კვირის დასაწყისში, სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად გაზიარებადი სტატუსი ისაა თუ როგორ არ გვეზიზღება ორშაბათი. ამ თემის ირგვლივ საუკეთესო კომენტარი რაც მინახავს სლავოი ჟიჟეკის ფრაზაა – „თქვენ არ გეზიზღებათ ორშაბათი, თქვენ გეზიზღებათ კაპიტალიზმი“. თუმცა სამწუხაროდ ამ თეზისის განვრცობილი მსჯელობა აღარსად შემხვედრია, ამიტომ თავად ვიკისრებ იმის განვრცობას თუ რა იწვევს ორშაბათის სიძულვილს და როგორ შეგვიძლია დავაღწიოთ მას თავი.

ორშაბათის სიძულვილი, რასაკვირველია ნაწარმოებია იქიდან, რომ საკუთარ ყოველდღიურობასა და ცხოვრების სტილთან კომფორტულ თანხვედრაში ვერ მოვდივართ. ყველაზე ხშირად ამას იწვევს სამსახურეობრივი რუტინა, როდესაც ისეთი საქმის კეთება გიწევს, რომელიც არ მოგწონს, შენ კი მის გამო დილით ადრე დგები, მინიმუმ რვა საათს ხარჯავ და საღამოს მაქსიმალურად ცდილობ დაისვენო, იმიტომ რომ დღის პირველი ნახევარი მოსაწყენ და უინტერესო აქტივობაში გავიდა. შესაბამისად, პროდუქტიულობაც იკლებს და იზრდება დისკომფორტები.

ამის საპირისპიროდ, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არსებობას შევხედოთ რუტინისგან ნაკარნახები პასუხისმგებლობების გარეშე, რადგან წინასწარ განსაზღვრული ფორმები და ლოგიკა ისევ ჩვენი მოგონილია, ხოლო ყველაფერს, რასაც თავად ვიგონებთ და ვისაზღვრავთ, შეგვიძლია კიდეც, რომ თავი ავარიდოთ. საგნები არ უნდა მივიღოთ ისე, როგორც მოგვეწოდება, არ უნდა დავაჯეროთ საკუთარი თავი, რომ კონკრეტული საქმის კეთება გვჭირდება. სამომხმარებლო ეკონომიკურ წესრიგში ცხოვრების გამო, ყველაზე მეტად, რაზეც გვიწევს ფიქრი, ფულის გამომუშვებაა. სწორედ ამის გამო, ვერ ვახერხებთ საკუთარი სურვილების მიხედვით მოქმედებას, მაგალითად საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილის შეცვლას და ა.შ. იმის შიშით, რომ დავკარგავთ ფინანსურ მხარდაჭერას, ვთრგუნავთ საკუთარი პოტენციალის გამოკვლევის შესაძლებლობას. ჩვენი ყოფიერება კი ესენციურად ფულის გამომუშვებაზე არაა მორგებული. სამომხმარებლო ილუზიის გამო, ვებმებით საოფისე რუტინაში და არ ვცდილობთ მაგალითად, გავხდეთ რეჟისორები ან ვისწავლოთ გერმანული ენა და შევძლოთ მარტინ ჰაიდეგერის ნაშრომების ორიგინალში წაკითხვა.

ამ ყველაფრის უკეთ ცხადყოფის მიზნით, გავიხსენებ სამ ფილმს, სადაც დამთრგუნველ რუტინაში მოხვედრილი მთავარი გმირები, რადიკალური ცვლილებების საჭიროების წინაშე დგებიან. სემ მენდესის სურათში, სახელწოდებით „ამერიკულ სილამაზე“, მთავარი პერსონაჟი, ლესტერ ბერნემი, საშუალო კლასის ამერიკელია, რომელსაც აქვს მშვენიერი სახლი იდეალური გაზონით, სტაბილური სამსახური და ჰყავს ოჯახი. როგორც იტყვიან, ყოველმხრივ შემდგარი ადამიანია. თუმცა მისი ყოველდღიურობა დაცლილია სიცოცხლისგან, რადგან მხოლოდ ფინანსური საჭიროებების შევსებაზეა ორიენტირებული. მის შემთხვევაში გამოსაფხიზლებელი დარტყმა სილამაზესთან კონტაქტი ხდება, საკუთარი შვილის კლასელთან შეხვედრა, რომელიც ცხოვრებაში დააბრუნებს და უკეთეს, უფრო საინტერესო ადამიანად გარდაქმნის სურვილს გაუჩენს.

