გამოცდა ჩაბარებულია
პოლიციასთან გასაუბრებაზე სულ სამი წუთით დამაგვიანდა, მაგრამ რეგისტრატურაში მაინც თავიდან ლოდინი მომიხდა, რადგან მიმღების თანამშრომელი ქალები ამინდს განიხილავდნენ. მათ დისკუსიაში ჩავერთე და შევახსენე, შეხვედრა მაქვს და თუ შეიძლება შეგეკითხებით-მეთქი. მინდოდა გამეგო, საით წავსულიყავი, ერთ-ერთმა მომიგო, თურმე ძალიან დამიგვიანია, ამიტომ ახლა უნდა მომეცადა, ვიდრე ის ლაპარაკს არ დაასრულებდა და საერთოდ უზრდელობა იყო იყო ჩემი მხრიდან მათთვის საუბრის შეწყვეტინება.
მოვიდა პოლიციელი ქალი, გამიყვანა პატარა ოთახში, წინ დამიჯდა. რეგისტრატურის თანამშრომლის უტიფრობაზე მოვუთხრე. მან მხრები აიჩეჩა და თქვა: „არ დავაფიქსირებ, რომ დაიგვიანეთ“. გამეცინა, თუმცა ვერ ნივხვდი, სერიოზულად ამბობდა თუ არა.
ოთახში ჩვენ გარდა არავინ იყო, რაც ჩემი მონათხრობის სისწორეს სათუოს ხდის.
მანვე აღიარა, რომ თავად ვერ შეძლებდა ან არ უპასუხებდა იმ კითხვების 80 პროცენტს, რაც ჩემთვის უნდა დაესვა. მაგრამ მე ვალდებული ვიყავი, ასეთი წესი იყო. თუმცა პირადულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი ვთქვი და ავუხსენი რატომაც. პოლიციელი იწერდა ყველაფერს, რასაც ვამბობდი, ბევრი წერა უწევდა და მთხოვა, ცოტა ნელა მელაპარაკა, რათა ყველაფერი დაეფიქსირებინა. ეს მისი მოვალეობა იყო.
2022 წლის 26 იანვარი იყო დღე, როდესაც მე ფოსტით მივიღე შვეიცარიის პასპორტი. ოცდაათი წელია შვეიცარიაში ვცხოვრობ. გამოცდა ჩავაბარე, უნდა მიხაროდეს.
ვადა გაუვიდა ჩემს პირველ პასპორტს. იმ ქვეყნისას, რომელიც აღარ არსებობს – ‘იუგოსლავია’ ლათინური და კირილიცული შრიფტით, მუქწითელი, მარცხნივ ორი გამჭოლი ნახვრეტი. ფოტოზე მე ვარ, ბავშვი, ჩემი სახელი არასწორად წერია. სერბიულში Y არ არის, ამიტომაც მის ნაცვლად ჩასვეს J. გვირგვინი, ცეცხლი, ვარსკვლავი – ზუსტად ისევე, როგორც პიონერულ ლურჯ ქუდებზე ეხატა, სკოლაში წითელ ყელსახვევთან ერთად განსაკუთრებულ შემთხვევებში რომ ვატარებდით, მაგალითად პრიზრენის სასკოლო დარბაზში კუშტად მომზირალი ტიტოს უზარმაზარი პორტრეტის წინ სამღერლად ვიკრიბებოდით.
სამი დედა ენა
ჩვენი ოჯახი ეკუთვნოდა თურქულ უმცირესობას, რომელიც პრიზრენში ხუთი საუკუნე ცხოვრობდა. დიდი ხნის განმავლობაში თურქული იყო შიდასაქალაქო, ოფიციალური და ეროვნებათშორისი ენა – lingua franca.
ჩემი კლასის მასწავლებელი ყოველ საგნის სწავლებისას სამ ენას იყენებდა. სერბული იყო ენა, რომელზეც მეზობლებს ვესაუბრებოდით. ალბანური იყო ენა, რომელიც ყველაზე მეტად მესმოდა. ქალაქ პრიზრენში მცხოვრები ყველა ადამიანი, რა ეთნიკურ ჯგუფსაც არ უნდა მიკუთვნებოდა, საუბრობდა ალბანურ, თურქულ და ბოსნიურ ან სერბულ ენებზე. როცა დედას ვეკითხებოდი, რომელი იყო მისი დედა ენა, იგი ამბობდა, რომ მას სამი დედა ენა ჰქონდა.
სად არის ჩემი სამშობლო(ები)?
როცა ჩემი სერბული პასპორტით, რომელიც მაშინ მივიღე, როცა იუგოსლავია უკვე აღარ არსებობდა, ჩემი თურქი ნათესავების მოსანახულებლად კოსოვოში ისე წავედი, რომ ალბანური არ ვიცოდი, რომელიც ამასობაში ქვეყნის ოფიციალურ ენად ქცეულიყო, მათ ჩემი ბავშვობის ქვეყანაში კი შემიშვეს, ოღონდ უკან გამოშვებაზე უარი მითხრეს. – ეს არის შენი სამშობლო, – მითხრა მებაჟემ, მე უნდა შემრცხვენოდა კოსოვოს პასპორტი რახან არ მქონოდა, ვინაიდან პრიზრენში დავიბადე და ჩემი ცხოვრების პირველი ათი წელი იქ გავატარე. ამას ხმამაღლა და დაბეჯითებით მიხსნიდა, რა სამწუხაროა. რომ ქვეყნის ენაზე ვერ ვლაპარაკობდი.
