როდესაც მიზანი რელიგიის კრიტიკაა, იგი იმ ადამიანებისკენ უნდა იყოს მიმართული,  ვინც გვინდა, რომ   ფუნდამენტალისტური დოგმებისგან გამოვიხსნათ. ამიტომ ფორმა უნდა იყოს არა თავდასხმითი, არამედ მსჯელობისკენ მიმავალი ხასიათისა, რომელიც წარმოაჩენს პრობლემის საფუძველს, მის გამომწვევ მიზეზებს, არსებობის მოტივებს, ასევე იმის გააზრებაშიც უნდა ეხმარებოდეს, რა ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის და ა.შ. აი თავის დროზე პროვოკაციული ფილმი იყო ოთარ იოსელიანის გიორგობისთვე, რომელიც იწყება სოფლის ცხოვრების აღწერით: ხალხი კოლექტიურად შრომობს, სუფრას შლის, სადღეგრძელოებს ამბობს, ერთი სიტყვით, ჰარმონიულად ცხოვრობს. მათ კი თავს ეკლესია დაჰყურებს.  ფილმი მთავრდება ქალაქური ცხოვრების აღწერით. ტრადიციული ქართული სუფრის ფონზე ფოტოს იღებენ ღვინის ქარხნის თანამშრომლები. ტრადიცია კარიკატურული ხდება. ყველაფერს კი ეკლესიის კადრი ამთავრებს ზარების საგანგაშო რეკვით. მაშინ ეს საბჭოთა ყოველდღიურობის კრიტიკა იყო, იდეალების, ტრადიციისა და რელიგიის უარყოფის კრიტიკა. და რასაკვირველია ამას პროვოკაციული ბუნება ქონდა. თუმცა გიორგობისთვე დღეს რომ გადაეღოთ, არანაკლებ პროვოკაციული ხასიათის იქნებოდა, ოღონდ უკვე ლიბერალური საჯარო სივრცისთვის, რომელიც აუცილებლად დაწერდა, რომ ავტორი კონფორმისტი და რეტროგრადია, რელიგიის და ტრადიციების მავნებლურ რომანტიზებას ახდენს და ა.შ. მერე რომელიმე ენჯიო განცხადებას გააკეთებდა, რომ ფილმში ნაჩვენები ქალის სახე მიზოგინურია, რადგან საკუთარი სექსუალობით კაცების მანიპულირებას ეწევა, რეჟისორი სექსისტია და ბოდიში აქვს მოსახდელი. სწორედ ამიტომაა „გიორგობისთვე“ გენიალური ფილმი, თავისი დროის კონტექსტშიც პროვოკაციული იყო და დღევანდელობისთვისაც ასეთად რჩება.

მოკლედ, მრავალმხრივ შეიძლება საკითხის გაშლა, მაგალითად, სექსი რომ არ არსებობს ქართულ კინოში, რომ ქალის სექსუალობა დიდი მწვანე ველის იქით არსად უჩვენებიათ… სხვა მნიშვნელოვანი პროვოკაციული ნარატივების არარსებობაზეც შეიძლება საუბარი, მაგრამ ეს უკვე ძალიან შორს წაგვიყვანს. ტექსტს დავამთავრებ უახლესი წარსულის ერთ-ერთი საუკეთესო პროვოკაციული ფილმით და თუ არ გინახავთ, გირჩევთ აუცილებლად უყუროთ. ეს გახლავთ რუბენ ოსტლუნდის „კვადრატი“, რომელიც იდეალურად ერგება  რანსიერის ზემოთთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რა არის დღეს პროვოკაციული ხელოვნება  და ზოგადად ხელოვნების მიზანთან დაკავშირებით ჰეგელის განწყობებსაც ესადაგება. „კვადრატი“ სატირისტულად აღწერს ლიბერალურ პოლიტიკას, ლიბერალურ საზოგადოებას, დიდი პრობლემებისადმი ინდივიდუალისტურ მიდგომებს და თავად პროვოკაციულ არტსაც. რეჟისორი იმ რეალურ და დღის წესრიგში მდგომ პრობლემებზე აკეთებს კომენტარს, რომლის წინაშეც დგას მისი ქვეყანა, შვედეთი. იმედია, ჩვენი სახელოვნებო სფეროც გაცდება თვითმაამებლობას, ლიბერალური საჯარო სექტორის და დასავლური ტრენდებისადმი პირმოთნეობის გამოხატვას და პროვოკაციას შექმნის არა პროვოკაციისთვის, არა საკუთარ პერსონაზე ყურადღების მიპყრობის მიზნით, არამედ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრში პოზიტიური ცვლილება გამოიწვიოს.

 

 

1 2