ამ ტექსტში მინდა ვისაუბრო პროვოკაციის მნიშვნელობაზე ხელოვნებაში და დავიწყებ იმით, რომ თანამედროვე საქართველოში შექმნილ არტში პროვოკაცია არ არსებობს. ახლა შეიძლება ფიქრობთ, როგორ თუ არ არსებობს, რამდენ ავტორს აღუშფოთებია საზოგადოებაო, მაგრამ ეგ ეპატაჟია, თითქოს პროვოკაციაც ეთქმის, მაგრამ შექმნილია იმისთვის, რომ იყოს პროვოკაცია და არა რეფლექსია პრობლემაზე, რომლის შემდეგაც ავტორი მოახერხებს ამ პრობლემის ირგვლივ კითხვების გაჩენას და დისკუსიის არტიკულაციას. ჩვენთან იქმნება ისეთი ეპატაჟები, რომლებიც არა ნაწარმოებზე, არამედ ავტორზე გვამახვილებინებს ყურადღებას. განხილვის საგანი ხდება შემოქმედი და არა მისი ნამუშევარი, რადგან ის, რასაც თანამედროვე ქართულ არტში, იქნება ეს კინო, ფერწერა, ლიტერატურა, მუსიკა თუ სხვა, პროვოკაციული ხასიათი აქვს, არ არის იდეოლოგიურად დამუშვებული, არც  პოლიტიკურ ჭრილში გააზრებული. პროვოკაცია საჭიროა მაშინ, როდესაც კონკრეტულ მნიშვნელოვან საკითხზე არ მიდის მსჯელობა, არ ხდება პოზიტიური გადააზრება და ა.შ. ამიტომ კომუნიკაცია რადიკალური ფორმით  გიწევს სოციუმთან, რათა მათი ყურადღება ამ კონკრეტული საკითხისკენ მიმართო.

ხელოვნებაში პოლიტიკურობის შესახებ საუბრისას, ერთ-ერთ ინტერვიუში ფრანგ ფილოსოფოს ჟაკ რანსიერს ეკითხებიან: რა არის დღეს პროვოკაციული არტშიო, რაზეც რანსიერი პასუხობს, რომ დღეს პროვოკაციად ვეღარ ჩაითვლება თავდასხმა ტრადიციასა და რელიგიაზე, პროვოკაციული ხელოვნება უნდა საუბრობდეს თანამედროვეობაზე, ნეოლიბერალიზმზე თუ კაპიტალიზმის იმ მოდელზე, რომელშიც გვიწევს ცხოვრებაო. საქართველოში კი თუ რაიმე პროვოკაციული ხასიათისა გვინახავს, ან ისევ რელიგიას უკავშირდება, ან ტრადიციას. ოღონდ ეს არასოდეს ხდება იმგვარად, რომ სიღრმისეული ანალიზი  განხორციელდეს და მსჯელობა წარიმართოს, სინამდვილეში ამას მიზნადაც არ ისახავს.

ავიღოთ მაგალითად ლუის ბუნუელი, რომლის ყოველი მეორე ფილმი რელიგიის დაცინვად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ბუნუელი მხოლოდ კანონიკურ ფარგლებში როდი რჩება. კრიტიკისას  მრავალ საკითხს ეხება, იქნება ეს კლასობრივი თუ გენდერული ურთიერთობები, ძალაუფლებრივი ინსტიტუტების მჩაგვრელი ხასიათი თუ ის რეპრესიები, რომელსაც სექსუალობაზე და ზოგადად ცოვრების წესზე ახორციელებს ეკლესია, ბურჟუაზიული საზოგადოება, თუ კაპიტალისტური ეკონომიკა. ამ მოცემულობაში, როდესაც პრობლემის კომპლექსური განხილვა ხდება, პროვოკაციული იმიჯი თუ სიუჟტური მანევრი მეტანარატივის მქონე ხდება, რადგან მასზე რეფლექსირების საშუალებას იძლევა, გვიჩვენებს თუ რა და რატომ არის მანკიერი პრაქტიკა და რის გამო უნდა აღმოიფხვრას ის.

მე მკაცრად მწამს, როგორც ტოლსტოი წერს თავის ესეში  – “რა არის ხელოვნება?“, რომ ხელოვნების დანიშნულება ადამიანების კოლექტიური თუ ინდივიდუალური გაკეთილშობილებაა. ჰეგელი თვლიდა, რომ ხელოვნების მიზანი ჩვენ გონებაში მნიშვნელოვანი იდეების ინტეგრირება უნდა ყოფილიყო,როგორც ესაა, მაგალითად, კენ ლოუჩის ფილმში “ტკბილი თექვსმეტი წელი”, სადაც ვხედავთ სახელმწიფოს უპასუხისმგებლობას მოქალაქეების მიმართ, სოციალური სერვისების უუნარობას, მართლმსაჯულების სისტემის გაუმართაობას, მჩაგვრელ ეკონომიკურ წესრიგს და უიმედო ახალგაზრდობას, რომელსაც მარტო უწევს საკუთარ თავზე ზრუნვა. ნანახზე რეფლექსია ისაა, რომ მსგავსი რეალობა უნდა გარდაიქმნას, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ძირეული სამუშოები გატარდეს და ა.შ. ანუ მაყურებელთან კომუნიკაცია დგება. ჩვენთან კი პროვოკაციული არტი ისევ ან რელიგიას უტევს ან ტრადიციას, ოღონდ არა ანალიტიკურ დისკურსში, რაც საჭირო და აუცილებელიცაა, არამედ ფუტურო ეპატაჟით, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ ლიბერალური ფლანგის მოსაწონად იქმნება.

 

1 2