არის რომანში ორი   პერსონაჟი, რომლებიც  პირდაპირი მნიშვნელობით, იჭრებიან სიმონიანების  ბედისწერაში, თანაც    ამ ამბებამდე გაცილებით ადრე. ერთ-ერთი მათგანი  ნუგოა,  ზემას კლასელი. მამამისი  კილო და რვაასი  გრამი მაკარონის  და ქურთუკის გამო შვილის თვალწინ მოკლეს. ისიც ისევე ყარდა, როგორც  თბილისური  ოთხმოცდაათიანები. ამიტომაც,  ეტაპობრივად  ჩამოყალიბდა ისეთ მჩაგვრელად,  ყველას რომ  ჩაგრავს ძლიერების გარდა. თან მათთან მეგობრობდა, თუმცა ეს მეგობრობა  ძალიან პირობითი ცნებაა.  მათზე  შურისძიებას (  ხელსაყრელ ვითარებაში)  უფრო  სასტიკად და დაუნდობლად  აპირებდა.   ამრიგად,  ზრდასთან ერთად იცვლებოდა სისასტიკის  იარაღები:  ჯერ მუშტი,  მეექვსე კლასიდან უკვე დანა და იარაღის ტრიალი.

ზემას  ნუგოსგან მხოლოდ სტატუსი უნდოდა, თუნდაც ქალიშვილობის დაკარგვის ფასად. ქალიშვილობა ერთგვარი საშვია გარანტირებული  უსაფრთხოების სანაცვლოდ.   უფრო მეტიც, ის  ერთგვარი პრევენციაა   მისთვის  ქსენოფობიური  რეპლიკების  თავიდან ასაცილებლად, თუმცა ნუგო  ზემას არ აღიარებდა. აქტუალურად ყოფნის ეტაპი მის ცხოვრებაში გვიან,  პოსტსაბჭოურ საქართველოში დადგა.

ძველი ხელისუფლების პირობებში  ნუგო  ,,მონსტრული მენტალიტეტის გამო’’ გამოკეტეს ციხეში, 2013-ში  კი წამებულის  ამპლუათი გამოვიდა,  ოღონდ    „წამებული მონსტრები კიდევ უფრო საშიშები არიან და საშიში იყო ნუგოც, და შეიარაღებული, და რომ არ ჰქონდა ფული, სამაგიეროდ ჰქონდა ტყვიები და ამ ტყვიებით ფულის შოვნის იმედი’’… მისმა ტყვიამ  ბენზინის ჩამომსხმელი  ბიჭის სიცოცხლე შეიწირა.  მკვლელობის ბრალდებით  კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ციხეში, თუმცა მალე   ისევ გამოუშვეს.

ერთ  დღეს კი  ნუგოს და  ზემას  ხაზები კიდევ ერთხელ, ამჯერად  საბედისწეროდ გადაიკვეთება. ზემა უკვე  ძალადობრივი სისტემის ნაწილია, შესაბამისად ახლა უკვე თავადაა მჩაგვრელი, ნუგო კი მისი მსხვერპლი.

ზემას  გავლენიანი  საყვარელი, რომელსაც პირობითად  ,,კაცი სამინისტროდან’’ ჰქვია, გენას ბავშვობისდროინდელი  მეგობარია, ისიც  ჩაგრული  მჩაგვრელია, ,,შკოლნიკი’’, რომელიც  სტუმრად მისულ გენას   უოლტერ სკოტებსა და მაინ რიდებს უყვებოდა, წლების შემდეგ კი ეს ,,აჩკარიკი’’   პოლიტიკურ ქაოსს ავტომატითა და  ჯაბა იოსელიანთან ინტელექტუალური საუბრებით უმკლავდებოდა. პოსტსაბჭოთა საქართველოში  ძველი  ნამხედრიონალი  ჯერ რევოლუციონერებს შეუერთდა და თან  მეორე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენისთვის სახელმწიფო გმირის ორდენით დაჯილდოებული გაიშნიკი გენაც ჩაითრია. არამარტო ჩაითრია, გარანტირებულ  პრივილეგიებსაც დაპირდა.

ამ კაცს ( წარსულის აჩრდილს)   გენა  კიდევ ერთხელ ნახავს, ამჯერად საკუთარ კორპუსთან, სპეცოპერაციის მსვლელობისას. ეს  კინო კადრია! თანაც ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებლად მაშოკირებელი  ბოლო პერიოდის ქართული რომანის ისტორიაში. სწორედ ამ მომენტში აცნობიერებს  სამინისტროს   კაცი ზემას  ხელის თხოვნის ტოტალურ  აბსურდულობას. სიმყრალე კი  ( სხვებთან ერთად)  გაცილებით ადრე,  სამხედრო გადატრიალების დროს იგრძნო, მაშინ, როცა  ავტომატების  კაკანის პარალელურად რუსთაველის გამზირიდან რამდენიმე კილომეტრში ,, მის საბურთალო’’ იმართებოდა.  აი, ეს მენტალური  აჯაფსანდალი იმ პერიოდის ნორმირებული  აბსურდია. აბსურდი, რომელიც  დეფინიციის მიღმა დგას.

ერთი სიტყვით,  ,,ბუნკერი’’ უგმირო რომანია, აქ  ყველა ყარს, ქალაქიც და ამ ქალაქის მაცხოვრებლებიც.   თხრობის ტემპორიტმის აჩქარებასთან ერთად   სიმყრალეც  უფრო ინტენსიური  ხდება.

დავაკვირდეთ  ფინალს:

,,… გენამ იგრძნო, რომ არა მხოლოდ მისი წარსული და აწმყო, არამედ მისი მომავალიც და სიმყრალეში გაზრდილი მისი შვილებიც ყარდნენ’’.

რომანის ენობრივი ქსოვილის, პერსონაჟთა  კონტრასტული ქცევების და  რამდენიმე  ეპიზოდის  გათვალისწინებით  ტექსტი  აშკარად კინემატოგრაფიულია.  უფრო სწორად, ავტორისეული პერსპექტივაა კინემატოგრაფიული, რაც ,,ბუნკერს’’ კიდევ  უფრო ფართოპლანიანს ხდის.

მიუხედავად იმისა, რომ ნარატორი  ჩვენთვის უცნობი  პირია და კარგი იქნებოდა    ინდივიდუალური ისტორიები თავად  ოჯახის წევრებისგან  მოგვესმინა ( პირველი პირი ყოველთვის გამოწვევაა, რადგან  აქ უფრო რთულია  სწორი ინტონაციის ,,დაჭერა’’), თუმცა  მაინც აქვს ზემოქმედების ძალა იმდენად, რამდენადაც ავტორი გულწრფელია. ეს სიშიშვლე კი   მკითხველის  ნდობის გარანტიაა.

 

 

1 2