ივა ფეზუაშვილის   ,, ბუნკერი’’   ჩვენი უახლესი  წარსულის  მენტალური ცვლილებების რეფლექსიას ერთი მეტად შიშველი მეტაფორის რეალიზაციის  მეშვეობით ახერხებს. სათაურში  გამოტანილი ობიექტი  პირდაპირი მნიშვნელობით რომანის  უხილავი ,თუმცა  ცენტრალური  პერსონაჟია.  შესაბამისად,  ატმოსფერო,  ქალაქის და პერსონაჟების  მენტალური, ზნეობრივი, თან  არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობის ჩათვლით, სიმყრალითაა გაჟღენთილი. აქ ყველა  ყარს:   გენას, ნუგოს, ზემას და ზოგადად, პოლიციური  რეჟიმის სახით.

მართალია, რომანის სიუჟეტის   დრო-სივრცული მარკერები მხოლოდ ერთ დღე-ღამეს მოიცავს ( 07:28-04:13), იგი   კონტექსტუალურად მაინც   პანორამულია, რადგან სიმონიანების ოჯახის  ამბები   ურთულესი  გეო-პოლიტიკური  რყევების პერიოდში ვითარდება.

ვფიქრობ, ფეზუაშვილის რომანი ერთგვარი  დიალოგიც  კია  აკა მორჩილაძის 1992 წელს  დაბეჭდილ  საკულტო რომანთან ,,მოგზაურობა ყარაბაღში’’,ოღონდ არა იმდენად  ყარაბაღის  კონტექსტის, არამედ   პოლიტიკური ქაოსის მოხელთების  და ამ ქაოსში  ,,გაჭედილი’’ პერსონაჟების გამო.

აკა მორჩილაძის რომანის პერსონაჟები თბილისის  სიგიჟიდან  ყარაბაღის  კონფლიქტურ რეგიონში  მოხვედრილი  დაკარგული თაობის (პრაქტიკულად,  ვერრეალიზებულობისთვის განწირული) წარმომადგენლები არიან.  ივა ფეზუაშვილის შემთხვევაში  კი საქმე  გვაქვს   ყარაბაღის ომიდან გამოქცეული სიმონიანების  ოჯახთან (  გენა, მილა, ზემა და  ლაზარე), რომელიც  გაცილებით უფრო კომპლექსურად   პარანოიდულ რეალობაში ხვდება. ვგულისხმობ,  თბილისის სამხედრო  გადატრიალებას,   აფხაზეთის ომს, საბჭოთა კავშირის ლპობის  კულმინაციას, სოციალისტური  უტოპიის  დეგრადაციას (  სინამდვილეში კი საბჭოთაც  კავშირი  მხოლოდ  ფორმით  ანუ ლოზუნგურ დონეზე იყო სოციალისტური!) და  ახალ მენტალურ  ტრანსფორმაციას  ვარდების რევოლუციის სახით, თუმცა ,,რაც არ უნდა  ბევრი სპორტული მოედანი ააშენონ, ასფალტი დააგონ და სადარბაზოები არემონტონ, პოსტსაბჭოთა საქართველოს საძირკველში დატანებული ბუნკერიდან სიმყრალის სუნი მაინც ამოხეთქავს ხოლმე’’.

ხრწნის პროცესს  სიმონიანთა ოჯახის ვერცერთი წევრი  გადაურჩა.   ზემა  სიმონიანი  ( გენას და მილას  ქალიშვილი)  უმცროსი ლეიტენანტია, რომელიც  თავისი   პრინციპული  დუმილებითა და  პოლიციელების მხრიდან  დარღვევების ვერშემჩნევებით    რეჟიმის  საყრდენად იქცა და ,,თუ უშუალოდ მას არ ეხებიან, არც ის ეხება ვინმეს’’. გენა  (მამა)  საბჭოთა  დისკურსიდან  ბუტაფორიულ დემოკრატიაში მოხვედრილი სომეხია, რომელსაც იდენტობის ხსოვნა  ტანჯავს. ესაა კაცი მინიმალური  სოციალური  პრივილეგიების გარეშე, ისიც ყოფილი მილიციელი, რომელიც   ლამის ორგანულად გრძნობს  ქალაქის სიდამპლის და ხრწნის  პროცესს. საკუთარი თავის გვამად  გადაქცეულ გენას და  მის ცოლს   მხოლოდ შვილებიღა აკავშირებთ ერთმანეთთან.  ,,სომეხი ქალისთვის ყოვლად არატიპური’’  მწვანე თვალება მილა  ( ცოლი)  პარიკმახერია. მართალია, ეს საქმე დიდად არ ეხერხება, სამაგიეროდ, მისი მთავარი ინსტრუმენტის – მკერდის  გამოყენება კარგად იცის.  მილა რუტინაში ჩასრესილი ქალია (  აქ შეგიძლიათ ხორცის მანქანაში გატარებული ფარში წარმოიდგინოთ!), რომელიც ბედის ირონიით ( თუ ცინიზმით)  ყარაბაღის ომიდან  პირდაპირ ,,მკვდრებისგან მკვდრებისთვის ნაანდერძევ’’  თბილისში მოხვდა.

ლაზარე ( იგივე ლაზარე ვუ),  რომლის შემოყვანითაც ავტორი მძაფრად აკრიტიკებს  ე.წ. ველური კაპიტალიზმისა  და სამომხმარებლო სერვისების  პოლიტიკას,  კურიერია და  ისიც  მძიმე ამბებში   იხლართება.

ვიდრე რამდენიმე დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას, უნდა ითქვას, რომ   ფეზუაშვილის რომანის   ენობრივი ქსოვილი   თვალშისაცემად  გამჭირვალეა.  თუ, ვთქვათ,  წინა რომანში  სახარებისეული ტემპორიტმის  სტილიზაციაზე  კეთდებოდა აქცენტი და  ამბის დრამატურგიას ნაკლები ყურადღება  ეთმობოდა,  ,,ბუნკერში’’  ავტორმა უკვე  შეძლო ენის და  ამბის  ერთდროულად მართვა.

ჩემთვის, ,,ბუნკერი’’ არ არის  არც  90-იანი წლების  და არც  პოსტრევოლუციური  მდგომარეობის – უკვე აკვიატებად ქცეული ტერმინი რომ გამოვიყენო –  რეფლექსიის  მცდელობა, არამედ   მენტალური ტრავმებისა   და ჩაგრული მჩაგვრელების   მუტაციის კვლევა  უფროა.

 

1 2