7.
ქალის სხეული შეიცავს ქალის ტვინს. ხელმარჯვეა. ყველაფერი გამოსდის. თუ არ გჯერა, ქინძისთავები ჩაარჭვე და საოცარ შედეგს იხილავ. ძველ პოპულარულს სიმღერებს. მოკლე ჩართვას. ცუდ სიზმრებს.

რაც გინდა იყოს: ყველა სხეულის ტვინი შეიცავს ორ ნახევარს, რომელიც ერთმანეთთან სქელი მყესითაა დაკავშირებული. ნეირონების ნაკადი ერთი ნახევრიდან მეორეში დაქრის, ელექტრონული ინფორმაციის ნაპერწკლები აქეთ-იქით ელავენ. როგორც ნათელი ტალღის ქიმზე. როგორც საუბარი. აბა, საიდან რა უნდა იცოდეს ქალმა? ის უსმენს. შიდა ხმას უსმენს.

ახლა, კაცის ტვინი სულ სხვა საქმეა, ერთმანეთთან მხოლოდ თხელი ქსოვილითაა დაკავშირებული. სივრცე იქით, დრო აქეთ, მუსიკა და არითმეტიკა ცალ-ცალკე, დალუქულ განყოფილებებში. მარჯვენა ტვინმა არ იცის რასა იქმს მარცხენა. თუმცა მას ვერაფერი შეედრება, როცა საქმე მიზანში ამოღებაზე მიდგება, მიზანში სროლაზე, სასხლეტზე თითის გამოკვრაზე. და მიზანი რაღააა? ვინაა მიზანი? ვის ადარდებს? მთავარია, არ ააცილოს. აი, ესაა კაცის ტვინი შენთვის. ობიექტურად.

ამიტომ სევდიანობენ კაცები, ამიტომ გრძნობენ თავს გარიყულად, ამიტომ მიაჩნიათ, რომ ობლები  და მოწყვეტილები არიან და მათი ბედი არავის აღელვებს, მათზე არავინ ზრუნავს.  სადღაც ძალიან ღრმად, თავნება და უკონტროლოები არიან. სადღაც ღრმად, საკუთარ წიაღში.

სად წიაღში? სად ღრმად? კითხულობს ქალი. რაზე ლაპარაკობთ? სამყაროს წიაღში, ამბობს კაცი, ქალი ოხრავს ოჰ, და ფანჯრიდან იხედება და ცდილობს, როგორმე შექმნილ გარემოებებს ალღო აუღოს, თუმცა, ამაოდ – ერთდროულად ძალიან ბევრი რამ ხდება, ძალიან ბევრ ფოთოლს ეპარება ჟანგი, ძალიან ბევრი ხმა ისმის, და  ქალი ეკითხება: სენდვიჩი გინდა? ან ნამცხვარი, ან ჩაი? კაცი კბილებს აღრჭიალებს,  რადგან ქალს არ ესმის მისი, დგება და სადღაც მიწოწიალებს, უბრალოდ მარტო კი არა,

მ ა რ ტ ო. სიბნელეში გზას ვერ იკვლევს, გზას ვერ იკვლებს საკუთარ თავის ქალაში, მეორე ნახევარს ეძებს, ტყუპისცალს, რომელიც შეავსებს. იკარგება.

და ბოლოს, ხვდება:  ქალის სხეული დაკარგა! გახედე, როგორ ბრწყინავს სადღაც შორს!  მოქუფრულ ცაზე ნამდვილი სრულყოფილების, სიმწიფის გამოცხადება! გიგანტური ნესვი, ვაშლი! ძუძუს მეტაფორა ცუდი სექსით სავსე წიგნში! ანათებს, როგორც ბუშტი, როგორც ნისლიანი შუადღე, წყლით სავსე მთვარე შუაგულში მოლიცლიცე სინათლის კვერცხით.

ხელი წაავლე! გოგრაში ჩასვი, გამოკეტე საკანში, მაღალ კოშკში, სახლში, ოთახში. დააოკე, დაადე ბოქლომი, მოაბი თოკი, ჯაჭვი, ტკივილი, ისე, რომ ვერასოდეს წავიდეს ისევ.

 

 

ინგლისურიდან თარგმნა

დალილა გოგიამ

 

1 2