„… აბსულუტურად ვეთანხმები თემებს, რომელიც დასმულია ესეში „ქალის სხეული“. არაჩვეულებრივად დაწერეთ ამ საკითხის შესახებ… ეს ამოუწურავი საკითხია…“

გამოხმაურება   Michigan Quarterly Review -დან

 

 

1.

ვეთანხმები, მწვავე საკითხია. მაგრამ მხოლოდ ერთი? მიმოიხედეთ,  რამდენია! მაგალითად თუნდაც ჩემი ავიღოთ.

დილით ვდგები. ჩემს საკითხზე  ჯოჯოხეთის ცეცხლი მიკიდია.  მეწვის. მტკივა. ზედ წყალს ვასხამ, აქა-იქ ვხეხავ, პირსახოცს ვუხახუნებ, პუდრს ვაყრი, ზეთით ვპოხავ. ჩემს საკითხს საწვავით ვავსებ და ისიც გზას გამართული მიუყვება – ჩემი აქტუალური საკითხი, ჩემი სადავო საკითხი, ჩემი საყოველთაო საკითხი, ჩემი მგრძნობიარე საკითხი, ჩემი ახლომხედველი საკითხი, ზურგის პრობლემებით გატანჯული საკითხი, ჩემი უსაქციელო საკითხი, ჩემი ვულგარული საკითხი, ჩემი აღმაშფოთებელი საკითხი, ჩემი სიბერის გზაზე შემდგარი საკითხი, საკითხი, რომელმაც ვერა და ვერ შეისწავლა ჯადოსნობა, საკითხი, რომელიც სადაოც აღარაა, ფართო პალტოთი და ძველი ჩექმით ტროტუარზე ისე მიყანყალებს, თითქოს სისხლი და ხორცი იყოს და როგორც ყოველთვის მშიერი, ყველაფერზე ნადირობს, რაც მოხვდება, იქნება ეს ავოკადო, გამგეობის წევრი თუ ზედსართავი სახელი.

2.

ქალის  სხეულს თან მოყვება შემდეგი მოსართავები: წინდის დამჭერი, ტრუსი, ხაბარდა, ლიფი, შლეიფი, კორსეტი, ბანდაჟი, უბიწობის ზონა, ფრანგული ქუსლები, ცხვირის რგოლი, ვუალი, გრძელი ხელთათმანები, ბადე-წინდები, თავშალი, ბიკინი, კორსეტი სახელად „მხიარული ქვრივი“, სამგლოვიარო ბაბთა, მძივები, ქალიშვილობის ქამარი, ბუმბულის ბოა, პატარა შავი კაბა, ლიკრის კოლგოტი, აბრეშუმის  პენუარი, ფანელის საღამური, მაქმანის დათუნია,  საწოლი, თავი.

3.

ქალი სხეული დამზადებულია გამჭირვალე პლასტმასისგან და ანათებს, როდესაც დენში ჩართავენ. ღილაკზე ხელის დაჭერით სხვადასხვა ქსელი ინთება –  (წითელი გულისა და არტეტიების გამო) სისხლძარღვთა სისტემა,  იისფერი ვენები, ლურჯი სასუნთქი გზები, ყვითელი ლიმფური სისტემა, მწვანე საჭმლის მომნელებელი სისტემა, წყლისფერი ღვიძლი და თირკმელები.  ნერვები ფორთოხლისფრად ბჟუტავს, ტვინი ვარდისფრად. ჩონჩხი, როგორც ალბათ თქვენც ხვდებით, თეთრია.

რეპროდუქციული სისტემა არჩევითია, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება სხეულს საერთოდ მოვაშოროთ. სურვილის მიხედვით, მას შეიძლება მოყვებოდეს, ან არ მოყვებოდეს პაწაწინა ემბრიონიც. აქ შეგვიძლია მშობლის კეთილგონიერი აზრებიც გამოვთქვათ. თუმცა, სიფრთხილე გვმართებს – არავის შეშინება ან შეურაცხყოფა ჩვენი მიზანი არ არის.

4.

ბიჭი აცხადებს, ასეთი რამეებს თავის სახლში ვერ აიტანს. ეს პატარა გოგონას მშვენიერების შესახებ მცდარ წარმოდგენას შეუქმნის, რომ არაფერი ვთქვათ, ანატომიაზე. რეალური ქალი ასე რომ იყოს აგებული, თავს მოიკლავდა.

