გაზაფხული მორგში

 

მე ვიყავი ყალბი,

როდესაც შევიძულე შენი სიკვდილ –

დადგა გაზაფხული მორგში

და შენ ყველაზე ლამაზი ხარ ამ გაზაფხულში.

 

 

სანამ დიდები ერთმანეთს ატყუებდნენ,

ჩვენ ვითამაშეთ და ვიმღერეთ.

ახლა ვიცი,

რომ გაიზრდები,  მხატვარი გამოხვალ.

 

რამდენს ეწევი, რამდენს ოხრავ, რამდენს ახველებ

და იშვიათად გახსენდება როდესაც სუნთქავ,

რომ დილისპირზე უყურებდი თვალებს ახელილს,

რაც კი ოდესმე დაუმალავთ, ოდესმე უთქვამთ –

მწვანე ტბებივით სუფთა იყო, იყო ნამდვილი.

სიზმრის ნისლივით, წარსულივით, პირველი, სულ სხვა…

დავიწყებული ასე მწარედ, ასე ადვილად.

გათენებული ღამეები და დილის სუსხი.

 

 

შენ შეიყვარებ რომელიმე გამაყუჩებელს

და რა თქმა უნდა, მეგობარსაც იმავეს ურჩევ.

სანამ ქალაქში ყვავილობენ ვიწრო ქუჩები,

მტრედების ლურჯი სასაფლაო, მტრედების ლურჯი

 

ყველაზე ლურჯი სასაფლაო თვალწინ დადგება.

გადაიდება თათბირები, ფრენები, წასვლა,

მაღაზიები, ელ.ფოსტები, საბუთის ასლი,

მასწავლებელი, მკერავი და არდადეგები.

 

 

ჩემში კი, ჩემში დავიწყებას მიეცემიან

დიდი ამბები, გაიხწნება გული ლეშივით.

სისხლის რეზუსით უარყოფითს, დაბალწნევიანს

, უარს გეტყვიან შუშის ზღურბლზე – შესასვლელშივე.

 

 

ჩემში კი, ჩემში რაღაც აღწევს ნიშნულს ნულოვანს

და გეტყვი, როცა ხელს ჩამკიდებ ზრუნვით და მოვლით:

-„ძვირფასო , სული მევსება თოვლით“,

რომ ჩემი სული ისეთივე უსასრულოა,

როგორც ეს დილა. ყვავილები როცა ხმებიან,

ძველი სახლები ყვავილობენ – პეპლებს იჭერენ,

იმდენს, იმდენს, რომ შეგიძლია გული იჯერო,

რომ გავფრინდებით და ჭერ-ფანჯრებ-ოთახებიან

ცაში ვიცხოვრებთ.

 

 

გაკანკალებს და ძვლებში გატანს სუსხი სიცხიანს.

გაკანკალებს და ძვლებში გატანს სიცხიანს სუსხი.

მაგრამ არ იცი, რა დღე არის ან რა რიცხვია

და საუზმემდე მიწის ქოთნებს ჩემ წილსაც უსხამ.

 

ჩემში კი, ჩემში ქალაქებმა ღამე ათიეს

– თავისი ფსკერი გაიჩინეს, თავისი კუთხე.

რომ ჩემი სახლი დადიანის ოცდაათია- არავის უთხრა.

ხელი არ ახლო, გაიმართე, დააგდე, მორჩი!

რა ადვილია გამიმხილო, სხვაზე ადვილი ,

რომ გაზაფხული დამდგარიყო ამ დილით მორგში,

რომ ფოთოლცვენა შემწყდარიყო მორგში ამ დილით.

 

 

1 2 3