ცალმხრივ სიყვარულზე

 

1_ის იყო ჩემი პირველი შეყვარებული,

იშვიათად მხვდებოდა, სწავლას უთმობდა უფრო მეტ დროს, ვიდრე მე,

მაიძულებდა, არ მომეწია, არ მებილწსიტყვავა და მეტი მელოცა,

არასდროს მეფერებოდა, არც იწვა ჩემთან,

უცდიდა ქორწილს,

მხოლოდ ერთხელ მაკოცა და მერე სულ ნანობდა ამას,

თავს შეურაცხყოფილად გრძობდა, ნანობდა და ფსიქიურ თვითგვემას მიცემული

ერთ დღესაც ადგა და დამშორდა.

მე ის მიყვარდა, რადგან ძალიან ლამაზი იყო!

 

2_ის იყო ჩემი პირველი მასწავლებელი.

ხშირად მცემდა გეოგრაფიული რუკის ჯოხით,

განსაკუთრებით მაშინ, როცა მარცხენა ხელით ვწერდი.

და უფრო მაშინ, როცა ერთრგოლიანი რ-ს ნაცვლად ორრგოლიან რ-ს ვწერდი,

და სამრგოლიანი ლ-ს გამოც ხშირად გამოვუყვანივარ დაფასთან და

მთელი კლასის თვალწინ ვუცემივარ!

ვუცემივარ დაგვიანების, სპორტსმენების ფოტოების და

დასვენებიდან ოფლიანი დაბრუნებების გამო,

მაგრამ მითხრეს, რომ უნდა მყვარებოდა,

რადგან ის იყო ჩემი პირველი მასწავლებელი,

და მეც მიყვარდა!

 

3_ის იყო ჩემი მამა.

ხშირად მოდიოდა სახლში მთვრალი,

იგინებოდა, ჩხუბობდა და უმიზეზოდ მსჯიდა,

სცემდა დედას და არასოდეს უყიდია ნაყინი,

თუ რა თქმა უნდა, რომელიმე ნათესავი თუ არ მაჩუქებდა ფულს,

მხოლოდ ამ ფულით მიყიდიდა ხოლმე ნაყინს, დანარჩენს თვითონ იტოვებდა,

და კაცმა არ იცის სად, ან ვისთან ერთად ხარჯავდა,

ვერ ვიტანდი ცრემლიან, იმედგაცრუებულ და ცხოვრებაწართმეულ დედას,

თუმცა ის ხშირად მეუბნებოდა,

რომ კაცი, რომელიც ასე ცუდად იქცეოდა – იყო ჩემი მამა,

და რომ უნდა მყვარებოდა,

და მეც მიყვარდა.

 

4_ ის იყო ჩემი მოძღვარი,

ისმენდა ჩემს აღსარებებს, და მუხლებს მიტყავებდა მეტანიებით,

მსჯიდა და ჯოჯოხეთის ცეცხლით მემუქრებოდა იმის გამო,

რომ სვირინგი გავიკეთე, რომ გარყვნილი ფიქრები მქონდა,

მსჯიდა და დასმენით მემუქრებოდა, თუ არ ვილოცებდი და წირვას გავაცდენდი,

დედას ეტყოდა იმას, რაც გაკვეთილის დროს გამაკეთებინა

ჩემი კლასელის მოკლე კაბამ და გულამოღებულმა ზედამ.

არ მაზიარებდა, თუ ისევ მოვწევდი,

არ მაზიარებდა, თუ სხვა მიზეზით შევიდოდი ტუალეტში.

ვისმენდი მის მუქარებს და მიხაროდა რომ ბიჭი ვიყავი

და არა ის ჩემი მოკლეკაბიანი და გულამოღებულ ზედაიანი კლასელი,

ვისმენდი მის მუქარებს და მიხაროდა, რომ ღმერთი უკრძალავდა მამათმავლობას.
ასე იყო თუ ისე,
ის იყო ჩემი მოძღვარი, და მეუბნებოდნენ, რომ უნდა მყვარებოდა,
და მეც მიყვარდა.

 

5_ის იყო ჩემი ღმერთი,

მე მისი მწამდა, ვუნთებდი სანთელს და ვევედრებოდი,

რომ მომხდარიყო ისე, როგორც მინდოდა.

თაყვანსაც ვცემდი, სიგარეტის ფულსაც ვიმეტებდი მისი სახლის რემონტისათვის,

სამაგიეროდ ვუყურებდი მკვდარ ბავშვებს, გათხოვილ შეყვარებულს,

ცოცხალ მამას, მის გვერდით დედას, უმცროსი დის მასწავლებლის ჯოხით

აწითლებულ ხელს. ბოროტ პოლიტიკოსებს და უფრო ბოროტ სასულიერო პირებს

და მათ წინამძღოლს, რომლისა და ჩემს მიერ სათაყვანებელი ღმერთის გამო

ხშირად მცემდნენ ქუჩაში.

მიუხედავად ამისა, მეშინოდა, რადგან ის იყო ჩემი ღმერთი,

და მეც მიყვარდა.

 

 

1 2 3