– ჩემი ცხოვრების პირველი ათი წელი მე გავატარე იუგოსლავიაში, – ვამბობდი მე, – და მაშინ პრიზრენში ყველა თურქულად ლაპარაკობდა. მებაჟემ ვითომ ვერ გაიგონა. სერბეთის პასპორტი კოსოვოში სასურველი არ იქნებოდა მანამდე, ვიდრე სერბები კოსოვოს არ აღიარებდნენ. მან მომაწოდა ორარწივიანი, გვირგვინიანი პასპორტი, იმ კირილიცა დამწერლობით, სკოლაში რომ გვასწავლიდნენ. მებაჟის აღშფოთებული სახე მინის მიღმა დარჩა. თავისი სიტყვები თავის ქნევით გაამყარა.
მე-16 საუკუნის დროინდელი მეჩეთების, მე-14 საუკუნის დროინდელი მართლმადიდებლური ეკლესიებისა და არქეოლოგიური მუზეუმის მიღმა, ვიწრო ჩიხით მივდივარ Domkultura-სკენ, სადაც დიდი პოეტები და მუსიკოსები გადაჭედილი პუბლიკის წინაშე და ჰამამის/აბანოს წინ გამოდიოდნენ. ერთი ოფისიდან მეორეში გადავდიოდი, პასპორტის ფოტო უნდა გაახლებულიყო და სახელი უნდა გასწორებულიყო.
დიდტანიანი, მძიმე წიგნი ამოიტანეს და იქამდე ფურცლეს, სანამ მამაჩემის ხელწერა არ ვიცანი. რა სახელითაც ჩემი დაბადებისას ამ წიგნში გამატარეს, ზუსტად ისე უნდა წერებულიყო ჩემს პასპორტში. მთლად იგივე არ გამოვიდა, რადგან ალბანურში არ არის ასო Š, ასე რომ, S-ს შემდეგ დაჯდა H და ეს კარგია. მაქვს ახალი პასპორტი, Republika e Kosoves, ქვეყნის რუკის მონახაზი და ექვსი ვარსკვლავი, წარწერა სამ ენაზე, მათ შორის კირილიცაზე.
მკვდარი მოგონებების ჯუნგლებში
მამაჩემი გაექცა ომს, თავის სამშობლოს, მეგობრებს, ოჯახს… იქამდე გაექცა, ვიდრე გაიწვევდნენ და მერე ალბათ ომში დაიღუპებოდა.
ბოლოს შვეიცარიაში გარდაიცვალა, 46 წლისა, გულის შეტევით… ან გულის გატეხვით, როგორც დედაჩემი ამბობს.
ხანდახან გავდივარ მამაჩემის საფლავზე, დავდივარ მიმოყრილ ლოდებსა და მაღალ ბალახს შორის, აქ გველები იცისო, დეიდაჩემი ამბობს, მარტომ არ უნდა ვიარო მკვდარი მოგონებების ჯუნგლებში. აქვეა სამშობლოს შეწირულ მეომართა ძეგლები, თუმცა მეზობელი სახელმწიფო მას მათ სამშობლოდ არ აღიარებს.
ყოველთვის მარტო დავდივარ, არ მინდა ვინმემ მტირალი დამინახოს. ერთხელ სასაფლაოს მებაღე მამაჩემის საფლავის ქვაზე ჩამომიჯდა და მკლავები შემომხვია.
– ჩვენს კულტურაში, – თქვა მან, თან პირის კუთხეში ანთებული სიგარეტი ჰქონდა გაჩრილი – მიცვალებულზე ტირილი ეგოისტური მიზეზით იკრძალება, რადგან ისინი უკეთეს ადგილას არიან. მათზე გადამეტებული დარდი არ შეიძლება. თორემ ისინიც წუხან, რახან შენ ტირიხარ. მისი ხელები ისეთივე ყავისფერია, როგორც მიწა, რომელსაც ის ჭრის. სახე მზისგან დაწვია. მაწას ფეხს ურტყამს და ამბობს: ომმა ყველანი დაგვანგრია. მერე მხარზე ნიჩაბს გაიდებს და კოჭლობ-კოჭლობით მიდის, თან რაღაც სიმღერას უსტვენს, მე არ ვიცი.
ყველას არ შეუძლია იმის ამორჩევა, თუ სად იცხოვრებს. ისინი იძულებული არიან ელოდონ და სჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხანდახან ზოგისთვის უკვე დაგვიანებულია, თუმცა სხვებს მაინც სჯერათ.
როგორც ჩანს, მამაკაცებს არ აქვთ გაქცევის უფლება, ისინი უნდა წავიდნენ ომში, დაიცვან თავიანთი ქვეყანა იმ იარაღით, რომელსაც ჩვენ მათ ხელში მივცემთ. ეს პატრიარქალური წყობა გულის სიღრმემდე მძრავს. რისთვისაა ეს ყველაფერი საჭირო?