აკირა კუროსავას ფილმში „იცხოვრო“ მთავარი გმირი კენჯივა ტანაბე ანალოგიურ რეალიზაციამდე მას შემდეგ მივა, რაც საკუთარი სასიკვდილო დიაგნოზის შესახებ შეიტყობს. მისთვის ყოველდღიურობის რუტინიდან გამოსვლა და ცხოვრების საკუთარი ინტერესების მიხედვით კონსტრუირება სიკვდილთან სიახლოვის გააზრებისას მოხდება. ის და ლესტერ ბერნემი, საკუთარ თავს აცლიდნენ გაუმჯობესების და პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობას. ორივე მათგანი, როგორც მრავალი ჩვენგანი, ვინც კვირას ორშაბათის სიძულვილით ვიწყებთ, იყვნენ კონფორმისტები და პოლიტიკურად დამშვიდებულები. ასეთ მდგომარეობაში მყოფი თანამედროვე საზოგადოება მომქანცველი და ინერტული სამუშაო დღეების შემდეგ, მოჩვენებითი კათარზისის მიღწევას უიქენდზე ხმაურიანი გართობით ცდილობს.

ჩვენ საკუთარ თავს ვარწმუნებთ ისეთი მოცემულობების აბსოლუტურობაში, რისიც ბოლომდე არც გვწამს,  რადგან ასე უფრო იოლია. ამგვარად, ვრჩებით მოტყუებულ მდგომარეობაში და ვიქმნით დეფაქტო კომფორტს, რომელიც შესაძლოა მუშაობს ხანმოკლე პერსპექტივაში, მაგრამ შედეგად, ვიღებთ ტრავმებს, რომლებიც შორიახლო მომავალში შეგვახსენებს თავს. თუმცა გამსოავალი ყოველთვის არსებობს.

პიტერ უირის „ტრუმენის შოუში“ მთავარი გმირი, ტრუმენ ბურბენკი, საკუთარი ფალსიფიცირებული ცხოვრების შესახებ ეჭვების გაჩენის შემდეგ, ცდილობს მისგან გაქცევას, შიშების გადალახვას და ახალი, ნამდვილი ცხოვრების დაწყებას, სადაც არა სხვებისგან ნაკარნახები, არამედ საკუთარი სურვილების მიერ ნაწარმოები ადამიანი იქნება. თუ ლესტერისთვის სილამაზე, კენჯისთვის კი – სიკვდილი, ტრუმენისთვის ცვლილებების აუცილებლობის რეალიზაციამდე მისასვლელ ტრაექტორიას საკუთარი ყოფის ავტომატურობის გააზრება ქმნის. და ალბათ ეს არის საუკეთესო მექანიზმი, რომლითაც უნდა ვიმოქმედოთ.

ის, თუ რას წარმოვადგენთ დღეს, არ არის ჩვენი სასრული მოცემულობა, ჩვენი რეალური პორტრეტი არის ის თუ რისი პოტენციალი გვაქვს და როგორ და რამდენად მოვახერხებთ მის განხორციელებას. წარმოიდგინეთ რამდენად აბსურდული იქნება საკუთარი სამყაროდან გასული ტრუმენი, ახალ შესაძლებლობებთან შეხვედრისას, კვლავ რომ დამორჩილდეს წინასწარ განსაზღვრულ ნორმებს და კვირა ორშაბათის სიძულვილით დაიწყოს. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ არ შევუშინდეთ დრამატულ ცვლილებებს და ეს გავაკეთოთ არა სიკვდილის შიშით, ან სილამაზის აღმოჩენით, არამედ იმის გაცნობიერებით, რომ იმაზე მეტად თავისუფლები ვართ, ვიდრე გვგონია და საკუთარი ცხოვრების კონსტრუქციის არქიტექტორები თავად უნდა ვიყოთ. შემდეგ კი ეს ინდივიდუალური გამოღვიძება, კოლექტიურად ვაქციოთ.