გოგომ თქვა, თუ მას არ მისცემდნენ უფლებას, სხვა  გოგოების მსგავსად,  მანაც დადგას სახლში ის, თავს თეთრ ყვავად იგრძნობს. მისი განცხადება  საკმაოდ მწვავე საკითხად იქცა. მაგრამ რა ქნას, მას ძალიან უნდა სახლში ასეთი ქალი და ძალიან უნდა თვითონაც ასეთი ქალი გახდეს.

აკრძალვა იწვევს სუბლიმაციას. თავადაც მშვენივრად მოგეხსენებათ.

ბიჭმა თქვა, საქმე აპრეხილ ძუძუებში კი არ არის, არამედ გარდერობში. გარდერობში და იმ სულელურ სათამაშო ბიჭში, მოიცა, რა ქვია? აი, ის, ტრუსი რომ აქვს ზედ მიწებებული.

გოგონამ თქვა, ჯობია, ეს გავიარო, ვიდრე ჯერ ნორჩი ვარ. ბიჭმა თქვა, კარგი, მაგრამ მე ნუ დამანახვებ.

გოგონამ კიბეზე შხულით ჩაიქროლა,  გასროლილი ისარივით. დედიშობილა იყო, თმამოგლეჯილი, თავი უკუღმა ჰქონდა მობრუნებული, ფეხზე რამდენიმე თითი აკლდა, სხეული  ტატუთი მელნისფრად ჰქონდა მოჩუქურთმებული. ქოთნის იელს წამოედო, წამით აჩხლართული ანგელოზივით შეტორტმანდა და დაეცა. ბიჭმა თქვა, ახლა, მგონი, უსაფრთხოდ ვართ.

5.

ქალის სხეულმა უამრავი გამოყენება ჰპოვა. არსებობს კარზე დასაბრახუნებელი, ბოთლის გასახსნელი,  მუცელ-მოწიკწიკე საათი, თხილის გასატეხი – თითბერის ფეხებს ერთმანეთს კარგად თუ მიაჭყლიყავ, მათ შორის თხილის გული გამოძვრება.

მას ხელში უკავია ჩირაღდნები, თავზე ადევს გვირგვინები, ეზრდება სპილენძის ფრთები, ზედ ადგას ნეონისგან შეკრული თანავარსკვლავედები,  ზოგჯერ მთელი შენობაც კი მარმარილოს თავზე აწევს.

ის ყიდის მანქანებს, ლუდს, საპარს ლოსიონს, მაღალგრადუსიან ლიქიორს; ის ყიდის სწორი კვების სქემებს, ალმასებს, და ბროლის პატარა ბოთლებში გამომწყვდეულ სურვილებს.

ეს ის სახეა, ათასობით პროდუქტს თან რომ სდევს? ასი პროცენტით დარწმუნებული ხარ,  რომ ისაა, მაგრამ მაინცდამაინც ნუ გამხიარულდები,  ტკბილო, ასეთი ღიმილი ქუჩაში მილიონობით ყრია.

მხოლოდ ის კი არ ყიდის, თავადაც გაყიდულია. ფული  ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში მიედინება, მიფრინავს, პრაქტიკულად, მიცოცავს – ბავშვის დაღინღლული ფეხების მახეში გასაბმელად გატენილი ჩემოდანი ჩემოდანზე იგზავნება. მომისმინე, ალბათ, შენც გექნება სურვილი, შენი ქვეყნის სახელმწიფო ვალი შეამცირო, არა? თუ პატრიოტი არ ხარ? აი, მესმის სულისკვეთება! ასეთი უნდა იყოს გოგო!

ის ეროვნული რესურსია, თანაც, საბედნიეროდ, განახლებადი და ამოუწურავი.  ამ რესურსს მოხმარების ვადა მალ-მალე ეწურება, ახლა ძველი პარტიის მსგავსად კი ვეღარ ამზადებენ! თანდათან უხარისხო საქონელი წამოვიდა!

6.

ერთი და  ერთი უდრის კიდევ ერთს. ინსტრუქციები მდედრის სიამოვნებას არ ითვალისწინებს. შეწყვილებას ბატები გაცილებით უფრო გონივრულად ახერხებენ. სიყვარულზე არა, ლაპარაკია ბიოლოგიაზე. აქამდე ყველა ასე მოვედით, ჩემო გოგონა.

ლოკოკინებთან საქმე სხვაგვარადაა. ისინი  ჰერმოფროდიტები არიან და სამ-სამად მუშაობენ.

 

1 2