პრესა იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ “ელემენტარულ ნაწილაკებში” მკაცრად ასახული ჰიპი-დედის პორტრეტი ახლოსაც ვერ მივიდოდა იმ ეგონცენტრიზმთან, რომელიც მათ მისი ავტობიოგრაფიიდან ამოიკითხეს.
2001 წელს უელებეკმა გამოაქვეყნა “პლატფორმა”, რომანი ტურისტულ სააგენტოზე, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ტაილანდიაში სექს-ტურიზმის განვითარებას, რის შედეგადაც ისლამისტი ექსტრემისტები ტერორისტულ აქტს აწყობენ. მთავარი გმირის მიერ გამოთქმული რამდენიმე ფრაზის გამო (“როცა ვგებულობ, რომ ღაზას სექტორში პალესტინელი ტერორისტი, ბავშვი ან ორსული ქალი ტყვიამ იმსხვერპლა, სიხარული ამიტანს ხოლმე” ) უელბეკი ქალთმოძულეობასა და რასიზმში დაადანაშაულეს, რამაც მწერალი ძალიან შეაშინა. “მაინც როგორ ბედავ ასეთი რამეების დაწერას?” – ვკითხე. “მაგაზე იოლი არაფერია, საკმარისია წარმოვიდგინო, რომ უკვე მკვდარი ვარ”.
“პლატფორმის” პრომოციის დროს გაცემულ ინტერვიუში უელბეკმა კიდევ ერთი სახელგანთქმული განცხადება გააკეთა: “Et la religion la plus con, c’est quand même l’Islam.” (ამის თითქმის მიუღებლად შერბილებული თარგმანია “ისლამი ყველზე ბრიყვული რელიგიაა”). სამოქალაქო უფლებების დამცველთა ჯგუფმა მას სიძულვილით აღსავსე გამოსვლისთვის უჩივლა და სიტყვის თავისუფლების საფუძველზე მოიგო კიდეც ეს პროცესი. “მე ნამდვილად არ მეგონა, რომ მუსლიმანებს უკვე ყველფერი სწყინთ” – ასე ხსნის ის თავის საქციელს. “მე ამას ებრაელებზე ვფიქრობდი, რომელებიც ყველაფერში ანტისემიტიზმის ჩანასახს ხედავენ, მაგრამ მუსლიმანები? გულწრფელად გეუბნებით, მე არ ვიცოდი, თუ საქმე ასე შორს იყო წასული”. 2005 წელს მან გამოაქვეყნა მომდევნო რომანი – “კუნძულის შესაძლებლობა” – კლონების მომავალ რასაზე.