დანამდვილებით ფიქრობენ, რომ მოკლე ხანში/ კვლავ სამშობლოს დაუბრუნდებიან,/ ასე იმხნევებს თავს ყველა დევნილი / მაგრამ მე არ ვკვებავ თავს თუნდაც იოტისოდენა იმედით/ ამ სევდიან დღეებში, რომლებიც ასეთსავე სევდიან დღეებს გვპირდება: / რამეთუ მოირღვა სამყაროს სარტყელი; ვიღა შეჰკრავს მას ისევე? / თუ არა განსაცდელი! / ყველაზე დიდი მათ შორის, რაც კი მოგველის!
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე
აეროპორტში ვარ, გრძელ რიგში “ყველა პასპორტისათვის”, ჩემი შეყვარებული მიემართება “შვეიცარიის პასპორტებისკენ” , სადაც რიგი საერთოდ არაა. კარგა ხნის შემდეგ მებაჟესთან მისულმა ახალი, წითელი და თეთრჯვრიანი პასპორტი რომ ამოვიღე, საკუთარ თავზე გამეცინა. სულ დამავიწყდა, რომ ცოტა ხნის წინ მოქალაქეობა მივიღე – ვეუბნები ფანჯრის მიღმა მჯდარ მებაჟეს. გილოცავთო, მეუბნება, მე კი ჩემს თავს ვეკითხები, ნეტავი რას მილოცავს-მეთქი.
საიდან ხარ? – მეკითხება მებაჟე. ბერნიდან – ვამბობ. მებჟეს ეცინება. მას აინტერესებს, სად არის ჩემი სამშობლო, ჩემი ფესვები.
უსამშობლო ვარ, ისევე როგორც უენო. ასეთი გავხდი – ვეუბნები.
მე ვცხოვრობ სამშობლოებში.
ოდესმე სექსინდრუსტიაში ხომ არ გიმუშავიათ?
თავისუფალ დროს შვეიცარიელებთან უფრო ხშირად ურთიერთობთ თუ უცხოელებთან?
რომელი სამი ინსტრუმენტია ტიპიური შვეიცარიისათვის?
რომელ ენაზე ლაპარაკობთ ოჯახში?
ხშირად სტუმრობთ თქვენს სამშობლოს?
რომელი მდინარეები იღებს სათავეს შვეიცარიაში და სად ჩაედინებიან?
როდის დაარსდა შვეიცარია?
ეს ჩაცმულობა ყოველდღიურია, თუ სპეციალურად ამ გასაუბრებისთვის შეარჩიეთ?
როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენს რწმენასთან?
მოქმედი მორწმუნე ხართ?
რატომ გინდათ გახდეთ შვეიცარიელი?
ენების, ახალი შინაურობის, ახალი კულტურის მოპოვება – ამ ყველაფერს დანაკარგიც ახლავს. ვგრძნობ, რომ არცერთ ენაში, არც ერთ ადგილას არ ვგრძნობ თავს შინ, თითქოს სულ სიტყვებისა და სურათების ძიებაში ვარ, რათა ვინმეს რამე გავაგებინო, სულ იმის შიშში ვარ, რომ ჩემთვის უცნობ ადგილებში ვერავინ გამიგებს; როცა ვინმეს ართმევენ მშობლიურ სახლს, ოჯახს, ყველაფერს, რაც კი იცის, მაშინ ყველაფერი ახლიდან იწყება, თან იმ წუთიდანვე, როგორც კი ჩამოდიხარ.
უცებ ყველა ენა, ადგილი, ხალხი, ერთმანეთში იზილება და თავში დიდი აურზაური იწყება. ამას დასასრული არ აქვს.
შინ რამდენიმე სამყაროში
ათი წლისას ბავშვობიდან ჩვეული სამივე ენა დროებით დამიდუმდა. ახალმა ენებმა პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. ერთხელაც თავი უენოდ ვიგრძენი, რადგან აღარსად იყო ის ენა, რომელიც დაბადებიდან სულ თან მახლდა და ჩემთან ერთად იზრდებოდა. შეიძლება გერმანული ჩემი დედა ენა კი გახდა, მაგრამ გერმანული არ არის დედას ენა. დედაჩემის ენის მშობლიური სახლი სადღაც სხვაგანაა. ჩვენი საერთო ენა ისვენებს ჩვენს საერთო სამშობლოში, რომელიც ჩვენ დავტოვეთ. იქ, სადაც მამაჩემიც განისვენებს… სამუდამოდ. ის იყო ერთადერთი, ვინც დაუბრუნდა თავის პირველ სამშობლოს, კუბოში ჩასვენებული, თვითმფრინავის საბარგო განყოფილებით. ომში არ დაცემულა, მონატრებამ მოცელა..
ორ სამყაროს შორის ხარ გაჩხერილიო, მითხრა ერთხელ ჩემმა მასწავლებელმა.
ეს მეტაფორა დღემდე არ მესმის. ორ სამყაროს შორის ხომ არაფერი არ არის, დიდ-დიდი სიბნელეში თუ ჩავარდე, საშინელი წარმოსადგენია. უფრო ეს გამდიდრებას არ ჰგავს, როცა ცხოვრობ რამდენიმე სამყაროში და არა მათ შორის, როცა სხვადასხვა სამშობლო გაქვს, სხვა ენებზე ლაპარაკობ, ურთიერთობას ამყარებ და შენი ესმით. თუნდაც ეს ნიშნავდეს იმას, რომ რაღაცას ტოვებ.
