სინამდვილე

 

ო, ჩემო ცოლო,

ჩვენი სახლიდან ასე შორს ხარ,

ასე შორსა ხარ ჩვენი მიწიდან,

იმ გარემოდან,რაც ასე გიყვარს

ისე შორსა ხარ!

ნეტა რას ფიქრობ, რაზე ფიქრობ ან როდის ფიქრობ,

ფიქრის კი არა, ფეისბუქზე შემოსვლის დროც კი არა გაქვს,

მითიშავ ხოლმე, და მაგ ლამაზი თითებით,

რომლებითაც ეს-ესაა ვიღაც ბებერს ტრაკი გამოუწმინდე,

მწერ: ნუ რეკავო, მომწერეო.. რადგან გიშლიან ამ დროს ლაპარაკს!

მე კი ვიბნევი…

რა მოგწერო? ფული გთხოვო თუ სენტიმენტები გაგიღვივო?

როგორ მოგწერო,რომ მე მაკლიხარ, მე მენატრები,

როცა ერთადერთი, ვისაც აკლია და ენატრება, სწორედ შენა ხარ!

ბოლო-ბოლო კი ბრაზი იმარჯვებს, და ასე მოგწერ:

_ თითქოს ჩასვრილი უცხოელის გამოწმენდას მე ვერ შევძლებდი?!

_ რა ვქნათ, კაცების სამუშაო არ არის აქეთ!

_ რა შემიძლია? არ ვეწევი, ფეხით დავდივარ!

_ მოწევას თავი დაანებე? კარგია, რატომ?

_ სიმწრით ნაშოვნი შენი ფულით ვიფხანო ფილტვი?

_ მოწიე კაცო, ნუ იწამლავ მაგითი ნერვებს!

_ არა, არ მინდა, შევეჩვიე მოუწევლობას!

_ კარგია, კარგი! გაიღვიძა, უნდა წავიდე!

მიდის!

 

მიდიხარ, ჩემო ცოლო, ვიღაც მოხუცთან,

რაც შენ წახვედი, მოხუცები მეზიზღებიან,

რაც დავრჩი ასე, ტელეფონის ამარა, კენტად

და გერმანელი რობოტივით. თვეში ერთხელ გავდივარ გარეთ,

ვიღებ გზავნილს და ბანკში შემაქვს, მერე დროს ვითვლი

და მიხარია,

ოცდაშვიდი თვე დარჩა მხოლოდ!

ოცდაშვიდ თვეში სახლს დაიხსნი ძვირფასო ცოლო,

მე კი მანამდე იმას ვიზამ, რაც შემიძლია,

დაუღალავად დავაგზავნი სულ ყველგან cv_ ს

და იქნებ სადმე მამუშავოს ვინმე მელეხმა.

 

რა ვქნათ, ასეა ჩემო ცოლო, ასეა ახლა,

მწარე სიმართლე ასეთია, და მეც ასე ვწერ,

რადგან ვალია, ჩემი თავის სიმართლის წერა!

სინამდვილეში შენ აქა ხარ ახლა და გძინავს,

სინამდვილეში სახლიც არ გვაქვს და რას დავიხსნით.

სადღაც შორიდან, გვცემს ჩაჯმული მოხუცის სუნი

და თითქოს ისე ნეტარია,

თითქოს ნესტოები გვიცახცახებს და მთელი სხეული მისკენ გვეზიდება!

ღმერთის რომ მწამდეს, ვილოცებდი უკეთესი სინამდვილისთვის,

ვიწამებ კიდეც, თუ ნეკნიდან წამომივა მენსტრუაცია,

აი, მანამდე, ლექსებს ვწელავ,

რათა შეავსოს ჟურნალის გვერდი,

და გამუდმებით ველოდები სატელეფონო ზარს,

რომელიც მეტყვის, რომ გასაუბრებაზე მივიდე!

 

შენ კი მანამდე, მშვიდად იძინე, ჩემო ცოლო,

იქნებ ძილმა მაინც მოგწყვიტოს რეალობას,

რომ გაიღვიძებ, გარეთ გადი,

დიდ ხანს ისუნთქე, მერე კი ბევრი წყალი დალიე, ამ მიწის წყალი,

ვინ იცის, რა წამს დაგეწყება წყლის მონატრება!

 

1 2 3