ხომ გაგიგიათ, ადამიანის მუსიკალურ ფლეერში არსებული კომპოზიციები მისი პიროვნების შესახებ ბევრ რამეს გეტყვითო. ნაწილობრივ ასეცაა. მაგალითად ჩემი აიპოდის ამჟამინდელი „ფლეილისთი“ ცხადყოფს, ან იმდენად ზარმაცი ვარ, რომ მეზარება სიმღერების „აითუნსში“ გადაყრა, ანიმას, რომ დროის მენეჯმენტი ჩემი ძლიერი მხარე არაა. ხო, და კიდევ იმას, რომ ბენდი „ნეშენალი“ ძალიან მიყვარს.აქედან სამივე დებულება ვალიდურია. თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი ისაა თუ რა სიმღერებს ვუსმენთ მაშინ, როდესაც კონკრეტულ ემოციურ მდგომარეობაში საკუთარი თავის გამხნევება გვინდა. ასეთ დროს ყველაზე ხშირად პირადად მე, პოპ მუსიკას მივმართავ.

პოპ მუსიკა ყველასია, იმიტომ, რომ მისი ჟღერადობა მარტივად მისაღები, აღსაქმელი და დასამახსოვრებელია, კიდევ იმიტომ, რომ მასობრივი მოხმარების საგანია. ის არის საუკეთესო მეგობარი, როდესაც ადამიანური კომუნიკაციის რღვევა ხდება და საკუთარი თავის ამარა რჩები. გაბრაზებას, სიყვარულს, იმედგაცრუებას თუ ნებისმიერ სხვა განცდას პოპ მუსიკაში მრავალი ჰიმნი მოეძებნება, რომლის აღმოჩენაც ლამის დაკარგული მშობლის პოვნის ტოლფასი აქტია. არსებული ხელოვნების დარგებიდან მუსიკა საუკეთესო კომუნიკაციის ფორმაა, რომელსაც არ გააჩნია ენობრივი ბარიერი, მისი მოსმენისას ემოცია ტექსტის გარეშეც გამოიწვევა.

კინოშიც, სადაც პირდაპირ ხედავ მოქმედებას და აღიქვამ ისტორიას, ხშირად ყველაზე ძლიერად გრძნობით აპარატზე მოქმედებას მუსიკალური გაფორმება ახდენს. მაგალითად რობერ ბრესონის „ჯიბის ქურდში“ სადაც რეჟისორი მაყურებელს მთავარი პერსონაჟის ფსიქიკასთან სინქრონიზაციას უწევს და მაქსიმალურად ახერხებს სხვისი ყოფის თანაზიარი გახადოს, უდიდესი ემოციური აფეთქება მაშინ ხდება, როდესაც ყოველგვარი მუსიკალური გაფორმების გარეშე ჩავლილი ისტორიის ბოლოს, მოულოდნელად მოცარტის მუსიკა შემოდის. მსგავსი აგრესიული მანევრით პერსონაჟებთან ერთად თავისუფლდება მაყურებელიც, იმიტომ, რომ რა ტიპის მოქმედებაც არ უნდა ეჩვენებინა ბრესონს, სიჩუმის თანხლებით კათარზისამდე ვერ მივიდოდა, დაგროვილ ემოციას დაცლა ჭირდება, ამისათვის საუკეთესო ჭურჭელი კი სწორედ მუსიკაა. და ამის მრავალი მაგალითი არსებობს კინემატოგრაფში, დაწყებული „მაგნოლიას“ საოცარი სცენით, როდესაც ყველა პერსონაჟი ერთბაშად იწყებს სიმღერას, დამთავრებული „ცივსისხლიანი ლუკით“, სადაც დედის გარდაცვალების ცნობას პოლ ნიუმენის პერსონაჟი სიმღერით უპირისპირდება. ტრაგიზმებისგან დასაცლელად ამაზე ოპტიმალური გამოსავალი ძალიან რთული მოსაძებნია.

პოპ მუსიკა ტექსტურად ძირითადად მხოლოდ ერთი ტიპის იმიჯებს აღწერს, რომანტიკულს და ნოსტალგიურს. მასში იშვიათად თუ შეგვხვდება პოლიტიკური განზომილება, რომელიც მოქმედებისკენ მიმართავს მსმენელს. ის იდეალური სარბენი ბილიკია, რომელიც დროებით გაგიყუჩებს არასასურველი რეალობისგან მიღებულ შეგრძნებებს და ამაღელვებელ, შემართებით სავსე პოზიციაში გადაგიყვანს. მუსიკა მოკლე მოქმედების ბომბია, რომლის ამოქმედებიდან მალევე თუ არ მოხდება სიმამაცის მოკრება და გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები, მისი შედეგი მხოლოდ შინაგან მდგომარეობად დარჩება.

კამერონ კროუს ფილმში, „თითქმის ცნობილნი“, დედასთან კონფლიქტის შემდეგ, ზოი დეშანელის პერსონაჟი საიმონის და გარფანკელის სიმღერით ცდილობს მისთვის არგუმენტის მოყვანას თუ რატომ უნდა წავიდეს სახლიდან. შემდეგ კი თავის პატარა ძმას ვინილების კოლექციას უტოვებს, რამაც მისი ლიბერაცია უნდა მოახდინოს. ზემოთხსენებულ სიმღერაში, რომელსაც „ამერიკა“ ჰქვია, პოლ საიმონი იმ შეპირებული მიწის საძებნელად მიეშურება, რომელსაც თავისუფლების ქვეყანა ჰქვია. თავის შეყვარებულისთვის, რომელიც მანქანაში გვერდით უზის, ის ვერ ახერხებს ეგზისტენციალური ტკივილის გამხელას, რადგან რეალური ემოციების გაზიარების ეშინია. გზაზე მიმავალი უამრავი მანქანის დანახვისას, საიმონი იაზრებს, რომ მარტო არ არის ცხოვრების საზრისის ძიებაში. სიმღერის დასაწყისში მისი მიზანი ამერიკის აღმოჩენაა, თუმცა ბოლოს ხვდება, რომ ის მარტო არ არის ცხოვრების ამ აზრობრივ არქეოლოგიაში.

თუმცა ამას მხოლოდ ტექსტის გააზრებისას ვხვდებით, მის გარეშე კი ლამაზი, მელანქოლური მელოდია გვრჩება, რომელსაც რადიკალურად განსხვავებული ემოციური რეზონანსი შეიძლება ახლდეს. რაღა შორს წავიდეთ და იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“ ამის საუკეთესო მაგალითია – ბავშვობაში მოსმენილი სიმღერა, რომელიც კონკრეტულ დროს, სივრცეს, კომუნიკაციებს და ადამიანებს უკავშირდება, მისი შინაარსობრივი გააზრების გარეშეც ყველაზე ღრმად პოვებს ცნობიერში გამოძახილს.

მუსიკას შეუძლია ყველაზე მეტად მიუახლოვდეს ჩვენ შინაგან განცდებს და მათი გაყუჩება შეძლოს. მასში თავსებობს ყველაფერი კვინტესენციური, რაც ცხოვრებაში გვხვდება. პოპ მუსიკაზე შეიძლება ითქვას, რომ ის გატეხილი გულების სონიკური გალერეაა, რომელიც მართალია მის გამთელებას ვერ ახერხებს, მაგრამ შესაძლებლობას აჩენს, რომ მისი ხელახლა გატეხვის გამბედაობა შეგვძინოს.