თავიდან მთხრობელი ლაპარაკობს იმაზე, რაც ამ სიტუაციაში თითქოს სავსებით ბუნებრივია – ქისტებს ახარებთ ზვიადაურის მოკვლა. მაგრამ შემდეგ სიტუაციის მთხრობელისეული ხედვა რთულდება და აღმოჩნდება, რომ ის, რაც ბუნებრივი ჩანს, არსებითად არაბუნებრივია: სიკვდილის შიში საყოველთაოა, სიკვდილს ყველა გაურბის და რაკი ეს ადამიანთა საზიარო მკაცრი ხვედრია, ადამიანებისთვის სასურველი და სიამოვნების მიმნიჭებელი არ უნდა იყოს არც სხვისი სიკვდილი, სხვისი სასიკვდილო ტანჯვის აღქმა. სიღრმისეული თვალსაზრისით ბუნებრივია ის, რომ რაც ყველასთვის ერთნაირად საშინელია, არც ჩვენთვის გვინდოდეს და არც სხვისთვის, ხოლო არაბუნებრივია სხვისი სიკვდილის ნდომა, რაკი სიკვდილის შიში ყველას ერთმანეთთან გვანათესავებს, ერთმანეთს გვამსგავსებს და ასე გვაერთიანებს.

რეალობაში სიღრმისეულად ბუნებრივი ვითარება დეფორმირდება და გარდაიქმნება საპირისპირო ვითარებად, რომელიც უკვე თვითონ  გამოიყურება როგორც ბუნებრივი – ადამიანებს უნდათ, სიხარულს გვრით სხვისი სიკვდილი და ვერ აცნობიერებენ, რომ ამგვარი რამ „დიდი ცოდვაა“, რადგან ეს „სხვა“ მტერია; ადამიანების ცხოვრებაში არაჰუმანური, მტრული ურთიერთობების გაბატონება, აგრესიაზე აგრესიითვე პასუხის გაცემის მწვავე მოთხოვნილება, შურისძიების ვნება იწვევს იმას, რომ სხვისი – მტრის სიკვდილი სასურველი, სასიამოვნო ხდება და ესმორალურ მანკიერებად არ მიიჩნევა.

ალუდა ქეთელაურმა „სტუმარ-მასპინძელში“ მინიშნებული ძირეულად ბუნებრივი ვითარება იგრძნო – რადგან სიკვდილის შიში თუ, ყოველ შემთხვევაში, სიკვდილის არნდომა საყოველთაოა, არ უნდა გვსურდეს და გვახარებდეს სხვისი სიკვდილი, მძიმე ცოდვის ტვირთად უნდა გვაწვებოდეს სხვისი სიცოცხლის ხელყოფა. ალუდამ დაძლია არაბუნებრივი, მტრობით დეფორმირებული ვითარება, რომელშიც სხვისი სიკვდილი, სხვისი მოკვლა, სხვისი ტანჯვით კვდომის აღქმა სასურველია, ტკბობისმომგვრელია და  ადამიანები ვერ გრძნობენ, რომ ეს ზნეობრივად ნორმალური არ არის.

 

* * *

ვაჟა ფშაველას მოთხრობაში  „პაპას მსოფლიო ფიქრები“, რომელშიც უბრალო, თავისებურად ჭკვიანი და ზნეობრივი ადამიანის პორტრეტია წარმოდგენილი, ვკითხულობთ: „კაცის მოკვლის ამბავი პაპას თავზარს სცემს. კაცმა კაცი როგორ უნდა მოჰკლას?! დიდი, დიდი, უდიდესი ცოდვაა, თუნდა დიდი დანაშაულიცა ჰქონდეს. იტყვიან, ესა და ეს კაი ბიჭია: ხუთი თათარი ჰყავს მოკლულიო. რაო ვითომ? თათარი კი კაცი არ არი, ადამიანი? იმას კი არა ჰყავს ცოლ-შვილი, არავინ აუტირდება შინა? ჩვენ რო ჩვენს მკვდარსა ვტირით, თათრები კი არა ტირიან?.. თათრის დაწიოკებული ობლები არ თუ არიან შესაბრალისნი? კაცი სუ კაცია, რა რჯულისაც უნდა იყოს. ყველა ღვთის გაჩენილია, ყველა ღმერთს ეხვეწება და ემუდარება – ღმერთო, მაცოცხლე და მაცხოვრეო! ჩვენ კი უნდა მოვკლათ? ფუუუჰ!“

კაცობრიობის, ადამიანთა მოდგმის ერთიანობის იდეა, რომლის აღიარებამდე ალუდა რთული შინაგანი მეტამორფოზის შედეგად მივიდა, აქ ხალხური სიმარტივით და პირდაპირობით არის ჩამოყალიბებული. ნაივურად უბრალო და წრფელია აქ საუბარი კაცისკვლის ამაზრზენ უზნეობაზე, რისი ტრაგიკული განცდაც ალუდას რთული და დაძაბული სულიერი ცხოვრების არსებითი ნაწილია.

მთავარი მაინც ის არის, რომ მოთხრობის პერსონაჟი, ისევე როგორც ალუდა ქეთელაური, კაცისკვლის საშინელ ცოდვიანობას იმაში ხედავს და მის მიმართ ზიზღს იმის გამო გრძნობს, რომ ყველა ადამიანი ეთნოსის და კონფესიის განურჩევლად, ერთი ღმერთის ყველა შვილი, ღვთის მფარველობით სიცოცხლის შენარჩუნებას ესწრაფის, სიცოცხლის ნება საერთოა და ამიტომ ზნეობრივი სიმახინჯეა სხვას წაართვა ის, რაც მისთვისაც ისევე ძვირფასია, როგორც შენთვის.

 

 

 

1 2