ხანდახან თავხედი ვხდები

ნატურალიზაცია ცოტა გადავდე, შვეიცარიის პასპორტი ძალიან ძვირი ღირდა, პოლიტიკურ ამბებში მონაწილეობას ვერ ვიღებ, ხოლო შვეიცარიული პასპორტი მოგზაურობას ნამდვილად გამიადვილებდა.

ჩემს ოჯახს ეს ჯერ კიდევ 1990-იან წლებში სურდა, განაცხადიც გააკეთეს, მაგრამ ადგილობრივმა თემმა არ დააკმაყოფილა. ყველამ ხელი ასწია,  სულ  სკოლის მეგობრების მშობლები ისხდნენ ჩვენს ახალ სამშობლოში. იდეა რეალობაზე ბევრად უფრო ლამაზი აღმოჩნდა.

მიზეზი: ეს ოჯახი არც ერთ შვეიცარულ ასოციაციაში არაა გაერთიანებული. პასპორტზე უარი ეთქვათ.

რატომ არ უნდა გამოვირჩე? ხმას რატომ არ უნდა ვიღებდე? სხვანაირად რატომ არ უნდა ვიქცეოდე? ყოვეთვის რატომ უნდა შევესაბამებოდე და ამ ყველაფერს ვიღებდე? რატომ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ ჟღერდა ის ენა, რომელზეც შენი ესმოდათ? არ გამოდის დავიწყება.

“რა კარგად გცოდნიათ გერმანული”, – მეუბნება შვეიცარიელი ქალი შვეიცარიაში, ლიტერატურულ სახლში ჩემი ნაწარმოების საჯარო კითხვის შემდეგ. მე, როგორც შვეიცარიელი მწერალი, წარდგენილი ვარ შვეიცარიის წიგნის პრემიაზე. მე ვარ შვეიცარიული ლიტერატურის სავიზიტო ბარათი, ოღონდ  შვეიცარიული პასპორტის გარეშე. სკანდალი! ეს  კომპლიმენტად ჩათვალე, ჩუმად მეუბნება  წამყვანი მას შემდეგ, რაც მე ცოტა მკვეთრი რეაქცია გამოვხატე.

“თანაც ბერნული გერმანული”, – დასძინა ქალმა. თურმე საერთოდ არ მეტყობა, – არც მოსმენისას და არც გარეგნულად, – რომ შვეიცარიელი არ ვარ, ესეც კომპლიმენტია?

მას სურდა გაეგო, მე თვითონ დავწერე ჩემი რომანი თუ არა. ან იქნებ უცხოურიდან ითარგმნა გერმანულად – ესეც აინტერესებდა.

ხანდახან არც კი ვიცი ხოლმე, რა ვუპასუხო. ხანდახან ზლუქუნ-ზლუქუნით გაქცევა მინდება. ხანდახან მინდა ვიყვირო, გავბრაზდე. ხანდახან არაფერს ვამბობ.

არადა ისე კარგად ვფუძნდები ჩემს ახალ სამშობლოში, საჩვენებელ ექსპონატად გამოვდგებოდი.

 

მადლობა?

და ხანდახან ვრეაგირებ კიდეც, თავხედი და უმადური ვხდები, მერე უცხო ვარ და უკულტურო, მერე ვხდები ჭეშმარიტი უცხოელი, აი, ილუსტრირებულ წიგნებში რომ არიან ხოლმე, მოქცევა რომ არ იციან.

 

ომში მხოლოდ დამარცხებულები არიან

ჩემს სერბულ პასპორტს ვადა რომ ამოეწურა, ორზე მეტი წლის განმავლობაში ვეღარ განახლდა.. სუვერენულ სახელმწიფოს შეუძლია ეს კანონიერად გადაავადოს და ამას  არავითარი სანქცია არ მოჰყვება. მე კი ყოველთვიურად ჯარიმას ვიხდიდი, რადგან C ნებართვას ვადა გაუვიდა და მოქმედი პასპორტის გარეშე ვერ განვაახლე. ვერ ვიმოგზაურე, ლეგალურად ვერც ვმუშაობდი, ვერც ვსწავლობდი, ვერც ბინა ვიპოვე. მე არ მქონდა მოქმედი საბუთები. ყოველთვიურად მიწევდა პოლიციაში მივსულიყავი და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მეთქვა, ყოველ ჯერზე ჩაინიშნავდნენ ხოლმე და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე წინადადება მესმოდა: სამწუხაროდ ვერაფერს გავაწყობთ, საბუთების დამუშავების საფასური უნდა გადაიხადოთ, სულ 20 ფრანკია, გთხოვთ.

მხოლოდ მას შემდეგ მომეშვნენ, რაც ჩემი მეგობარი მივიდა სერბეთის საელჩოსთან და მათ ამ ამბის გასაჯაროებით და გაზეთებში გამოქვეყნებით დაემუქრა. მოიტყუა კიდეც, ტელევიზიიდან ვარო, რომ  ეს იყო სკანდალი და ეს ამბავი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდებოდა, თან ამ ყველაფერს ელჩს გარედან უყვიროდა. იმან ფანჯარა გამოაღო და გადმოიხედა. მეორე დღესვე საელჩოში მიმიწვიეს და სერბეთის პასპორტი გადმომცეს.

სად ჯობია, აქ, სამშობლოში თუ იქ, უცხოეთში? ამ კითხვაზე ყოველთვის მიწევს პასუხის გაცემა როგორც პრიზრენში, ასევე ბერნში. შვეიცარია გახდა ჩემი ახალი სახლი, გერმანული ჩემი ენა, რომელზეც ვოცნებობ, ვფიქრობ და ვწერ.

ჩემი თურქული პასპორტი არასდროს გამიახლებია, სხვა პასპორტი რომ მდომებოდა, გავაკეთებდი.

წარმომიდგენია ვინ შეიძლება იყოს ეს სამშობლო და როგორი. ესაა ქალი ხმლითა და მშვილდით, რომელმაც შიში არ იცის, იგი ძლიერია, ბრაზიანი, არაფერს შეგარჩენს და მკაცრია.

სამშობლო ომია.

ომში მხოლოდ დამარცხებულები  არიან, ნგრევაცაა. იქ არ არიან გმირები, მხოლოდ დაღუპულები.

არსებობს სამშობლო სხვების გარეშე?

საბედნიეროდ, ჩვენ, ადამიანებს, არ გვაქვს ფესვები, ამიტომ არც სამშობლო გვჭირდება, არც მიწა დასაცავად, არც საზღვრები, მხოლოდ მშობლიური სახლი და ცოცხალი ადამიანები.

 

 

 

გერმანულიდან თარგმნა

შორენა შამანაძემ

 

 

 

 

 

1 2 3