შინ ყოფნა სიზმარივითაა, გაღვიძების შემდეგ ისეთი რეალური გვეჩვენება, რომ ცოტა ხანს მაინც გვგჯერა იმისა, რაც გვესიზმრა. მხოლოდ მაშინ, როცა ცდილობ სიზმარი სიტყვებით გადმოსცე, ვინმეს მოუყვე, ყოველ სიტყვაზე მისი ნამდვილობა ათას ნაწილად იშლება და ერთი დიდი ტყუილი ხდება. მოყოლისას აღარაფერია ისე, როგორც სიზმარში იყო. რა სისულელეა იმის დაჯერება, რომ ეს ნამდვილია, სიზმარს ვგულისხმობ.
სამშობლოს ნამდვილობა დროის მიღმა არსებობს.
გამოცდილება ნაცნობ სივრცეში, ბავშვობის ერთ კონკრეტულ დროში – ეს არის სათავე, აქედან მოდის ალბათ სამშობლო, რომელიც შეგრძნებებს უკავშირდება.
მოტყუება მიყვარს
ხანდახან არც კი ვიცი, ბავშვობის რომელიმე მოგონება დამესიზმრა თუ გადამხდა. დარწმუნებული ვარ, ასეთ მოგონებებზე ადრეც დამიწერია, მაგრამ თხრობისას ყველაფერი ერთმანეთში მერევა.
პირველი შეკითხვა, რომელსაც მსმენელი საჯარო კითხვის შემდეგ მისვამს ხოლმე: რამდენად რეალურია ჩემი ისტორიები. არ ვიცი – არის ჩემი პასუხი, რომელიც არც შემკითხველს და არც სხვა მსმენელებს არ აკმაყოფილებს. იმედსაც კი უცრუებს მათ. მოტყუება მიყვარს-მეთქი, ვამბობ. სინამდვილეში არ ვიცნობ არანაირ რეალობას, ყოველ შემთხვევაში, ნაღდს.
რა მამოძრავებს
სამშობლო იმხელა სიტყვაა, თითქოს წარმოთქმაც კი გიჭირს. ამაზე ფიქრი და წერა გაწყნარებს, გაშოშმინებს.
ეს მახსენებს საზღვრებს, ერებსა და პასპორტებს.
შინ ყოფნა ის მდინარეა, რომელსაც შემიძლია მივენდო, ჩემ ქვემოთ ცაა, მერცხლებიც დაფრინავენ, თუ ეს ნამგალა ჩიტებია?
შინ ყოფნა ხმის ჟღერადობაა, რის გაგონებასაც მთელი არსებით ველტვი, რათა ბოლოს და ბოლოს შევძლო ღამის სიბნელეში ნაგროვები სიტყვების წარმოთქმა.
შინ ყოფნა ალბათ უფრო შეგრძნებაა, ვიდრე ადგილი. ამ ამბავს კარგი სურნელი ასდის და ნათელ ფერებში მჟღავნდება. მას ვერავინ წაგართმევს. ესაა მოგონება რაღაც ლამაზზე, რომელიც გინდა შეინარჩუნო, არ გაუშვა, კვლავ და კვლავ თავიდან ააწყო და სულ მასზე იფიქრო, ის დროთა განმავლობაში იცვლება და უფრო და უფრო ლამაზდება, ვიდრე არ დაგავიწყდება, სინამდვილეში რა იყო. ძალიან შორეული მოგონებაა იმისათვის, რომ მისი ნამდვილობა გჯეროდეს, შესაძლოა სულაც ამიტომ გჯერა, რახან ასეთი შორეულია და კიდევ რაღაცის ცოდნას მოითხოვს იმაში დასარწმუნებლად, რომ რაც გვჯერა, სიმართლეა.
მაგრამ შეიძლება ეს შეგრძნება ერთ დღესაც წაგერთვას და ეძებ უკვე ახალ სახლს, ადგილს, სადაც თავს შინ იგრძნობ. სადაც მშობლიურ სახლზე მოგონება ითრგუნება, რის გამოც მონატრება ძლიერდება და ძველის იდეალიზება ხდება, ეს კი აღარ ტოვებს ადგილს ოცნებებისთვის, არ გთავაზობს ნათელ მომავალს. ჩამოსვლა და მოლოდინი მშობლიური სახლის შეგრძნებისა, სასურველად ყოფნისა, თანაგრძნობისა, მოლოდინი ხვალინდელი დღისა.
ყოველი დღე გაურკვეველია, თუკი ყოველგვარი სამუშაოს, პროფესიის, ფულის გარეშე ჩამოდიხარ. ენაჩავარდნილი ხვდები ხელის კვრას, თითქოს ვინმეს რამეს ართმევდე. სულ დაცულობას ეძებ. ყველაფერი დაკარგე. ახლა ყველაზე მეტად გინდა ახალი შინ. ასევე ადამიანები, ვინც მოგისმენს და გაგიგებს. ნეტა შემძლებოდა და დავბრუნებოდი ჩემს მეგობრებს, ოჯახს, ენებს. ისეც არ არის, თითქოს ადამიანებს სურდეთ ოჯახების დაშლა, არც ისეა, თითქოს ადამიანებს არ სურდეთთ იქ დარჩენა, სადაც სასურველნი არიან, ე. ი. თავიანთ ქვეყნებში. მაგრამ ასე მოხდა, ისინი უნდა წავიდნენ, მათ აღარ აქვთ მშობლიური სახლი, ისინი დახმარებას ეძებენ, რადგან სასოწარკვეთილნი არიან და არ იციან, საით მიიდრიკონ თავები.