ეს შენიშვნები, დაკვირვებები საკმაოდ დიდი ხნის წინ დაწერილი სტატიის – „გამაერთიანებელი ტანჯვის“ შევსებაა. ამ სტატიის მთავარი იდეაა, რომ ალუდა ქეთელაურის სულიერ ტრანსფორმაციას ყველაზე ღრმა და მძლავრი ბიძგი მისცა მუცალის აგონიის აღქმამ, იმის დანახვამ, როგორ სწყურია მუცალს სიცოცხლე და როგორ არ უნდა სიკვდილი („მუცალს არ სწადის სიკვდილი…“); ამას ავლენს სიცოცხლეზე მოჭიდების და სიკვდილის მოგერიების მუცალისეული სასოწარკვეთილი ცდა – ბალახის მოგლეჯა და ჭრილობაში ჩაფენა სისხლის ღვარის შესაკავებლად; ეს აგრძნობინებს ალუდას თავის შინაგან ნათესაობას, მსგავსებას მუცალთან, აგრძნობინებს ადამიანობის არსის, ადამიანთა მოდგმის ერთიანობას, რამდენადაც სიცოცხლის ნება და სიკვდილისგან განზიდვა საერთოა,  საყოველთაოა, ადამიანების დამყოფი ეთნიკური და კონფესიური მიჯნების მიღმაა…

როგორც ირკვევა, ვაჟა ფშაველას შემოქმედებაში შესაძლებელია ისეთი მომენტების პოვნა, რომლებიც „ალუდა ქეთელაურის“ ამგვარი ინტერპრეტაციის სასარგებლოდ მეტყველებენ.

 

* * *

პოემაში „ხის ბეჭი“ იხატება მონადირის მიერ დაჭრილი ხარ-ირმის სიკვდილის ღრმად ემოციური, თავისი პლასტიკური თვალსაჩინოებით და ხორცშესხმულობით შესანიშნავი სურათი, რომელიც გვიჩვენებს, რა სისასტიკეა ცოცხალი არსებისთვის სიცოცხლის წართმევა.

„ … დაეცა მუხლის კვერებზე,

იბრძვის, ადგომას ცდილობსა,

რქას იბჯენს, ებრძვის სიკვდილსა,

გმირი ვეღარა გმირობსა!..

ცდილობდა ხარი ადგომას,

ეზარებოდა სიკდილი;

სატრფოს დაეძებს თვალებით,

ჰსურს ესმას მისი კივილი.

ვერ გაძღა სიყვარულითა,

სწადის იმასთან სირბილი,

ხან მაძღრად ყოფნა მთის ყურეთ,

ბევრი შიში და სიყმილი.

ყველას რად უყვარს სიცოცხლე?

რად ეჯავრება სიკვდილი?!..“

ეს სურათი უფრო ვრცელი და დეტალიზებულია, ვიდრე მუცალის სიკვდილის სცენა, ამ სცენისგან განსხვავებით ემოციურად  გამძაფრებულია ერთი არსების მეორე, საყვარელ არსებასთან სამუდამო გამოთხოვების ტკივილით და ამიტომ მასში უფრო თვალშისაცემადაა წარმოჩენილი ის, რაც მუცალის სიკვდილის აღწერის არსიც არის – სიცოცხლის ნება, წყურვილი და სიკვდილის არნდომა,  საძულველ სიკვდილთან განწირული  ბრძოლა, სიკვდილისთვის თავის დაღწევის ჟინი.

ხარ-ირმის სიკვდილის აღწერას ახლავს მისი განზოგადებული საზრისის ნათელი და ერთმნიშვნელოვანი ფორმულირება: „ყველას რად უყვარს სიცოცხლე? რად ეჯავრება სიკვდილი?!“ ეს რიტორიკული კითხვები მუცალის სიკვდილის სურათის ნაგულისხმევი აზრის პირდაპირ და გამჭვირვალედ გამომთქმელიცაა, ალუდას მიერ ნაგრძნობის გამომხატველიცაა მკაფიო განსჯის ენაზე – სიცოცხლის ნება და სიკვდილის არნდომა ყველასთვის ორგანულია, საყოველთაოა, რის გამოც სხვისი სიცოცხლის მოსპობა მძიმე ზნეობრივი ტვირთია.

ამის განცდაა არამარტო ალუდა ქეთელაურის, არამედ „გველისმჭამელის“ მთავარი გმირის მიერ მომაკვდინებელ სისასტიკესთან დაპირისპირებული ახლებური ეთიკის სათავეც, რომელსაც იგი ბუნებაზე განფენს და რომლის  ჩანასახი „ხის ბეჭში“ მოჩანს. ამ ნაწარმოებში გამჟღავნებულ თვალთახედვას – სიცოცხლის სიყვარული და სიკვდილის სიძულვილი უნივერსალურია – ალუდა და მინდია, საერთო სულიერი წარმომავლობის მქონე პერსონაჟები, გარემომცველ რეალობას სხვადასხვა მხრიდან უსადაგებენ.

 

* * *

„სტუმარ-მასპინძელში“  ქისტების სასაფლაოზე ზვიადაურის მოკვლის სცენას წინ უძღვის ეს პასაჟი:

„მოჰყავდა ზვიადაური

ხელშეკონილი გროვასა,

ყველას ახარებს მის მოკვლა,

ან ვინ დაიწყებს გლოვასა?!

სიკვდილი ყველას გვაშინებს,

სხვას თუ ჰკვლენ, ცქერა გვწადიან;

კაცნი ვერ ჰგრძნობენ ბევრჯელა,

როგორ დიდ ცოდვას სჩადიან.

რამდენი ავსული ვიცი,

წარბშეუხრელად დადიან;

თავის მტანჯველის შემუსრვა

ან კი ვის არა სწადიან?!“

 

1 2